თანასწორობის და შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებაზე მსჯელობის დაწყებას გამართლებულად მიიჩნევს. ასე გამოეხმაურა იგი ამ თემაზე სოხუმის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თბილისთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს - ამის შესახებ მან რუსულ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მატარებლები აუცილებლად დაიწყებენ მოძრაობას. უნდა ეს საქართველოს თუ არა, მაგრამ რკინიგზამ მუშაობა უნდა დაიწყოს. თანამედროვე ვითარება მოითხოვს, რომ ჩვენ ეკონომიკის სფეროში აქტიურად ვითანამშრომლოთ კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან. მაგრამ საქართველოს ეკონომიკური საკითხი პოლიტიკურში გადაჰყავს.
„რკინიგზის გამოყენება რესპუბლიკისათვის დამატებითი მხარდაჭერა იქნებოდა. მაგრამ თბილისს აფხაზეთის გაძლიერება არ სურს, მათ შორის არც ეკონომიკური გაძლიერებაც“, - აცხადებს რაულ ხაჯიმბა.
პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ინტერესი ყველა მხრიდან უნდა იყოს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ამ თემაზე საუბარი ჩვენი მხრიდან შეწყდა და იგი განახლებას საჭიროებს.
„ინტერესი უნდა იყოს ყველა მხრიდან; საქართველოში არის განცდა, რომ პოლიტიკურად არ გვაწყობს ეს საკითხი და ამიტომ, ამაზე მსჯელობა არ მიდის. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მსჯელობა მიდიოდა, კომისიაც არსებობდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ამაზე ლაპარაკი შეწყდა.
„ნებისმიერი ეკონომიკური თეორიიდან გამომდინარე, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტი არსებობს ტერიტორიაზე, ის უფრო მეტად წარმატებულია. აფხაზეთში სიტუაციას ეკონომიკურად რუსეთი მართავს. აფხაზებს არ უნდათ იყვნენ დამოკიდებული, მათ სურთ მეტი ალტერნატივა შეუქმნან თავიანთ არსებობას და ამიტომაც მათი წინადადება გასაგებია,“ - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მისი განცხადებით, რიკინიგზის მოძრაობის შესახებ, აფხაზური მხარის ჩარევის გარეშე, შესაძლებელია რუსეთთან ხელშეკრულების დადება და ამისათვის საჭიროა რუსეთთან დიალოგი.
„ჩვენ შეიძლება ყოველგვარი აფხაზური მხარის გარეშე, პირდაპირ რუსეთთან დავდოთ ხელშეკრულება და საქართველოს პროექტით რკინიგზის მოძრაობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით განხორციელდება.
„თუ რუსეთი აფხაზურ მხარეს შემოიყვანს, ჩვენ უარს ვიტყვით და როგორც დღემდე ვიყავით მხიარულები, ისეთი მხიარულები დავრჩებით მომავალშიც, მაგრამ თუკი ჩვენ ჩავთვლით სწორად და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ, რუსეთს დაველაპარაკებით ისე, როგორც დაველაპარაკეთ საბაჟო პუნქტების არსებობაზე, სადაც აფხაზები ნახსენები არ არის, თუმცა აფხაზების ტერიტორიის გავლაზეა ლაპარაკი, ვეტყვით, რომ იყო მხოლოდ ეკონომიკური პროექტია და არაფერი საერთო აფხაზურ მხარეს არ უნდა ჰქონდეს. შეიძლება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.