„არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ“

„არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ“

[გერა მამულაშვილი]

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჟურნალისტებმა ფოტორეპორტიორების მხარდასაჭერად აქცია - „არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ“ გამართეს.

თეთრი მაისურებით, რომელსაც ჰქონდა წარწერა „No Pictures“, No Democracy“, მედიაწარმომადგენლები ავლაბრის სასახლესთან გრძელ რიგში ჩადგნენ, ყურებზე ხელები აიფარეს და თვალები დახუჭეს.

საპროტესტო აქციაზე ამჯერად მხოლოდ სასტვენების ხმა ისმოდა. აქციაში თითქმის ყველა ბეჭდვითი ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„ალია ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. მისი თქმით, შესაძლებელი იქნება როგორც მედიის, ისე საზოგადოების წარმომადგენლებმა მოითხოვონ ან სამივე ფოტორეპორტიორის გათავისუფლება, ან ცალ-ცალკე მათგანის.

ტიკარაძის ინფორმაციითვე, ხელმოწერების შეგროვება დღეს თავად „ალია ჰოლდინგშიც“ გაგრძელდება და, საბოლოოდ, ის პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს გადაეგზავნება. მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართული აქცია ხელისუფლების ერთგვარი სარკეა და ჟურნალისტებს სურთ, მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი თავი დაანახონ, რადგან მათ არაფერი ესმით და ვერაფერს ხედავენ.

თავის მხრივ, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ჯონდი ბაღათურია და პეტრე მამრაძე მზად არიან, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოკორესპონდენტებს თავდებში დაუდგნენ.

ეს განცხადება მათ დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „კავკასიის ქალთა ქსელის“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“, სტუდია „რე“-სა და მედიაჰოლდინგ „ალიას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ფიქრობენ, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ბაღათურიას თქმით, „არსებობს სერიოზული ეჭვი იმისა, რომ მათ არა სამშობლოს, არამედ მმართველ გუნდს უღალატეს და ამისთვის ისჯებიან“.

როგორც მამრაძემ აღნიშნა, „მას, მთავრობის კანცელარიის აპარატის უფროსად 13-წლიანი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, იმის თქმა შეუძლია, რომ საქმე „შეთითხნილია“:

„ეს პირველივე წუთებიდან ცხადი იყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც 1930-იან წლებში ხდებოდა“.

ბაღათურიამ და მამრაძემ დაკავებული ფოტორეპორტიორებისთვის თავდებში დადგომისკენ კოლეგებსაც მოუწოდეს.

ამ გამოსვლის შემდეგ, დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებში ჩადგომის მზადყოფნა პარლამენტის კიდევ ერთმა დამოუკიდებლმა წევრმა, ცაგერის მაჟორიტარი კარლო კოპალიანმა გამოთქვა.

კოპალიანი დარწმუნებულია, რომ ფოტორეპორტიორები 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი კადრების გადაღებისა და გავრცელების გამო ისჯებიან:

„მე ამ ადამიანების უდანაშაულობის მჯერა. მჯერა ვერსიის, რომ ისინი 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციის ამსახველი კადრების გადაღებისთვის დააკავეს და ხელისუფლება ამ სასტიკი დარბევის აღბეჭდვას არ პატიობს“.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე („ალია ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინ დააკავა.

ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო. პირველი სასამართლო სხდომა პირველი სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.