ალბათ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მხოლოდ 16000 დოლარად ააშენოთ ორსართულიანი სახლი, სადაც საცხოვრებელი ფართი ჯამში 145 კვადრატია. ეს სრულებით შესაძლებელია. ზურა ტიტველაშვილმა ეს შეძლო. დიდ დიღომში, საკუთარი ხელით, ოჯახის წევრების დახმარებით ორსართულიანი სახლი ააშენა, რომელიც გამვლელის გულგრილს არასოდეს ტოვებს. თუ როგორ მოახერხა ეს25 წლის ახალგაზრდამ, ის თავად მოგიყვებათ.
- საკუთარი სახლის აშენების იდეა ორი წლის წინ გამიჩნდა და მშენებლობაც მალევე, სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად წლის საუკეთესო დროს, შემოდგომის გრილ და მშვიდ ამინდში დავიწყე. მიმაჩნია, რომ ყველა დიდი და წარმატებული
საქმე სწორედ დაგეგმილი და ხარისხიანად გაკეთებული პატარ-პატარა საქმეების ერთობლიობაა. ამ ხედვით მივუდექი სახლის მშენებლობასაც.
ვარ ძალიან პრაგმატული ადამიანი და ყველა სამშენებლო სამუშაო შევაფასე რეალურად. რთული საქმეები დავყავი წვრილმან საქმეებად, ვფიქრობდი მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, საბოლოოდ იმდენი ფიქრი მომიწია ყველა დეტალზე, რომ სირთულე და რაიმე გადაულახავი საკითხი აღარ არსებობდა ჩემში. ისღა დამრჩენოდა, ამ პატარ-პატარა საქმეების კეთება დამეწყო და დავიწყე.
- სახლის პროექტიც თქვენ გეკუთვნით? პროფესიონალი არქიტექტორი არ დაგეხმარათ?
- მიმაჩნია, როდესაც საკუთარი გემოვნება გააჩნია ადამიანს და ჩამოყალიბებულია, რისთვის და რა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უნდა საკუთარი სახლი, მაშინ რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს არქიტექტორი, ის ვერ შემოგთავაზებს ისეთ პროექტს, რომელიც შენს გემოვნებას სრულიად დააკმაყოფილებს. ამიტომ გადავწყვიტე პროექტი ჩემით შემედგინა. თავდაპირველად ფურცელზე, შემდეგ გავიარე მხაზველობითი პროგრამის ,,Archicad”-ის ერთ თვიანი კურსი, რის შემდეგაც სრულად შევძელი პროექტის დასრულება. აღარ დამჭირდა არქიტექტორის დაქირავება, რამაც საკმაოდ დამაზოგინა ბიუჯეტი, რომელიც მშენებლობისთვის გამაჩნდა.
- რა სამუშაოები ჩაატარეთ და ვინ გეხმარებოდათ მშენებლობის დროს?
- როგორც აღვნიშნე, მშენებლობა შემოდგომით დავიწყე, ყინვების დაწყებამდე მოვასწარი საძირკვლის ჩასხმა, პირველი სართულის კედლების ამოყვანა და მეორე სართულის იატაკის ფილის დასხმა. ზამთრის პროცესში სამშენებლო პროცესი შევაჩერე. ამ პერიოდით მშენებლობის გაჩერება სასურველიც არის, რათა ნაგებობა კარგად გამოშრეს და დაჯდეს, რომ სამომავლოდ რემონტის შემდეგ არ გაჩნდეს ბზარები.
გაზაფხულზე კარგი ამინდების გამოსვლისთანავე განვაახლეთ სამუშაოები. ამოვიყვანეთ მეორე სართულის კედლები და გადავხურეთ სახლი. გავაკეთეთ მონოლითური შიდა კიბე და ოთახები გამოვყავით შიდა კედლებით. ჩავსვით კარ-ფანჯარა და შევლესეთ სახლი გარედან, შემდეგ ჰიდრო და თბო იზოლაცია გავაკეთეთ, რის შემდეგაც დავიწყე შიდა გაყვანილობის კანალიზაციის, წყლის და ელექტროობის მონტაჟი. მათი დასრულების შემდეგ შევლესეთ სახლი შიგნიდანაც. დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობა. სახლის ნაწილი იატაკქვეშა გათბობით თბება, დანარჩენი ნაწილი ბატარიებით. გათბობის მონტაჟის შემდეგ იატაკის მოჭიმვის სამუშაოები ჩატარდა და ამით დასრულდა ძირითადი ყველა სამუშაო.
თეთრ კარკასამდე მიყვანას დიდი დრო და მძიმე ფიზიკური ენერგია სჭირდება, თუმცა ყველაფერში დამეხმარა ოჯახი, განსაკუთრებით ჩემი ძმა, რომელსაც გამოცდილება აქვს კერძო სახლების მშენებლობაში.
როგორც აღვნიშნე, თეთრ კარკასამდე ძალიან დიდი ფიზიკური შრომის ჩატარებაა საჭირო რომელსაც ყველანაირი ენერგია მიაქვს, თუმცა როდესაც საქმე ექსტერიერის და ინტერიერის კეთებაზე მიდის ავტომატურად ახალი ენერგიით ივსები .
სახლი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს დიდ დიღომში, რაინექსის 53 ნომერში რომლის ფართი 175 კვადრატია და გვერდითი მეზობლის სახლები ნაკვეთის მიჯნაზეა აშენებული. აქედან გამომდინარე ყველას უკვირს ამ სახლების ერთმანეთთან ასე სიახლოვე. ჩემი მიზანი იყო მათ შორის ისე ამეშენებინა ჩემი სახლი, რომ სიმჭიდროვეს ცუდი ვიზუალი არ შეექმნ.
სახლი ორ სართულიანია, ძირი 78კვადრატული მეტრი, ჯამში საცხოვრებელი ფართი 145 კვადრატია. ამ ფართის დიდი ნაწილი საძინებლებს ეთმობა. მასში 5 საძინებელია, რომელთაგან ორს საკუთარი სველი წერტილი აქვს. დანარჩენი ადგილი მისაღებს, კიბის ჭრილს საერთო ტუალეტს- სააბაზანოს და სამზარეულოს უკავია. სახლს უკანაც აქვს ეზო, სადაც გასასვლელი სამზარეულოდან არის.
პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, საიდანაც კორიდორით უკავშირდები სამზარეულოს, ორ საძინებელს, ტუალეტს და მეორე სართულზე ამავალ კიბეს. მეორე სართულზე ფართი ამავალი კიბის ჭრილს, 2 პატარა საძინებელს (რომელთა ფანკრები უკანა ეზოს გადაჰყურებენ) და 1 დიდ საძინებელს უკავია, რომლის ფანჯრები და აივანი მთავარ ეზოს და გზას გადაყურებს. სახლის ფასადი დასრულებულია, სახურავის შუბლი ხის ქართული ჩუქურთმით არის გაწყობილი და ძალიან მახარებს ამ პატარა დეტალს, რომ ამჩნევენ და მოწონებას გამოხატავენ. ამჟამად მიმდინარეობს ინტერიერზე მუშაობა.
- ამდენი რამე როგორ ისწავლეთ? მანამდე გიმუშავია მსგავს სფეროში, ან რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით?
- მცირეოდენი გამოცდილება მქონდა. როგორც ავღნიშნე ჩემამდე ჩემმა ძმამ ააშენა საკუთარი სახლი და იმ სახლის მშენებლობის დროს დამიგროვდა გამოცდილება. ასევე მაქვს თეორიული ტექნიკური განათლება მიღებული, რაც ასევე ძალიან დამეხმარა.
- რამდენ ხანში დაასრულეთ მშენებლობა?
- მშენებლობა წელიწად ნახევარია მიმდინარეობს და ვიმედოვნებ 2 თვეში სრულიად დავამთავრებ
- რა თანხა დაიხარჯა, ამ ეტაპამდე, რომ მოსულიყავით?
- ჩემი გათვლებით, რაც ერთი კვადრატი შავი კარკასის მშენებლობა უჯდებათ სამშენებლო კომპანიებს, იგივე თანხა დამიჯდა, ოღონდ მე ამ თანხაში თეთრი კარკასის სახემდე მივიყვანე. დაახლოებით 16000 დოლარი დაჯდა.
- რა სირთულეებს აწყდებოდით მშენებლობის დროს?
- მშენებლობის დროს შესაძლოა მრავალ სირთულეს წააწყდე, თუმცა მათი გადაწყვეტის გზებიც მრავალია, ყველაზე რთული ჩემთვის სამშენებლო მასალების არჩევის დროს გადაწყვეტილებების მიღება იყო.
- ინტერიერის დიზაინს ვინ გააკეთებს? რა გეგმები გაქვთ?
- რა თქმა უნდა, ინტერიერის დიზაინს მე თვითონ შევქმნი. თითქმის უკვე დასრულებული მაქვს კედლების შეღებვა და სხვა ინტერიერის სამუშაოებიც შესრულებული მაქვს. ვფიქრობ, სახლი 2 თვეში სრულიად დასრულებული იქნება და სამომავლოთაც ამ სფეროში გავაგრძელებ მუშაობას.
- ახლობლები რას ამბობენ, როცა თქვენს ნაშრომს ხედავენ?
- ყველას გულწრფელად უხარია და ეს ძალიან მახარებს, ხშირად ვამჩნევ, ჩემი სახლის წინ მიმავალი მანქანიდან როგორ გაოცებული იყურებიან. ვგრძნობ, რომ ბევრს მოსწონს და მას დადებითად აღიქვამენ, ეს ყველაფერი მახარებს და ენერგიით მავსებს.
- შესაძლოა ბევრს არარეალურად მოეჩვენოს ამ პერიოდში, საკუთარი ხელით ააშენოს მსგავსი სახლი. რას ურჩევდით, რას ეტყოდით მათ?
- რა თქმა უნდა რთულია დაიწყო საკუთარი სახლის მშენებლობა ამ პერიოდში და ზოგადად ნებისმიერ დროსაც ალბათ რთული იქნებოდა. მაგრამ თუ არ დაიწყებ ვერასდროს ააშენებ. ყველას ვურჩევ სწორად დაგეგმონ ბიუჯეტი და მის შესაბამისად დაიწყონ მშენებლობა. როდესაც სწორად აკეთებ ყველაფერს ხვდები, რომ გადაულახავი სირთულე არარსებობს. სხვათა გამოცდილება გაიზიარონ და ყველაფერი ხარისხიანად აკეთონ, რათა ხელმეორედ აღარ მოუწიოთ საქმის კეთება. კიდევ რასაც ვისურვებდი ის იქნებოდა, რომ გარეგნულ სილამაზეზე მეტად გაიხარჯნონ და დიდ გალავნებში ნუ დამალავენ სახლებს. ვფიქრობ ასე უფრო ლამაზი გახდება ჩვენი ქალაქი.