უამრავ ადამიანს გველის ხსენებაზე უსიამოვნო ჟრუანტელი უვლის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ჩვენმა წინაპრებმა ამ ქვეწარმავალს “უხსენებელი” შეარქვეს. რატომ შემოესვნენ თბილისს უხსენებლები და როგორ ვებრძოლოთ “დიდ გველობას”? «ქართული სიტყვა» გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის მთავარ სპეციალისტ ნონა ხელაიას ესაუბრა.
ქალბატონო ნონა, რატომ მომრავლდნენ თბილისში გველები?
- წელს გველების მომრავლება და აქტიურობა შესაძლოა, იმითაა გამოწვეული, რომ ცივი და დაგვიანებული გაზაფხული გვქონდა. არადა, ქვეწარმავლები გარეთ, წესით, მარტში, ან აპრილში უნდა გამოსულიყვნენ... საერთოდ, გველების 2 700 სახეობაა ცნობილი, საქართველოში კი, მხოლოდ 20-22 სახეობა გვხვდება. ჩვენში გავრცელებული გველებიდან ყველაზე შხამიანი გიურზა, კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლაა. გიურზას სიგრძე 130-160 სანტიმეტრს აღწევს და 3-6 კილოგრამს იწონის. გიურზა ნაცრისფერი, წენგოსფერი, ან მოყავისფროა. გიურზა მშრალ, ცხელ და ქვიან ადგილებში ბუდობს. ამიტომ გიურზების გავრცელების, ასე ვთქვათ, მთავარი ადგილი დედოფლისწყაროა, სადაც ამასწინათ შხამიანი გიურზის ნაკბენით ბავშვი გარდაიცვალა.
მართალია, გველები თბილისშიც არიან, მაგრამ თბილისში შხამიანი ქვეწარმავლები არ არიან. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი გველის კბენისას აუცილებელია სამედიცინო ჩარევა.
რატომ?
- შეიძლება, გველი შხამინი არაა, მაგრამ ინფექციის შეჭრის საშიშროება მაინც არსებობს.
მაინც, როგორ უნდა დავიცვათ თავის ქვეწარმავლებისგან?
- ადამიანს გველი, როგორც იტყვიან, საკუთარი სურვილით არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ.
“გველის გაბრაზება” რას ნიშნავს?
- მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ, ან დაადგამენ. გირჩევთ, გველს 50 სანტიმეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეთ. ამასთან, თუ გველს დაინახავთ, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან თქვენმა მღელვარებამ შეიძლება, ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ. მოკლედ, მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს - ნუ მიუახლოვდებით და არ სცადოთ გველის მოკვლა, ან დაჭერა.
ვთქვათ, შუა ქუჩაში გველს გადავეყარე, დასახმარებლად ვის მივმართო?
- ასეთ დროს ჩვენ, გარემოს დაცვის სამინისტროს უნდა მოგვმართოთ და ჩვენ მოვახდენთ რეგულაციას, ანუ მოქცემთ უფლებას, რომ გველი მოკლათ.
ნამდვილად არ ვიცოდი, რომ გველის მოსაკლავად სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. გველი ნებართვის გარეშე რომ მოვკლა, ჯარიმა დამეკისრება?
- არა, ჯარიმის გადახდა არ მოგიწევთ, ანუ ქვეწარმავლის მოკვლისთვის სპეციალური ნებართვა არაა საჭირო. უბრალოდ, ცხოველთა სამყაროს კანონის საფუძველზე, მომზადებულია გარემოს დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტი.
და ეს აქტი რას გულისხმობს?
- მაგალითად, მგელი მეტად საშიში მტაცებელი ცხოველია. ამიტომ, მის მოსაკლავად გარემოს დაცვის სამინისტრო სპეციალურ ჯგუფს გამოყოფს. სხვათა შორის, მგელი შეიძლება, რამე დაავადების მატარებელი იყოს. ამიტომ, მისი ლეში უნდა დაიწვას და სათანადო წესით დაიმარხოს, რომ ეს დაავადება მოსახელობაზე არ გავრცელდეს...
ქალბატონო ნონა, მოდით, ისევ გველებს დავუბრუნდეთ. ესე იგი, ქვეწარმავალი ადამიანს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ესხმის?
- დიახ, ასეა...
როგორ გავარჩიოთ შხამიანი გველის ნაკბენი უშხამო გველის ნაკბენისგან?
- შხამიანი გველის ნაკბენზე ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, სხვა შემთხვევაში კი - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ტკივილი და წვა იწყება, ნაკბენი წითლდება, სივდება და სისხლჩაქცევები ვითარდება. თუ ნაკბენი თავზე, ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით ძლიერია... გველის ნაკბენის ზოგადი სიმპტომები კი ასეთია: ძლიერი ტკივილი, შეშუპება, მხედველობისა და გონების დაბინდვა, ოფლიანობა, კრუნჩხვა...