"რუსეთი ისე იზამს, სააკაშვილს სამხედრო დამნაშავის სკამზე დასვამსო. პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია დაპირების შესრულება"

"რუსეთი კარგად იცნობს მეზობლების პრობლემებს და ამას თავის სასარგებლოდ იყენებს. მაგალითად, ქართველების ემოციურობასა და მოუთმენლობას"

პოლკოვნიკი რისტო ლუმი, რომელიც პირველი აგვისტოდან ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებულ სასწავლო დაწესებულებების სამხედრო სტრატეგიისა და ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი იქნება, 2006-2008 წლებში თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო განყოფილების უფროსად მუშაობდა, ხოლო 2008 წლის ივლისიდან 2011 წლის ბოლომდე - საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშედ.
პოლკოვნიკ რუსტო ლუმს ესაუბრება ჟურნალისტი აინარ რუუსაარი, რომელიც გამოცემა «Postimees» გამოაქვეყნა. 

გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით.

- როცა ესტონეთის დაზვერვის სტრუქტურის ხელმძღვანელი ხარ და თბილისში სამხედრო ატაშის რანგში წასასვლელად ემზადებოდით, როდის და რა მიზეზით გაგიჩნდათ პირველი ეჭვები და წინათგრძნობა, რომ საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოდიოდა?

- წინათგრძნობა არა მხოლოდ მე, არამედ დაზვერვის ბატალიონის თანამშრომლებსაც გაუჩნდათ, რომლებიც სიტუაციას თვალს ადევნებდნენ. მათ ჰქონდათ მონაცემები, რომ დიდი ალბათობით, სიტუაციის ესკალაცია უახლოეს დღეებში მოხდებოდა. ანუ მე ამას წინათგრძნობას კი არ ვუწოდებდი, არამედ დაზვერვის გაფრთხილებას. ბუნებრივია, დაზვერვის სტრუქტურამ ამის შესახებ ზემოთ მოხსენება გაგზავნა. მე პირადად აგვისტოს ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ორ ესტონელ გენერალს ვესაუბრე, რომლებიც რუსეთის არმიის საქართველოში შეჭრას რეალურად არ მიიჩნევდნენ. ერთ-ერთმა ისიც კი მითხრა - "რუსეთის ნაბიჯი არარეალისტური და არალოგიკური იქნებაო". ცხადია, იგი მაშინდელი შეფასებების კრიტერიუმების მიხედვით მსჯელობდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ჩვენი სტრუქტურის მოხსენება სადღაც "გაიჭედა". როცა მოგვიანებით თბილისში ჩვენს ელჩთან ამ საკითხზე ვსაუბრობდი, იგი ძალიან გაბრაზდა, რომ მოხსენებამ თურმე საგარეო საქმეთა სამინისტრომდეც ვერ მიაღწია.

- თქვენი აზრით, ისინი, ვინც საქართველოში გადაწყვეტილებებს იღებდნენ, სანამ ქართულ ჯარს შეტევას უბრძანებდნენ, რამდენად აცნობიერებდნენ ან თუ იცოდნენ, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში შევიდოდა?

- ძნელია იმის თქმა, იცოდნენ თუ არა, მაგრამ ქართველების მოქმედება იმის დემონსტრირებაა, რომ მათ ამ ყველაფრისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ ჰქონდათ. საქართველოს შეიარაღებული ძალების მაშინდელი სარდალი (გაერთიანებული შტაბის უფროსი) ზაზა გოგავა და მისი გარემოცვის სხვა ოფიცრები მოგვიანებით სულ იმას იმეორებდნენ, რომ არ გვეგონა, თუ რუსეთი ასე ძლიერ რეაგირებას მოახდენდაო. მოგვიანებით, მათ შეცვალეს თავიანთი წინა ჩვენებები და ამბობდნენ - " სხვა გამოსავალი არ გვქონდა, სამხედრო ჩარევის გარდა, რათა წინააღმდეგობა გაგვეწია სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის შემოსვლისთვისო". ამ "სიმღერას", რომელიც ქართველ სამხედრო მაღალჩინოსნებს ზემოდან უბრძანეს და ასწავლეს, ისინი დიდი ხნის განმავლობაში "მღეროდნენ". ჩემთვის, შტაბის მაღალი რანგის ოფიცრისათვის, ორივე პოზიცია გაუგებარია. ასეთ სიტუაციაში უნდა არსებულიყო მოქმედების სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუ რუსებს ვერ შეაკავებდნენ და ისინი ქვეყნის დედაქალაქამდე მივიდოდნენ. 

- ქართველებმა საერთოდ იცოდნენ, როგორ უნდა გაეკონტროლებინათ ცხინვალის გარეუბნები? ომამდე ხომ საქართველოში Immediate Response-ს ("დაუყონებლივი პასუხი") სწავლებები ტარდებოდა?

- მე არ შემიძლია ამის დადასტურება, რადგანაც ინფორმაცია არ მქონდა, თუმცა, დიდი ალბათობით, მსგავსი გეგმები არსებობდა და ისინი იწვრთნებოდნენ. საერთოდ, ეს ჩვეულებრივ ოპერატიულ დაგეგმვაში შედის მსგავსი სიტუაციებისთვის - სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ხომ საქართველო მაშინაც თავისად თვლიდა და ახლაც ასეა.

ყველაზე ცუდი კი ისაა, მოგვიანებით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ სამხედროები დაადანაშაულა, რომლებმაც, მისი აზრით, მათ წინაშე დასმული ამოცანები ვერ შეასრულეს. მისთვის ასეთი პოზიცია უფრო კომფორტული იყო, რამდენადაც, ბუნებრივია, იგი თავის შეცდომებს არ აღიარებდა, რომელიც სიტუაციის შეფასებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების დროს დაუშვა.

საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომლებმაც იმდროისთვის სულ ცოტა ხნის წინ გაიარეს ძირფესვიანი რეორგანიზაცია და გადაიარაღდნენ, ბუნებრივია, ჯერ არ იყვნენ მზად მსხვილი ერთობლივი წვრთნებისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი მხოლოდ იმ დონემდე მივიდნენ, რათა აღლუმზე მწყობრად ევლოთ და ახალი იარაღით სამიზნეებზე ესროლათ. სრულფასოვან ერთობლივ წვრთნებზე ლაპარაკიც ზედმეტია...

- ახლა ზოგიერთნი ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველოს მოძველებული შეიარაღება ჰქონდაო. ნამდვილად ასე იყო? როგორც ცნობილია, ქართულმა არმიამ საკმაოდ ბევრი მძიმე ტექნიკა მიატოვა ცხინვალსა და გორში...

- უშუალოდ კონფლიქტის დაწყების წინ საქართველომ მოასწრო თავისი არმიის გადაიარაღება და 2008 წლის ივლისის მონაცემებით, კარგად იყო აღჭურვილი და მომარაგებული. მე ვიტყოდი, უფრო უკეთესად, ვიდრე ესტონეთის მაშინდელი თავდაცვის ძალები. რუსებს ხელში ბევრი იარაღი და საბრძოლო მასალები ჩაუვარდათ. სამწუხაროდ, თვითონ ქართველებმაც ბევრი გაყიდეს და შემდეგ ჩამოწერას ცდილობდნენ, სამხედრო ზარალის სახით.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდა და სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა. მახსოვს, 2009 წელს, როცა ყაზბეგში წავედი დასასვენებლად, იქაური მონადირეები ამაყად დადიოდნენ ამერიკული სამხედრო ტანსაცმლით (Gore-Tex) და ღამის ხედვის მოწყობილობებით. ჩემს კითხვაზე, საიდან ჰქონდათ ეს ტანსაცმელი, ისინი პასუხობდნენ, რომ ნათესავები ქართულ არმიაში მსახურობენო. როცა კონფლიქტის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ სთხოვა დასავლელ პარტნიორებს იარაღითა და რესურსებით დახმარებოდნენ, მათ მიმართ განსაკუთრებული ნდობის ფაქტორი უკვე აღარ არსებობდა.

რაც შეეხება დღევანდელ ქართულ არმიას, 2008 წლის ტექნიკური დანაკარგების მიუხედავად, 2018 წლის მდგომარეობით, ის არცთუ ისე ცუდადაა შეიარაღებული და უზრუნველყოფილი ყოველივე აუცილებელი რესურსით.

უკრაინაში სამხედრო ატაშედ ყოფნის დროს, 2018 წლის ივნისში, სახმელეთო შტაბის ერთ-ერთმა ოფიცერმა მითხრა - ნეტავ ჩვენც ისე ვყოფილიყავით აღჭურვილი, როგორც ქართველებიო. ეს შეფასება იმის ილუსტრაციაა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ უკრაინელი სამხედროები.

- ყოველ ომს რამდენიმე გეგმა აქვს. შეგიძლიათ, რომ დღეს, უკანა თარიღით, თქვათ, რომ რუსების მიერ წარმოებული ომის გეგმაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამხობაც (დაპატიმრება) შედიოდა?

- მე არ მჯერა, რომ რუსებს დასაწყისში ასეთი გეგმა ჰქონდათ. მათ, ალბათ, უფრო აწყობდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის იმიჯი თავიანთ სასარგებლო პროპაგანდისათვის, საქართველოს დასაცინად გამოეყენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტს ჭერზე ერთი ადგილით ჩამოკიდება აღუთქვა, ზოგიერთი მიზეზის გამო მან ეს არ გააკეთა.

იმავდროულად, ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე ერთ-ერთმა კოლეგამ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს საქმეების ექსპერტმა პროგნოზი გააკეთა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ისე იზამს, რომ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო დამნაშავის სკამზე დასვამსო. 2018 წლის მდგომარეობით ეს პროგნოზი არც იმდენად არარეალისტურად არ ჩანს, თუ მხედველობაში მივიღებთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას უკრაინაში, რითაც მან ყველა გააღიზიანა. ასე რომ, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ შეუძლია თავისი დაპირების შესრულება.

- რუსები ნამდვილად გაბედავდნენ თბილისზე შეტევას 2008 წლის აგვისტოში?

- არა მგონია, მათ ასეთი განზრახვა ჰქონოდეთ. მთელი ეს ომი რაღაც იმპროვიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რუსებს ძალიან უკვირდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იოლად წამოეგო პროვოკაციას და თავის არმიას სამხედრო ოპერაციის დაწყება უბრძანა. თავის მხრივ, ქართველებსაც უკვირდათ, რომ რუსები მასიურად შეიჭრნენ. რუსებს არ ეგონათ, რომ თბილისს ასე სწრაფად მიუახლოვდებოდნენ. გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სამხედრო მოქმედებების პროცესში იქნა მიღებული, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით. ვერ დავიჯერებ, რომ რუსებს იმის გეგმა ჰქონდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ოკუპირებული თბილისისათვის. ალბათ, ისინი ქართველებს "წესრიგისაკენ" მოუწოდებდენ და "ჭკუის სწავლებას" დაუწყებდნენ. ამით აშშ-ს აჩვენებდნენ, რომ ნატოს გაფართოება საქართველოს ალიანსში ჩართვით მიუღებელია.

- და მაინც ომიდან ათი წლის შემდეგ რუსეთისათვის "ლაგამის ამოდება" ვერავინ შეძლო. აშშ და ევროკავშირი ხანდახან უმწეობასა და დაღლილობას ამჟღავნებენ. რა ვისწავლეთ უკრაინისა და საქართველოს მაგალითზე?

- რუსეთი მუდმივად უთვალთვალებს დასავლეთის საზღვრებს და გეგმავს, რამდენად შორს შეიძლება შეჭრა. იმავდროულად მოსკოვი საბოტაჟს უწევს დასავლეთის ერთიანობას. როცა ჩვენ 2008 წლის აგვისტოს ომი გავაანალიზეთ, ვთქვი, რომ საბოლოო და კარდინალურ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ - რუსეთი მუდმივად სწავლობს და უკვე მომდევნო სავარაუდო ომი სულ სხვაგვარი იქნება-მეთქი. სწორედ ეს დადასტურდა უკრაინის მიმართ 2014 წელს. უკრაინის კონფლიქტის გათვალისწინებით, მორიგი ომი კიდევ უფრო მეტად განსხვავებული იქნება. რუსეთი, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცნობს თავის მეზობლებს და მათ პრობლემებს და სპეციფიკას თავის სასარგებლოდ იყენებს. მაგალითად, ქართველების ემოციურობასა და მოუთმენლობას, ან უკრაინელთა შიდა განხეთქილებას და საყოველთაო კორუმპირებულობას.

ჩვენს თავსაც შევეკითხოთ - როგორია ჩვენი ეროვნული თავისებურება და პრობლემები. პასუხსაც ვიპოვით, თუ როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ იმოქმედოს. ისე კი, ყველაზე მეტად თვითონ ქართველების დასკვნებმა გამაკვირვა აგვისტოს ომის შესახებ.

ზაზა გოგავას აზრით, ქართველებმა ომი იმიტომ წააგეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმაო რაოდენობის ტანკები, მძიმე არტილერია და ავიაცია. როცა მე შევეცადე მისთვის ამეხსნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა მძიმე ტექნიკა ბევრი გაქვთ თუ არა, რადგანაც რუსეთს ყველა შემთხვევაში საქართველოზე მეტი ექნება, პატარა სახელმწიფოს თავდაცვა მილიტარიზებაზე კი არ უნდა აიგოს, არამედ მოსახლეობის მომზადებაზე თავდაცვისათვის-მეთქი, მან ვერ გამიგო.

უშუალოდ კონფლიქტის წინ საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ სისტემაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც ხელმოკლე ქართველ ახალგაზრდებს თავიანთი ოჯახების რჩენის შესაძლებლობა მიეცათ. რასაკვირველია, მათი უმეტესობა პატრიოტები იყვნენ, მაგრამ ისინი, ოჯახების ერთადერთი მარჩენალები, მაინც არ იყვნენ სრულად მზად სამშობლოსათვის დაღუპულიყვნენ. საკონტრაქტო არმია ეფექტური და წარმატებულია იმ შემთხვევაში, როცა ყველაფერი კარგად მიდის და მტერი უკან იხევს... მაგრამ როცა როლები იცვლება, "კონტრაქტნიკებზე" უკვე სხვა ფაქტორები ახდენენ გავლენას. ამიტომაც შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა ისინი, ვისაც სახელმწიფო უნდა დაეცვა, ეს მაინცდამაინც დიდად არ სურდათ, ხოლო ვისაც მართლა გულით უნდოდა, მათ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.

ვიცი, რომ საქართველოში ბევრი მზად იყო დაეცვა საკუთარი სოფელი, რაიონი თუ ქვეყანა, მაგრამ მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა მათ არ ენდობოდა და საკუთარ თანამემამულეებს იარაღს არ აძლევდა, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც მოხალისეებს გააერთიანებდა, ჩვენი "კაიტსელიტის" მსგავსად, იქ არ არსებობდა. ამ თვალსაზრისით ესტონეთის სახელმწიფო თავდაცვა ძალიან კარგად არის მოწყობილი, ჩვენთან ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის თავდაცვაში, თავისი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

- თქვენ რომ იმ ომის შესახებ დასკვნა გთხოვონ, რონალდ ასმუსის წიგნის სათაურის - "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" - მიხედვით, რას იტყოდით?

- რეალობაში ამ "პატარა ომს" მსოფლიო სულაც არ შეუძრავს. შეშინებით კი შეაშინა, მაგრამ არ შეუძრავს. ეს იყო მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთის პოზიცია და დამოკიდებულება კარდინალურად შეიცვალა და რომ დასავლეთს ამით თვალი უნდა ახელოდა. საერთოდ კი რაზე ვლაპარაკობთ? ათი წლის წინანდელმა აგვისტოს ომმა კი არა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამაც ვერ აუხილა ყველას თვალი. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, მთელ დასავლეთს, მათ შორის ესტონეთსაც ისე სურდა დაენახა საქართველოს წარმატება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების მსგავსად, რომ რეალობის განცდა დაიკარგა. სახელმწიფოს რეფორმისათვის უპირველესად აუცილებელია ფასეულობებისადმი მისი მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. (წყარო)

------------
პოლკოვნიკი რისტო ლუმი დაიბადა 1971 წლის 17 მაისს ტალინში. სამხედრო განათლება მიიღო ფინეთის სახელმწიფო თავდაცვის უმაღლეს სკოლაში, აქვს სამხედრო მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2006-2008 წლებში მსახურობდა ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების უფროსად. 2008-2011 წლებში - ესტონეთის სამხედრო ატაშედ საქართველოში. 2011-2014 წლებში მუშაობდა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილებაში. 2014-2018 წლებში იყო ესტონეთის სამხედრო ატაშე უკრაინაში.