კერძო საგადასახადო ინსპექტორები რეგიონებშიც დათარეშობენ

კერძო საგადასახადო ინსპექტორები რეგიონებშიც დათარეშობენ

[ეკა ბაქრაძე]

თბილისში მაღაზიებს მერამდენე წრეზე აჯარიმებენ, თვლაც კი ძნელია. ახლა „წრიული დაჯარიმების“ პროცესმა რეგიონებში გადაინაცვლა. ამისათვის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო შემოსავლების სამსახური კერძო ინსპექტორებს იყენებს.

მცირე მეწარმეებს, ძირითადად კი, სავაჭრო ობიექტებს რეგიონებშიც ცუდი დრო უდგათ. შემოსავლების სამსახური კერძო საგადასახადო ინსპექტორების მეშვეობით მოქმედებს. როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სავაჭრო დაწესებულებებში საგადასახადოს კერძო აგენტები დაძრწიან, აწარმოებენ საკონტროლო შესყიდვებს და თუ ვინმე გამოიჭირეს, მაშინველ 500-ლარიან ჯარიმას უწერენ.

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები თუ მათ მიერ დაქირავებული ადამიანები კალიებივით მოედვნენ სავაჭრო ობიექტებს. მაღაზიების მეპატრონეებისა და გამყიდველების განცხადებით, დღეში რამდენიმეც კი შედის და ისინი ცდილობენ წვრილმანი პროდუქტი იყიდონ (1 ცალი ასანთი, 1 ცალი საღეჭი რეზინი, 1 ცალი კვერცხი), რათა როგორმე გადასახადის გადამხდელი 500-ლარიან ჯარიმაზე ჩაიჭირონ.

მაღაზიების მეპატრონეების განცხადებით, მათ მახეში ბევრი გამყიდველი გაება. მაგალითაც, როდესაც ბევრი ხალხია 1 ცალი საღეჭი რეზინი ისე მისცეს „სანდომიანი სახის“ მყიდველს, რომ ჩეკი არ „ამოურტყეს“, გახარებული ინსპექტორი 500-ლარიან ჯარიმას დაუყოვნებელივ წერს, ვინაიდან იქიდან 100 ლარი მას ეკუთვნის.  იგი დღეში რამდენ 500 ლარზეც გამოიჭერს გამყიდველს, იმდენ 100 ლარს მიიღებს.

ეს თბილისში კარგად აპრობირებული მეთოდია. დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე ასეული ე.წ. კერძო საგადასახადო ინსპექტორი დაძრწის და შიშის ზარს სცემენ მაღაზიების მეპატრონეებს.

თუმცა, საგადასახადოს თანამშრომლების სამიზნე მარტო თბილისის სავაჭრო ცენტრები არ არის, ისინი რეგიონებსაც კალიებივით მოედვნენ. „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძის თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით გააიოლა ბიზნესის კეთება საქართველოში, რეალურად საპირისპირო ხდება.

„ქუთაისის შემოსავლების სამსახურში შექმნილია სპეციალური 3-კაციანი ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე, ახდენენ საკონტროლო შესყიდვებს და რაც მთავარია მათ შემოწმების ოქმები წინასწარ აქვთ შედგენილი, გეგმა გაწერილი თუ რამდენი სავაჭრო ობიექტი დააჯარიმონ 500-500 ლარით.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ისედაც გაუბედურებული, გაღატაკებული და ღრმა კრიზისში მყოფი ბიზნესის დაყაჩაღება და მისცენ მათ ნორმალური მუშაობის საშუალება, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ შევიწროვებულმა ბიზნესმენებმა მოგვმართონ ჩვენ“, - აცხადებს წირაქაძე.

როგორც აღვნიშნეთ საგადასახადოს გააქტიურება სულ რაღაც 2 თვის წინ შექმნილ ახალ სტრუქტურას - კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტს უკავშირდება. ექსპერტები მაშინვე ამბობდნენ, რომ კერძო ინსპექტორები სწორედ გადასახადის გადამხდელის „გამოჭერაზე“ იქნებოდნენ ორიენტირებულნი. ოფიციალურად მათ ხელფასს შემოსავლების სამსახური არ უხდის, ინიციატივა ინსპექტორების თვითდაფინანსებას გულისხმობს, ანუ მათი ანაზღაურება დარღვევების აღმოჩენის ადეკვატურია. აქამდე მეწარმის შემოწმების უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტს ჰქონდა.