სასკოლო ეტაპი ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა. ყურადღების დეფიციტისა და ჰიეპრაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვისთვის სკოლა გამოწვევაა, რომელსაც წარმატებით გაართმევს თავს მხოლოდ მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში.
edu.aris.ge -ი ავრცელებს, ფსიქოლოგ მარი არევაძის რეკომენდაციას, როგორ უნდა დაეხმარონ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეს სკოლასთან შეგუებაში.
ფსიქოლოგის შეფასებით, პირველკლასელ მოსწავლეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით ახასიათებს მოუსვენრობა. კერძოდ, დაუკითხავად დგება და დადის საკლასო ოთახში, იმპულსურია, ვერ ითმენს კითხვის დასრულებამდე, პასუხობს კითხვებს რომელიც მისთვის არ დაუსვამთ, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, დავალების დასრულება, ხშირად დაკავებულია საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებული აქტივობით: ხატავს, აფერადებს, ჯღაბნის და ა.შ.
"ასეთ ბავშვს მიეცით ბავშვს კლასში გადაადგილების საშუალება, თუმცა გააკონტროლეთ მისი ქცევა თქვენი წესებით.მაგალითად :„შეგიძლია ადგე მას შემდეგ,რაც მიიღებ ნებართვას“, „შეგიძლია ადგე მას შემდეგ, რაც დაასრულებ ამ დავალებას“, „ შეგიძლია ადგე მხოლოდ გაკვეთილის ბოლო 5 წუთის განმავლობაში“ და ა.შ.
„ შეგიძლია ადგე და დამეხმარო საშინაო დავალების რვეულების დარიგებაში“, „შეგიძლია ადგე და დამეხმარო დაფის გაწმენდაში“ და ა.შ."- განმარტავს ფსიქოლოგი.
ფსიქოლოგის თქმით, ეს რეკომენდაციები არ ეხება მხოლოდ საკლასო გარემოს. ხშირად ანალოგიური სიტუაციაა ხოლმე სახლში. მშობელს სურს დაეხმაროს მოსწავლეს გაკვეთილების მომზადებაში, თუმცა ბავშვი გამუდმებით წინ და უკან დადის და ვერ ახერხებს ერთ ადგილზე გაჩერებას. შედეგად მშობელი ბრაზდება და კარგავს ბავშვთან ერთად მუშაობის მოტივაციას.
ბავშვს აქვს გამუდმებით მოძრაობის მოთხოვნილება, ის ვერ აკონტროლებს ამას. მან თქვენთან ერთად უნდა ისწავლოს ამ მოთხოვნილებისა და იმპულსების გაკონტროლება. გახსოვდეთ, რომ მან ეტაპობრივად უნდა გამოიმუშავოს გაკვეთილზე ხანგრძლივად ჯდომის ჩვევა. ამას დრო დასჭირდება. იყავით მომთმენები და აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.
„დასვით ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლე პირველ, ან მეორე მერხზე თანაკლასელი - დამხმარე!
სასურველია თუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე მოსწავლეს გვერდით მჯდომი თანაკლასელი შეახსენებს მას: დავალების ბოლომდე მიყვანას, დავალების ჩაწერას, მისცემს მითითებებს რაც დააბრუნებს ბავშვს საგაკვეთილო პროცესში.
ცნობილი ფაქტია, რომ ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვები საკუთარი ქცევის დასაგეგმად/ყურადღების შესანარჩუნებლად გარედან მიღებულ მითითებებს საჭიროებენ. კერძოდ, „დაასრულე დავალება ბოლომდე“ ; „ამ მაგალითის შემდეგ ეს მაგალითი გამოიყვანე“ და ა.შ.
დროთა განმავლობაში ბავშვი სწავლობს საკუთარი ქცევის გაკონტროლებას გარედან მიღებული მითითებების გარეშე. თუმცა საწყის ეტაპზე, გარემოს დახმარება აუცილებელია.
დაყავით დავალება პატარა მონაკვეთებად. ყოველი მონაკვეთის დამოუკიდებლად დასრულების შემდეგ კი დააჯილდოვეთ ბავშვი. დავალების პატარა მონაკვეთად დაყოფა დაეხმარება ბავშვს დამოუკიდებლად მეცადინეობის ჩვევის გამომუშავებაში.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვს ძალიან უჭირს მოთმენა, იმპულსის შეკავება. სწორე ამიტომაც რეკომენდებულია მისი დაჯილდოება წარმატებისთანავე. დაპირებული ჯილდო მისთვის ძალიან შორეულად გამოიყურება, არ შეუძლია სურვილის გადავადება და ფიქრობს, რომ ჯილდოს დაპირდნენ და არ დააჯილდოეს"-წერია ფსიქოლოგის რეკომენდაციაში.