"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა წარადგინოს და ამ საკითხთან დაკავშირებით იგი 6 აგვისტოდან ფართო კონსულტაციების დაწყებას გეგმავს. პარლამენტში აღნიშნულმა ფაქტმა დიდი გამოხმაურება და შეშფოთებაც კი გამოიწვია. უმრავლეოსობაში თვლიან, რომ პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს, "ქართულ ოცნებას" პრობლემები შეუქმნას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტს სურს, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება, თუკი მათ ფართო ჩართულობით შერჩეულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატზე უარს იტყვიან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის "გედის სიმღერა" და ბოლო დაპირისპირება "ოცნებასთან" / ექსპერტები ფიქრობენ, რომ პარლამენტმა შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააჭიანუროს.
"შესაბამისად, ეს არ იქნება პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ეს არ იქნება გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა. ეს იქნება საზოგადოების ფართო ჩართულობით შერჩეული ადამიანი, რომელზეც უარის თქმა ქართული საზოგადოებისთვის უარის თქმა იქნება და დაადასტურებს იმ ეჭვს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს პოლიტიკური ნება და სურვილი, სასამართლო სისტემა გაუშვას თავისი კონტროლიდან და მისცეს მას რეალური შესაძლებლობა, რომ იქ დაიწყოს ჯანსაღი პროცესები. ეს არის სახელმწიფოებრივი მნიშნველობის პროცესი. ამიტომ საჭიროა ახლა, როგორც არასდროს, რომ ყველა პროფესიულმა ჯგუფმა, ყველამ, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნისა და მართლმსაჯულების მომავალზე, მიიღოს აქტიური მონაწილეობა. ჩვენ ველოდებით გამოხმაურებებს. ბუნებრივია, ჩვენ თავადაც გვექნება კონტაქტი ჯგუფებთან, მაგრამ ყველა დაინტერესებული მხარიდან ველოდებით მოსაზრებებს, რათა ვიპოვოთ კარგი კანდიდატი, ღია, სრულიად გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" უმრავლესობის წევრ შოთა ხაბარელს გაესაუბრა. მან განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ფორმატის კონსულტაციები იქნება და კონკრეტული თანამდებობისთვის მისაღები კანდიდატურა უნდა იქნეს წარდგენილი - "ეს ჩვეულებრივი კონსულტაციები იქნება იმისთვის, რომ დაინიშნოს ისეთი ადამიანი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. იგი უნდა იყოს კონპეტენტური ადამიანი", - განაცხადა შოთა ხაბარელმა. "ქართული ოცნებისგან" წამოსულ კრიტიკას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, მმართველ გუნდს აღნიშნული პროცესის გაწელვა სურს იქამდე, სანამდეც თავად პრეზიდენტს უფლებამოსილება არ შეუჩერდება", - განაგრძობს გამოცემა.
"სახელისუფლებო უმრავლესობა ახმაურდა: პოლიტიკური მიზნები ამოძრავებსო. უნდათ, გაწელონ პროცესი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, როდესაც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება აღარ ექნება. როგორც ჩანს, პრეზიდენტი აპირებს წასვლის წინ "გედის სიმღერის" შესრულებას და ნუ უფუჭებენ ყვავური ჩხავილით მელოდიას. თავის დროზე, ნინო გვენეტაძის წარუმატებელი შერჩევა მის კისერზეა და ახლა, ალბათ, შეეცდება ამ შეცდომის გამოსწორებას. თუმცა, ნურც ილუზიებს მივეცემით - ნებისმიერ კარგ კანდიდატს პარლამენტი ჩააგდებს და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ სასამართლო სისტემას თავზე მორიგ მარიონეტს - კომპრომეტირებული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაასვამს", - განაცხადა რომან გოცირიძემ. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი პარლამენტმა არ დაამტკიცა, ეს პროცესი ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გაიწელება და თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს კანდიდატურას, უზენაეს სასამართლოში მდგომარეობა მეტად დამძიმდება. ამის შესახებ "რეზონანსი" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერ გია გვილავას გაესაუბრა", - დასძენს გამოცემა.
"თუკი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა პარლამენტმა არ დაამტკიცა, ეს პროცესი ახალი პროცესის ძალაში შესვლამდე, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე გაიწელება. ეს ნიშნავს იმას, რომ შემდეგ უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს კანდიდატურას და პრეზიდენტს ამის უფლება აღარ ექნება, რაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. თუკი საბჭოს მიეცემა შესაძლებლობა, წარადგინოს კანდიდატურა, სასამართლო სისტემაში მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. კანდიდატურაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან ამ თემაზე კონსულტაცია არ გვქონია. ველოდებით პრეზიდენტის შემოთავაზებულ ფორმატს. მან საჯაროდ გააკეთა განცხადება და სწორედ ამას ველოდებით ჩვენც და სპეციალური განხილვა ამასთან დაკავშირებით არ გვქონია. პრეზიდენტი აპირებს კონსულტაციების დაწყებას და ჩვენ სურვილი გამოვთქვით, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში და თუნდაც მის მიერ წარდგენილი კანდიდატი შევაფასოთ. პრეზიდენტს იმის უფლება აქვს, რომ მეორეჯერ წარადგინოს კანდიდატურა, მაგრამ პარლამენტს შეუძლია, ეს პროცესი მეორეჯერაც გაწელოს და ჩააგდოს. თუ მოუნდება, რომ არ დაელოდოს ახალ პრეზიდენტს, პარლამენტი ამას გააკეთებს", - გაცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია გვილავა.