მას ამერიკული ოცნების განხორციელებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან ნულიდან არ დაუწყია და თავისი 2,4 მილიარდი დოლარის მოქუჩებას გროშების გროვებით არ შედგომია. ფული და აწყობილი ბიზნესი სამნერ რედსტოუნმა მემკვიდრეობით მიიღო, რომლის უნარიანად გაძღოლაც შეძლო და მედიაბიზნესის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა.
მოედნიდან დარბაზებში
სამნერ რედსტოუნის მამას ბოსტონში ღამის კლუბების და კინოთეატრების საშუალო სიდიდის ქსელი ჰქონდა. მისი ბიზნესი განსაკუთრებით წარმატებით მას შემდეგ განვითარდა, რაც უფროსმა რედსტოუნმა აქცენტი აქვენტი Drive-in-ის ტიპის კინოთეატრებზე - ღია ცის ქვეშ მოწყობილი უზარმაზარი მოედნები, სადაც ამერიკელები კინოს თავიანთ ავტომობილებში მჯდომნი უცქერდნენ და კიდევ ხშირად იქვე ტყავის სავარძლებზე სიამტკბილობდნენ გააკეთა.
უფროსმა რედსტოუნმა სწორედ მიზანში მოარტყა. ამგვარი გართობა ომის შემდგომ ამერიკაში ერთობ პოპულარული იყო და დიდი შემოსავალიც მოჰქონდა. როგორც ჩანს, რედსტოუნებს სისხლში ჰქონდათ უნარი შეეგრძნოთ, თუ რას შეეძლო მიეზიდა მოსახლეობა იმ კონკრექულ მომენტში.
სანამ ბიზნესი სამნერ რედსტოუნის (დაიბადა 1924 წელს) ხელში გადავიდოდა, მან მშვენიერი განათლება მიიღო, კერძოდ, დაამთავრა ელიტარული სასწავლებლები - ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჰარვარდისავე სამართლის სამართლის სკოლა, რის შემდეგაც ვაშინგტონში იურისტად ექვსი წელი იმუშავა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა და იაპონელთა საიდუმლო კოდებს შიფრავდა.
1954 წელს უმცროსმა რედსტოუნმა იურიდიული კარიერა საბოლოოდ მიატოვა და მამის ადგილი დაიკავა. დაახლოებით 15 წლის შემდეგ პატარა კინოქსელი გიგანტურ კომპანია National Amusements-ად იქცა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1500-მდე კინოთეატრს აკონტროლებს და ამერიკის ათ უმსხვილეს კინოგამქირავებელს შორის შედის.
რედსტოუნის წარმატების მექანიზმი არცთუ ისე რთული გახლდათ. იგი შემოსავალს არა მარტო ახალი კინოდარბაზების შესაძენად იყენებდა, არამედ უმსხვილესი ჰოლივუდური კინოკომპანიების აქციებსაც აქტიურად ყიდულობდა. მის ხელში გაიარა კინობიზნესის ისეთი გრანდების ფასიანმა ქაღალდებდა, როგორებიცაა XX Century Fox, Columbia და Orion. თავად კინოსტუდიები მას ნაკლებად აინტერესებდა, რედსტოუნის მიზანი მათი აქციების ყიდვა-გაყიდვასაგან ხეირის ნახვა იყო.
თუმცა, ამ საბირჟო თამაშს კიდევ ერთი მნიშვნელობა ჰქონდა: კინოსტუდიებს, რომელთა აქციებსაც რედსტოუნი ფლობდა, National Amusements თავისი საკმაოდ მკაცრ პირობებს კარნახობდა. მრავალდარბაზიანი კინოთეატრების, რომელზეც თანამედროვე კინობიზნესია აწყობილი, პირველ შემქმნელს ამის უფლება მართლაც ჰქონდა.
დაუოკებელი მადა და აზარტი
მიუხედავად იმისა, რამ გიგანტურ კინოქსელს ფლობდა, კინოთეატრების მფლობელთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე იყო და საკმაოდ მობერებულიც გახლდათ, რედსტოუნი მაინც ვერ ისვენებდა. 1986 წელს მან თავისი კომპანიის მთელი აქტივები შეკრიბა, კრედიტიც აიღო და 3,7 მილიარდ დოლარად კაბელური ტელევიზიის ქსელი Viacom შეიძინა.
8 წლის შემდეგ რედსტოუნმა 10 მილიარდი დოლარი კომპანია Paramount შეიძინა, რომელიც ამავე დასახელების კინოსტუდიას, სატელევიზიო ქსელს და რამდენიმე თემატური ტიპის გასართობ პარკს აერთიანებს. გარდა ამისა, გაცილებით იაფად ხელში ჩაიგდო გამომცემლობა Simon & Schuster და ვიდეოკომპანია Blockbuster.
ყველა ახალი გარიგების შემდეგ რედსტოუნი აცხადებდა, რომ უკანასკნელ შენაძენს აკეთებდა, რომ უკვე ძალიან ბებერი იყო და მოსვენება ეწადა. მაგრამ იგი ძალზე აზარტული კაცი გახლდათ. იმდენად, რომ თავს ვერ იკავებდა და ხშირად თავისი არცთუ ლოგიკური შენაძენის ხელიდან გაშვება ენანებოდა.
თუმცა, ამგვარი რამ იშვიათად ხდებოდა და რედსტოუნს ალღო ძირითადად უმართლებდა. დღეს Viacom-ის ფასი ორჯერ მეტია, ვიდრე მაგნატის მიერ მისი შეძენისას. მის შემადგენლობაში შედის 16 ტელეკომპანია, მათ შორის პირველი 24 საათიანი მუსიკალური არხი MTV, რომელიც მთელს მსოფლიოშია პოპულარული, განთქმული საბავშვო არხი Nickelodeon, რადიოქსელი UPN და ა.შ.
რედსტოუნის არაკეთილისმყოფელები ხშირად აღნიშნავენ, რომ მედიამაგნატი შენაძენს ხშირად დაუფიქრებლად აკეთებდა. მაგრამ თუ მის საქციელს გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ რედსტოუნმა უამრავი შთანთქმითა და შერწყმით შეგნებულად შექმნა უდიდესი მედია-იმპერია, რომელიც მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნილდებას აკმაყოფილებს.
აკვნიდან კუბომდე
აღსანიშნავია, რომ რედსტოუნი მიღწეულით დაკმაყოფილებას კვლავ არ აპირებს. 86 წლის მოხუცი ძალ-ღონის ნაკლებობას არ უჩივის და კვლავინდებურად პირველობისაკენ ისწრაფვის. «ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მსოფლიოს უმსხვილესი მედია-კომპანია გავხდეთ, - ამბობს იგი, - ამ საქმეში გამარჯვებულს და დამარცხებულს, როგორც ყოველთვის, არა მიწოდების სისტემა, არა ე.წ. საინფორმაციო სუპერმაგისტრალი, არამედ ინფორმაციისა და გართობის მოპოვების, შექმნის, განვითარებისა და მთელს მსოფლიოში გაყიდვის უნარი გამოავლენს».
ასეა, რედსტოუნის აზრით მედია-ბაზრისათვის კომუნიკაციების სისტემასა და ტექნოლოგიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც იგი ინტერნეტს ნაკლებად აფასებს. მაგალითად, ქსელური განყოფილება MTV-Interactive მხოლოდ ხუთიოდე წლის წინ, ხოლო Nickelodeon-ის პროექტის ფარგლებში საბავშვო საიტი კიდევ უფრო გვიან გაიხსნა. რედსტოუნი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მას, რასაც Content-ს ეძახიან - თავად საინფორმაციო, ან გასართობ პროდუქტს, რომელსაც კლიენტი ადრე თუ გვიან გამოიყენებს.
შეიძლება რედსტოუნის იდეები ვინმეს ძველმოდურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნილებას სწრაფად და ეფექტურად აკმაყოფილებს, მას ფართო არჩევანს, გამოყენების სიმარტივეს, მაღალ ხარისხს და დაბალ ფასს სთავაზობს. მაგნატს სწამს, რომ მომხმარებლის მოთხოვნილება აკვნიდან კუბოს კარამდე უნდა დააკმაყოფილოს. ასეც იქცევა და ამიტომაც არის, რომ მისი მედია-იმპერია კვლავ იფურჩქნება.