ფოტორეპორტიორები არაკონსტიტუციური მუხლით არიან დაკავებულნი

ფოტორეპორტიორები არაკონსტიტუციური მუხლით არიან დაკავებულნი

[თეონა ხარაბაძე]

იურისტები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის ის ნორმა, რომლითაც ფოტოკორესპონდენტები არიან დაკავებულნი, ანტიკონსტიტუციურია და მის გაუქმებას ითხოვენ. როგორც ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ამ ნორმის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავენ. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, დაკავებული ფოტორეპორტიორების გათავისუფლება უნდა მოხდეს. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ხელისუფლებას რა პოზიცია ექნება.

იურისტები არაკონსტიტუციურად „სისხლის სამართლის“ კოდექსის 314-ე მუხლს მიიჩნევენ. ეს მუხლი ითვალისწინებს სანქციებს ჯაშუშობისთვის და ორი ნაწილისგან შედგება.  

1. უცხო ქვეყნისათვის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. 

2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

იურისტები ამ მუხლს ანტიკონსტიტუციურად აქ არესებული ბუნდოვანი ცნებების გამო მიიჩნევენ. ამის შესახებ პირველი განცხადება ლაშა ტუღუშმა გააკეთა. მისი თქმით, ეს მუხლი არის ძალიან ბუნდოვანი და ხელისუფლებას შეუძლია, ამ მუხლით გაასამართლოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, ეს ორგანიზაცია მედიასაშუალებას წარმოადგენს, რაიმე სხვა ორგანიზაციას თუ მართლა სადაზვერვო სამსახურს.

„ინფორმაცია, რომელიც გადაეცა ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას, შეიძლება მიჩნეული იქნას ჯაშუშურ საქმიანობად. ეს ნიშნავს იმას, რომ მეცნიერი, რომელიც წერს ეკონომიკურ საკითხებზე, შეაგროვა ლეგალური მასალა და გამოუვიდა კრიტიკული პუბლიკაცია და მავანთა აზრით ეს პუბლიკაცია ქვეყნის ინტერესების საზიანოა, აღმოჩნდება ციხეში.

ამიტომ, ბევრი კითხვა ჩნდება ამ მუხლის ირგვლივ. კერძოდ, რას ნიშნავს ფორმულირება „სხვა ინფორმაცია“, რას ნიშნავს „საქართველოს ინტერესების საზიანოდ“ და ა.შ. ესაა ძალიან ზოგადი ნორმა, რომელიც შეიძლება ყველამ სათავისოდ გამოიყენოს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკვე ვიმკით ამის შედეგებს ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით. ამ ნორმის გამოსწორება აუცილებელია“, - მიიჩნევს ტუღუში.

ეს საკითხი განსაკუთრებით ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ გააქტიურდა, რადგან დღემდე გაუგებრად რჩება, რაში გამოიხატება მათი ჯაშუშობა. თავად ის ფაქტი, რომ ამ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. მაგრამ, ეს კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ამ მუხლს უკავშირდება. ამ შემთხვევაში საუბარია თავად იმ მექანიზმზე, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, დაიჭიროს ნებისმიერი პირი ჯაშუშობის ბრალდებით და ეს რის საფუძველზე მოხდა, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს.

სწორედ ამიტომ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონმდებლობაში არ უნდა არსებობდეს ანტიკონსტიტუციური ნორმა.

„სისხლის სამართალში დანაშაულია ის ქმედება, რაც თავისი არსით შეიძლება იყოს საზიანო საზოგადოებისთვის. ქმედება დანაშაულის ფორმალურ ნიშნებსაც რომ შეიცავდეს, თუ არ დადგება შედეგი საზოგადოების ან კერძო პირის ზიანის თვალსაზრისით, დანაშაულად ვერ ჩაითვლება. სისხლის სამართალი გამონაკლისად აღიარებს მხოლოდ ორ შემთხვევას, რომ არ არის აუცილებელი, დადგენს ზიანის შედეგი. ეს არის იარაღი და ნარკოტიკი. ჩვენი პოლიცია კი ამ ორ ინსტრუმენტს იყენებს ვინმეს გასაფუჭებლად.

რაც შეეხება ინფორმაციის გაცემას, თუ ამას ზიანის გამოწვევა არ შეუძლია, როგორ შეიძლება, დანაშაულად ჩაითვალოს? ამიტომაც უნდა განისაზღვროს, რა ინფორმაციაზეა საუბარი, თორემ ასე ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება შეიძლება. ამიტომ, ცხადია, ამ მოსაზრებას ვიზიარებ, მით უმეტეს, ჩვენი რეალობის გათვალისწინებით“, - აცხადებს ორგანიზაცია „კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე კი აკონკრეტებს, რომ ეს მუხლი შეიცავს შეფასებით ელემენტებს და ეს იურიდიულად არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს.

„ამ მუხლს ქვია „ჯაშუშობა“ და შედგება ორი ნაწილისგან. ერთი ეხება სახელმწიფო საიდუმლოების ან საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების გაცემას. მეორე ნაწილი კი ეხება ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაცემას, თუ ჩაითვალა, რომ ეს ზიანს აყენებს სახელმწიფოს. სწორედ ეს ნაწილი არის უაღრესად სახიფათო და მე ვფიქრობ, რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას. აქ იგულისხმება ინფორმაციის მიღებაც და გავრცელებაც, რომელიც არის თავისუფალი კონსტიტუციის მიხედვით.

„რაც შეეხება სიტყვებს - „სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი“, არის უაღრესად შეფასებითი. რა შეიძლება ჩაითვალოს ზიანის მომტანად? ჩვენ გვაქვს ასეთი კლასიფიკაცია, რომ არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მქონე ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია. მაგალითად, კომერციული საიდუმლოება, პირადი საიდუმლოება და ეს ყველაფერი არის ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული.

მაგრამ ის, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადაცემა თუ გავრცელება სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია, მაშინ უბრალოდ აბსურდამდე მივდივართ. ასე ყველაფერს შეიძლება ეს სტატუსი მიანიჭო. თუ მართლა ზიანის მომტანია, მაშინ მიანიჭონ გრიფით „საიდუმლოს“ კატეგორია და ამით დამთავრდება. მე საიდან უნდა ვარკვიო, რომ ის ინფორმაცია, რომელიც არანაირ საიდუმლოს არ არის მიკუთვნებული, არის თუ არა საიდუმლოს მომტანი?

ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ამ მუხლის ეს ნაწილი აშკარად წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის იმ მუხლთან, რომელიც იძლევა ინფორმაციის გავრცელების და მიღების თავისუფლების გარანტიას. ამიტომაც, ეს მუხლი უნდა გაუქმდეს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ეს ნორმა არ არის თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ნორმა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი მსჯავრდებული ამ ნორმით. პროცესები კი ბევრად უფრო ღიაა და საზოგადოებას არ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები.

ფაქტია, რომ ექსპერტები ამ ნორმის შეცვლას ითხოვენ. თუმცა, ცხადია, გადაწყვეტილება ხელისუფლების მისაღები. იმ შემთხვევაში კი, თუკი ეს ნორმა მართლა შეიცვლება, იურისტების განმარტებით, მას უკუქცევის ძალაც ექნება, რადგან ყველა იმ ნორმას, რომელიც აუმჯობესებს ადამიანების მდგომარეობას, აქვს უკუქცევის ძალა.

ამიტომაც ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ხელისუფლება ამას დათანხმდეს. მით უმეტეს, სად და როდის დასჭირდება ამის გამოყენება, არავინ იცის.

თუმცა, იურისტების განმარტებით, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

„ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა. ხელისუფლებას ამის გაკეთება თავადაც შუძლია, მაგრამ შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაც და სასამართლო პროცესის დროს იმის დამტკიცება, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუ სასამართლომ ეს გაიზიარა, მაშინ ეს ნაწილი გაუქმდება“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე. 

როგორც იგი აღნიშნავს, ექსპერტები ამ საკითხზე უკვე მუშაობენ და სარჩელს უახლოეს პერიოდში შეიტანენ. თუმცა, ისევ იმ მიზეზების გამო, რომ ამ მუხლს ხელისუფლება თავისი ინტერესებისთვის კარგად იყენებს, ჩნდება კითხვა, რამდენად მისცემს საკონსტიტუციო სასამართლოს იმის საშუალებას, რომ სათანადო გადაწყვეტილება გამოიტანოს.