საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისფლებისაკენ ხელისუფლებას „ევროპული საქართველო" მიუწოდებს. მერაბიშვილის შეწყალების უფლება კი, კონსტიტუციურად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს და მისი გამოშვება-არგამოშვების საკითხი, სწორედ, მასზეა დამოკიდებული.
სამართლებრივად რამდენად არის შესაძლებელი, მოხდეს ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება და ამ შემთხვევაში, რა პროცესის გავლა იქნება საჭირო, ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ავთანდილ კახნიაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, დამნაშავე საკადრისად უნდა იქნეს დასჯილი და არა მცირე სანქციებით, რომელსაც ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა და დღევანდელი ხელისულფების მხრიდან კანონი დაირღვა.
„ყველა ქვეყანას თავისი კანონი გააჩნია. არცერთი წინა რეჟიმის დამნაშავე საკადრისად დასჯილი არ არის. მცირე სანქციები გაატარეს; ადგილი ჰქონდა მკვლელობებს, ქონების ჩამორთევას, კონსტიტუციის ხელყოფას. არის დანაშაულები, რომელიც, სამწუხაროდ, მიჩუმათებულია და რამდენიმე პიროვნებას მინიმალური სასჯელი აქვს დაკისრებული.
„არ მიკვირს, რომ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები ითხოვენ ამას და მათი მხრიდან, ლოგიკურია, მაგრამ რამდენად ჯდება კანონში, ეს სხვა მსჯელობის საკითხია. ის, რაც მოხდა სასამართლოში, ეს გაკეთებული იყო, მერაბიშვილის სასარგებლოდ; დღევანდელმა ხელისუფლებამ კონსტიტუციურად უპრეცენდენტო დარღვევები ჩაიდინა, მისცა საშუალება იმისა, რომ თავი ემართლებინათ," - აღნიშნა მან.
კახნიაშვილის განცხადებით, სასამართლოს იმ დროს მომხდარი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირები უნდა დაესაჯა და მათთვის მკაცრი სანქციები დაეკისრებინათ.
„სასამართლოში ის კარგ პირობებშია და საკადრისი პასუხიც კი არ მოსთხოვეს; მისთვის ვინმეს არც ქონება ჩამოურთმევია და არც ის სასჯელი დაკისრებია, რასაც რეალურად იმსახურებს. დღევანდელმა ხელისუფლებამ მერაბიშვილი, რომც გაათავისუფლოს, არ გამიკვირდება. დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი და სასჯელიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო, მათ შორის ქონების კონფისკაცია," - განაცხადა ავთანდილ კახნიაშვილმა.
იურისტი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ კონსტიტუციურად მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება და მის პრივილეგიას წარმოადგენს, შეიწყალებს თუ არა მერაბიშვილს.
„პერსონალურად, პრეზიდენტს აქვს მინიჭებული კონსტიტუციით უფლება შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული პირი, რომლის მიმართაც კანონში განაჩენია შესული. როგორ იმოქმედებს ბატონი პრეზიდენტი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. ვერავინ ჩაერევა, რადგან ეს არის პირადად პრეზიდენტის მისაღები გადაწყვეტილება.
„ვერც ის გამოდგება სამართლებრივ საბუთად, რომ აზებაიჯანმა შეიწყალა მამედოვი და მარგველაშვილმაც უნდა შეიწყალოს მარგველაშვილი, - ეს სამართლებრივი ლოგიკა არ არის. ყველა ქვეყნის პრეიზდენტი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს; მარგველაშვილი არ ჰკითხავს ალიევს და არც ალიევი ჰკითხავს მარგველაშვილს," - განაცხადა ქეთი ბექაურმა.