მმართველ პარტიაში ყოყმანი დაიწყეს და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ყველა დამოუკიდებელი კანდიდატის დარეგისტრირებას ელოდებიან
დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომის მე-10 წლისთავზე გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებამ "ქართული ოცნების" შიგნით, დეპუტატებს შორის, კრიტიკული განწყობა გააჩინა. სავარაუდოდ, "ოცნებამ" ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გადაიფიქრა.
"რეზონანსთან" მმართველი გუნდის დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამდეც პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა იყო და ზურაბიშვილის პერსონის მიმართ გუნდში ერთიანი პოზიცია არ ჰქონდათ, თუმცა, მის მიერ ომზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ზურაბიშვილის მოწინააღმდეგე დეპუტატების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
"ოცნებაში" მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაელოდონ ყველა დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელებას და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელონ, თუ რომელ მათგანს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მათივე თქმით, არ არის გამორიცხული, სახელისუფლო პარტია ამ არჩევნებს საერთოდ გამოეთიშოს.
მმართველ გუნდში ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო, სრულიად ემიჯნებიან და ამბობენ, რომ მათთვის ეს განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო. დეპუტატების თქმით, პირველივე განცხადება, რომელიც ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში გააკეთა, არასწორი და ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.
მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიას მტკიცედ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი არ ჰყავდეს. ქუცნაშვილი ამბობს, რომ პარტიამ გადაწყვიტა, დაელოდოს სრულად ყველა დამოუკიდებელი კანდიდატის დასახელებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, ვის დაუჭერს მხარს.
ქუცნაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების განცხადებებისა და პოზიციების მიხედვით გადაწყვეტენ, რომელი უფრო ახლოს იქნება მათ ხედვებთან. თუ აღმოჩნდა, რომ არც ერთი მათგანი პარტიის პოზიციებს არ ემთხევევა, მაშინ ისინი ამ არჩევნებში საერთოდ არ ჩაერთვებიან.
"საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებ და ამაზე ცალსახად ჩვენს საზოგადოებაში ყველა ვთანხმდებით. შესაბამისად, ეს აზრი საფუძველშივე მცდარია. უბრალოდ, სააკაშვილმა დაუშვა შეცდომები და ეს ორი რამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.
"საბოლოო გადაწყვეტილება ზურაბიშვილთან ან რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში არ არის მიღებული, თუმცა გეტყვით, რომ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი სანამ იტყოდა, რომ შესაძლოა, ის ყოფილიყო ერთ-ერთი კანდიდატი, ვისაც მხარს დაუჭერდა, პარტიაში ერთსულოვნება არ იყო. გუნდში ამ პიროვნების მიმართ აზრი ორად იყო გაყოფილი, ხოლო ომზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ბუნებრივია, გუნდის შიგნით განწყობების პოლარიზაცია მოხდა", - აცხადებს ქუცნაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი მამუკა მდინარაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, მხარი რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭიროს. მისი თქმით, გუნდი არ აპირებს, ჯერ რომელიმე კანდიდატს ღია მხადაჭერა გამოუცხადოს.
მდინარაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილზე პარტიაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დეპუტატი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის ვადა, რათა ყველა დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდეს, ამიტომ პოზიციის დაფიქსირებას არ იჩქარებენ.
"ჩვენ ისეთ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ვინც საზოგადოებასა და სახელმწიფოში სწორ აღქმას გააჩენს, თუ რა როლი ეკისრება პრეზიდენტს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ თუ არა მხარს, პირდაპირ გეტყვით, რომ გუნდი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
"გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი კანდიდატურის მიმართ პოზიცია დააფიქსირა, რა თქმა უნდა, მას, როგორც ლიდერს, შეუძლია, პირდაპირ დაასახელოს და გამოხატოს სიმპათია, თუმცა მე გეუბნებით გუნდის გადაწყვეტილებას, რომ ჯერჯერობით არ გავახმოვანებთ, მხარს ვის შეიძლება ვუჭერდეთ, რადგანაც, როგორც აღვნიშნე, ჩამოყალიბებული არ ვართ.
"რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას ომზე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. ომი რუსეთმა დაიწყო, ის არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი და აგრესორი და საქართველოს ოკუპაციას კვლავ აგრძელებს", - აცხადებს მდინარაძე.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი რომან კაკულია "რეზონანსთან" ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მხადაჭერაზე უარის თქმა მხოლოდ ერთი განცხადების გამო არ შეიძლება და მას შანსი კიდევ უნდა მიეცეს. თუმცა, კაკულია გაკვირვებულია და ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.
ის ასევე ადასტურებს, რომ გუნდი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მხარი რომელ კანდიდატს დაუჭიროს. ის არც იმას უარყოფს, რომ მმართველ გუნდში ზურაბიშვილის მიერ ომზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მისი კანდიდატურის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა.
"ალბათ, მოგვიწევს, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები სხვა არანაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზეც გავიგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ, დავუჭიროთ თუ არა მას მხარი. მე პირადად ასე ვფიქრობ და მგონია, რომ მის კანიდატურაზე მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდები.
"პირადად გამიკვირდა მის მიერ ომზე გაკეთებული განცხადება. როდესაც ჯერ სხვა არაფრის თქმა არ მოგისწრია და პირველივე წამგებიანია, სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, გამართლებული არ არის.
"ამ ქალბატონისგან უფრო მეტ წინდახედულობას ველოდი. სიმართლე გითხრათ, მე პირადად ძალიან გამიკვირდა. შეიძლება ითქვას, რომ გუნდი სხვა დამოუკიდებელ კანდიდატებსაც დააკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, მხარი ვის და რატომ დაუჭიროს", - აცხადებს კაკულია "რეზონანსთან".