ერდოღანის პირდაპირი მმართველობა საქართველოს განათლების სისტემაში

ერდოღანის პირდაპირი მმართველობა საქართველოს განათლების სისტემაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთი წლით ავტორიზაციის შეჩერების ფაქტმა, კიდევ ერთხელ გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

ანალიტიკოსების ნაწილი უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოში დაიხურა უკვე მესამე სასწავლო დაწესებულება, რომელიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცის ნაწილად მიიჩნევა და რომელიც თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების მიერ ტერორისტად და მტრად შერაცხული, ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის - ფეტულა გიულენის სახელთან ასოცირდება.

ამ ეჭვებს ის გარემოებაც აჩენს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ, გასულ წელს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული ქონების კონფისკაციის მიზნით „მაარიფის ფონდი" შექმნა. ამ სახელმწიფო ფონდის მმართველობაში გადავიდა გიულენის ქსელის სკოლები აფრიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოში.

მაშინ უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ფონდის სამიზნე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი IBSU და დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმი იქნებოდა. ამერიკის ხმის" სტატიაში ნათქვამია, რომ "2017 წლის 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა: ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს". იმავდროულად, გამოცემის ცნობით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეზე, ადემ ონალსა და რექტორ ილიას თურქეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული, ანკარა მათ გადაცემას ითხოვს.

ბათუმის შაჰინის სახელობის თურქულ სკოლა-ლიცეუმში სასწავლო პროცესი 2017 წლის 13 თებერვალს შეწყდა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა. ამავე წლის 31 აგვისტოს კი თბილისში, დემირელის სახელობის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება მოჰყვა. ეს ყველაფერი კი დროში, თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის 2016 წლის ივლისში გაკეთებული განცხადება დაემთხვა. თურქეთში 16 ივლისის ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების შეფასებისას კონსულმა თქვა, რომ ბათუმში მოქმედი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ტერორიზმს უწყობენ ხელს. მართალია, შემდეგ, ეს თარჯიმანის შეცდომას დაბრალდა, მაგრამ ფაქტი სადავო ფაქტად დარჩა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ საბჭოს პოზიცია არის უსაფუძვლო და უსამართლო შემდეგი მიზეზების გამო: პირველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უძრავი ქონება და სხვა აქტივები მრავალჯერ აღემატება 700 000 ლარს; მეორე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარამდე ამცირებს უნივერსიტეტის შემოსავალს (რაც მრავალფეროვან საგანმანათლებლო მიზნებს მოემსახურებოდა). ისმის კითხვა, ადეკვატურია თუ არა უნივერსიტეტისათვის შემოსავლის შეზღუდვა მაშინ, როცა, საბჭოს მოსაზრებით, უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა სწორედ მატერიალური არასტაბილურობაა?!

გარდა ამისა, ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით უნივერსიტეტის მატერიალური და ფინანსური რესურსები შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. გამოდის, რომ ავტორიზაციის საბჭო იგნორირებას უკეთებს და ეჭვქვეშ აყენებს თავისივე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების კვალიფიციურ შეფასებას.

ავტორიზაციის საბჭოს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება აფერხებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და საერთაშორისოდ ცნობადი უნივერსიტეტის განვითარებას, რომელსაც აქვს 23 წლიანი წარმატებული საგანამანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, თანამშრომლობს მსოფლიოს 60-ზე მეტ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 2000-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი, დასაქმებულია 400-მდე კვალიფიციური კადრი.

„სტუდენტების უფლებების დარღვევად მიმაჩნია ეს, როდესაც სტუდენტს უნდა ისწავლოს ზუსტად აქ, შემოხაზა ეს უნივერსიტეტი, რატომ უნდა დაირღვეს მისი უფლება და წავიდეს სხვა უნივერსიტეტში?

მიზეზიც, ჩემი აზრით, არ არის ისეთი დამაჯერებელი და არგუმენტირებული, რადგან ყადაღის პრობლემა შესაძლებელია ერთ დღეში მოიხსნას", - ამბობს შავი ზღვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი თამარ შიოშვილი.

უნივერსიტეტის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი დიანა მჭედლიშვილი ამბობს, რომ ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ უნივერსიტეტი ვერ მიიღებს პირველკურსელებს, თუმცა ის სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ შავი ზღვის უნივერსიტეტში, სწავლას გააგრძელებენ.

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის" ავტორიზაციის შეჩერებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

თამარ სანიკიძის განცხადებით, უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, დაკისრებულ ჯარიმას კი არ იხდიდა, შესაბამისად, ავტორიზაციის შეჩერების შესახებ იქნა გადაწყვეტილი მიღებული.

„მათ ჰქონდათ გასხვისების, მოლაპარაკების დამადასტურებელი წერილი, სადაც პოტენციური მყიდველი საუბრობს იმაზე, რომ ინსტიტუტის შესყიდვა შედგება, ამ შემთხვევაში ისინი შეისყიდიან არსებული დავალიანებების გამო. დავალიანებაში იგულისხმება გადასახადების გადაუხდელობის გამო ის სანქციები და ჯარიმები, რომელიც ამ ინსტიტუტს დაეკისრა, რომელიც შეუფერებელი თემაა სასწავლო დაწესებულებისთვის. ამ დავალიანების გამო სრულად მთელი აქტივის შენობა, უძრავ-მოძრავი ქონება, წილები არის დაყადაღებული, აქედან გამომდინარე, საბჭომ იმსჯელა და უნივერსიტეტისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კანონიერია,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„რეზონანსმა" თამარ სანიკიძესგან დაპირების მიუხედავად, სტატიის წერის პროცესში კომენტარი ვერ მიიღო. ვერ მივიღეთ სანიკიძის პოზიცია, რას ფიქრობს ის თურქეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მთავრობაზე და განათლების სისტემაზე შესაძლო ზეწოლის ეჭვებზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თურქეთის ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან ჩვენს განათლების სისტემაზე ზეწოლა აშკარა და ღიაა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ზეწოლას დაჰყვა და მის ყველა სურვილს უპირობოდ ასრულებს. მაისაია არ გამორიცხავს, რომ ეს თურქულ-რუსული გეგმა იყოს.

ამ ეჭვს კი ის გარემოებაც ამძაფრებს, რომ კომპანია, რომელსაც „შავი ზღვის" უნივერსიტეტის ყიდვა სურს, რუსულია. მაისაიას განცხადებით, მის უკან რუსი ოლიგარქები დგანან და ეს პუტინი-ერდოღანის თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. მისი აზრით, ამის საცდელ მაგალითად მათ საქართველო აირჩიეს.

„ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა, რომ უნივერსიტეტი ვალის გადახდაზე თანახმა იყოს და ამ ვალს არ ახდევინებდნენ. მართალია ავტორიზაცია მისცეს, მაგრამ უნივერსიტეტი ამ წელს სტუდენტებს ვერ მიიღებს. ეს არის გეოპოლიტიკუი თამაშები და სამწუხაროა, რომ ეს ახალი პრემიერის ბახტაძის მოსვლას დაემთხვა.

"პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გაცოცხლდა ეს საკითხი მისი დანიშვნის შემდეგ. არ მინდა ვიფიქრო, რომ ბახტაძე თურქეთის და რუსეთის ერთობლივ დაკვეთას ასრულებს. ეს არის გეოპოლიტიკური ზეწოლა. თუ ამაში საერთაშორისო თანმეგობრობა ჩაერია, ჩვენს ქვეყანას სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"თუ ღირსეული ქვეყანა ვართ, ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ და ასე თავის ჩაღუნვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, რომ თურქეთს ჩვენს წინააღმდეგ ბევრი ბერკეტის გამოყენება შეუძლია. ამის ნათელი მაგალითი კი ის ფაქტია, როცა ქართველ მძღოლებს თურქეთში შესვლა აუკრძალეს. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქ მუშაობს. თურქეთს ასევე ჰყავს საკმაოდ საშიში სპეცსამსახურები, რომლებსაც ადამიანების გადატებაც სულ თავისუფლად შეუძლია. ვიცით, რომ უნივერისტეტის საბჭოს ორი წევრის გადაცემას უკვე დიდი ხანია ითხოვენ",-აცხადებს მაისაია.

მისივე თქმით, თუ თურქეთის ყველა მოთხოვნას საქართველო ასე ბრმად დაჰყვება, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანამ დასავლური კურსი უნდა შეაჩეროს და ე.წ. აღმოსავლური კურსი უნდა ავიღოთ, რუსეთს და თურქეთს უნდა შევეკრათ. მაისაია ამბობს, რომ მაშინ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ანალიტიკოსის განცხადებით, თურქეთი ამერიკასაც და ევროკავშირსაც დაუპირისპირდა, შესაბამისად ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ვის მხარეს ვართ.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ქცევა საკმაო ეჭვებს აჩენს, რომ ის შესაძლოა კონკრეტულ დავალებას ასრულებდეს. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ უნივერსიტეტის მიმართ ჯერ სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს და მას ავტორიზაციას ერთი წლით უუქმებენ და სტუდენტების აყვანას უფლებას არ აძლევენ.

„ეს არის პირველ რიგში სასამართლოს უპატივცემლობაა, როდესაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და განათლების სამინისტრო თავის ჭკუაზე მოქმედებს. ასევე, დაუსაბუთებელი მიზეზი, რის გამოც უნივერსიტეტს ერთი წლით ავტორიზაციას უუქმებენ. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის ვალს გადაიხდის, მაგრამ ჯერ სასამრთლოს გადაწყვეტილებას ელოდება. არა ამათმა ზუსტად იციან, რომ სასამართლო მათ მხარეს დაიკავებს.

"ეს აბსურდის თეატრის თამაში ხომ უკვე ნანახი გვქვს, როდესაც დემირელის და შაჰინის კოლეჯებს ავტორიზაცია შეუჩერეს. რა თქმა უნდა, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ სამივე სასწავლებლის წინააღმდეგ იბრძვის ვიღაც სხვა და საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ამის კარგი შემსრულებელია. ეს არ არის უნივერსიტეტის და განათლების სამინისტროს დაპირისპირება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".