"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებშიც უკვე აქტიურად საუბრობენ, რომ მმართველი ძალა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის ემზადება.
ზურაბიშვილი პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს. სწორედ მაშინ ისაუბრებს პარლამენტარი იმაზე, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და დაუჭერს თუ არა მას მხარს მმართველი პარტია.
იქამდე კი ზურაბიშვილს დიპლომატიური და სამწერლო წარსული გაუხსენეს. როგორც მისი მოგვარე "რესპუბლიკური პარტიიდან" დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, სალომე ზურაბიშვილმა 2009 წელს საფრანგეთში გამოსცა საქართველოს შესახებ ფრანგულ ენაზე დაწერილი წიგნი "La tragédie géorgienne, 2003-2008" (საქართველოს ტრაგედია 2003-2008), რომელშიც ერთ-ერთი თავი მაშინდელი ქართული პოლიტიკის ოლიგარქებს მიუძღვნა.
წიგნის მეათე თავს ჰქვია "Les oligarques géorgiens" (ქართველი ოლიგარქები), რომელიც სამ ქვეთავად იყოფა - პირველი ეძღვნება ბადრი პატარკაციშვილს, მეორე კახა ბენდუქიძეს, ხოლო მესამე ქვეთავი სათაურით - "Bidzina Ivanichvili, l’oligarque caché" ანუ "ბიძინა ივანიშვილი - უჩინარი ოლიგარქი", "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს.
ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკის მეშვეობით მოვიძიეთ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული წიგნი და გთავაზობთ იმ ქვეთავის თარგმანს, სადაც პარლამენტის დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:
"ბიძინა ივანიშვილი, ფარული ოლიგარქი
მესამე ოლიგარქი განსხვავდება პირველი ორი ოლიგარქისგან. მაშინ, როდესაც ბენდუქიძე უხეშია და არ ერიდება ჟურნალისტებთან დაპირისპირებას, ივანიშვილი უსიტყვოა. მისი ხმა არავის გაუგია, ის ტელევიზიაში არ ჩნდება, პრესკონფერენციებს არ ატარებს. მოსახლეობას მისი ერთი-ორი სურათი თუ ექნება ნანახი. თუ პატარკაციშვილს უხაროდა პატივისცემა და ოფიციალური აღიარება, ივანიშვილს არაფერი უნდა, განსაკუთრებით ძალაუფლება. თითქოს მან კარგად გაიაზრა პატარკაციშვილის, ბერეზოვსკის და ხოდორკოვსკის გაკვეთილი... მას სურს მშვიდად ცხოვრება, თავისუფლებაში, თავის ქვეყანაში დარჩენა, რათა არ მოუწიოს ქვეყნის დატოვება.
როგორც ოლიგარქს, მას ურჩევნია ფარულად იცხოვროს და არაფერში ჩაერიოს. მისი საქმიანობა რუსეთში არასოდეს იწვევდა შეშფოთებას. ის მიიღეს როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში. ის დიდი ხნის განმავლობაში შემოიფარგლებოდა კულტურის სფეროთი, გააზრებული სტრატეგიით - „დაკავებული ვარ კულტურით და არა პოლიტიკით“, მაგრამ ეს ნეიტრალობა შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ნელ-ნელა, განსაკუთრებით 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ივანიშვილი სულ უფრო და უფრო "იბეგრებოდა" ხელისუფლების მხრიდან. თუკი მან შეძლო სიწყნარის შენარჩუნება, ეს სიჩუმისა და თავდაჭერილობის ფასად მოხდა. ცოტა რამ არის მასზე ცნობილი, გარდა იმ სიკეთის ჩამონათვალისა, რომელიც მან სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციებისადმი გამოაჩინა.
ამბობენ, რომ ხელისუფლებასა და ოლიგარქს შორის ჩუმი გარიგება სათუო გახდება; რომ ის არ შეეგუება იმ სულ უფრო და უფრო მზარდ მოთხოვნებს, რომლებსაც მას უყენებენ. ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მას 2 მილიარდი აშშ დოლარი მოსთხოვა 2009 წლის დასაწყისში, რომ ივანიშვილმა სანაცვლოდ ჭიათურას მაღარო მოითხოვა და რომ მას უარი უთხრეს, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა, ყველაფერი ეს ჭორებია. მასთან მიმართებაში ერთი კითხვა რჩება: ეს ეხება მის ადგილს მოსკოვსა და თბილისს შორის. ეს კითხვა ასევე აქტუალურია ბენდუქიძესთვისაც. როგორ შეიძლება პუტინის რუსეთში, სადაც ბიზნესი სრულად სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა, წარმოვიდგინოთ, რომ ოლიგარქები საქმიანობის გაგრძელების უფლებას იღებენ მაშინ, როდესაც საუკეთესო ურთიერთობები აქვთ საქართველოს მთარობასთან? ეს მაშინ, როდესაც ორი ქვეყანა ომის მდგომარეობაშია და დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. ორიდან ერთია: ან პუტინისა და სააკაშვილის მთავრობები არ არიან ისეთი მტრები, როგორც ამის წარმოჩენა სურთ, ან ეს ოლიგარქები კიდევ უფრო ორაზროვნები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია" - წერდა სალომე ზურაბიშვილი თავის წიგნში.
რაც შეეხება თავად წიგნის შინაარსს, როგორც მისი სათაურიდანაც ჩანს, ის ვარდების რევოლუციის შემდეგ პერიოდს, აგვისტოს ომამდე პერიოდს და ომს, რუსეთთან დამოკიდებულებას და სხვა პოლიტიკურ საკითხებს ეხება, რომელთაც სალომე ზურაბიშვილი საკუთარი თვალსაზრისით გადმოსცემს.
თარგმნა: კახა დგებუაძემ