საქართველო დიდი წნეხის ქვეშ - “რუსები აპირებენ გაიმეორონ 2008 წლის მოდელი, მათ სურთ ირანთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება”

საქართველო დიდი წნეხის ქვეშ - “რუსები აპირებენ გაიმეორონ 2008 წლის მოდელი, მათ სურთ ირანთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა სირიის არაბული რესპუბლიკის რეგიონებში განსახორციელებელი სამხედრო ოპერაციების მომზადების ბოლო ფაზაშია. პრეზიდენტის თქმით, სამხედრო ოპერაციების მთავარი მიზანი რეგიონებში სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უთიერთობებზე, ეკონომიკურ სანქციებსა და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე "რეზონანსი" ესაუბრა სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ თურქეთის მზადებას სირიის სხვადასხვა რეგიონებში ახალი სამხედრო ოპერაციებისთვის?

ვახტანგ მაისაია: ქურთული დემოკრატიული ძალების ფორმირებები, ქურთი კოლონისტები და ქურთების მუშათა პარტიის წარმომადგენლები ებრძვიან თურქეთს და ითხოვენ მის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ქურთული სახელწიფოს შექმნას.

ამ დაჯგუფებებს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, ფაქტობრივად, აძლევენ მათ იარაღს, სამხედრო ინსტრუქტორებს და ახლა ერდოღანმა გადაწყვიტა, რომ დაასრულოს ეს. ადრე თურქეთის პრეზიდენტი ცდილობდა, რომ ამერიკასთან ერთად, შეთანხმებით ერთობლივი პატრულირება და ოპერაციები განეხორციელებინათ, რათა არ შებღალულიყო არცერთი ქვეყნის ინტერესები.

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკასა და თურქეთს შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები, ამერიკელებმა შემოღეს თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, რამაც პირდაპირ დაარტყა თურქულ ლირას.

თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთდროულად შემოიღო უმძიმესი სანქციები, რომელიც შეეხო იმ სფეროებს, რომელიც ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის,

გარდა ამისა, ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ის, რომ მოხდა როგორც ირანული რიალის, ასევ რუსული რუბლისა და თურქული ლირას ერთდროული დევალვაცია.

ამან ერთგავარი "შავი პარასკევის" ეფექტი გამოიწვია ამ ქვეყნების ვალუტებისთვის. ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა თურქეთისა და რუსეთის ვალუტის წინააღმდეგ, რამაც ჩვენზეც იქონია გავლენა - იმავე დღეს ქართული ეროვნული ლარიც გაუფასურდა დაახლოებით 8 პუნქტით, რაც საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია,

"რ": რამდენად შესაძლებელია, რომ თურქეთის პოზიციის შეცვლამ (რუსეთთან დაახლოებამ) გამოიწვიოს გარკვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები რეგიონში?

ვ.მ: ერდოღანი, ფაქტობრივად, გადავიდა პირდაპირ შეტევაზე, მან თქვა, რომ ამერიკა აღარ არის თურქეთის მოკავშირე და თურქეთი გადავა და ეროვნული ვალუტით ივაჭრებს რუსეთთან და ჩინეთთან. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთმა ბოლო დროს გამოხატა პირდაპირი ინტერესები სირიაში.

ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო დელეგაციების შეხვედრისას პეკინში, მათ მიაღწიეს იმას, რომ ჩინეთიც აქტიურად ჩაერთვება სირიის საკითხში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ირანულ, რუსულ და უკვე თურქულ ალიანსს.

დღეს ერდოღანმა გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ის იწყებს საკუთარ სამხედრო კამპანიას სირიაში, რაც შეთანხმებული იქნება რუსეთთან და ირანთან. შესაბამისად, ამერიკის პოზიციები იქნება უმძიმესი სირიასა და, შესაძლოა, აღმოსავლეთშიც კი.

როგორც ჩანს, სამი ქვეყანა შეეცდება ამერიკელებს მაქსიმალურად დაარტყას შტატების გეოპოლიტიკურ ინტერესებს და ეცდებიან, რომ ამერიკელების ინტერესები მინიმალურ დონეზე დაიყვანონ.

მიმაჩნია, რომ, სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია, რადგან დღეს რუსეთი, თურქეთი და ირანი აკონტროლებენ სირიაში არსებულ სიტუაციას და იქ საკმაოდ ძლიერი პოზიციები გააჩნიათ ამერიკელებისგან განსხვავებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 13 აგვისტოს ტრაპიზონში სიტყვით გამოვიდა ერდოღანი და გააკეთა განცხადება, რომლითაც, ფაქტობრივად, დააშანტაჟა ამერიკა, რადგან აღნიშნა, რომ მათ უნდათ ნატოს წევრობის გაცვლა პასტორ ბრანსონზე, რომელიც თურქებმა დააკავეს.

ერდოღანმა დააშანტაჟა ტრამპი ნატოდან გასვლის საბუთებით. ასევე, მან მიმართა ჩინეთს, რათა მათთან დაამყაროს პირდაპირი სტრატეგიული ურთიერთობები. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო ვალი გაიზარდა 60 მლრდ დოლარამდე და ტრამპმა კი, ამავდროულად, შემოიღო თურქეთისთვის ძალიან მძიმე სანქციები, მან დაარტყა თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვან სამრეწველო წყაროს.

"რ": თქვენი აზრით, რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე თურქეთში არსებულ სიტუაციას და ქვეყნის მიერ პოზიციების ცვლილებას?

ვ.მ: საქართველო, გარკვეულწილად, მოხვდა ერთგვარი წნეხის ქვეშ, რადგან ამერიკამ გამოუცხადა სანქციები რუსეთსა და თურქეთს ერთდროულად. დღეს რუსეთი ჩვენ არა მარტო გვემუქრება, არამედ სამხედრო რისკებზე მიგვითითებს - ის წვრთნები, რომლებიც ფედერაციამ ჩაატარა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში, მიგვითითებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, რუსები აპირებენ გაიმეორონ 2008 წლის აგვისტოს კამპანიის ერთგავრი მოდელი იმიტომ, რომ მათ უნდათ ირანთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება.

2008 წლის სამხედრო კამპანიისგან განსხვავებით, სადაც თურქეთმა და სომხეთმა დაიკავეს ნეიტრალიტეტი და ამან ერთგავრად გაანელა რუსეთის აგრესიული ქმედებები, დღეს სამწუხაროდ, სიტუაცია რადიკალურადაა განსხვავებული - თუ რუსეთმა განაახლა სამხედრო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თურქეთი და ირანი ჩუმად მიესალმებიან ამ ნაბიჯს.

ჩვენ ვართ მძევლები იმ ურთიერთობების, რომელიც დღესაა ჩამოყალიბებული ამერიკა-თურქეთისა და რუსეთ-თურქეთის კავშირის დონეზე.