„პოლიტიკური აქტი“, იურიდიული დოკუმენტი თუ ფარატინა ქაღალდი?

„პოლიტიკური აქტი“, იურიდიული დოკუმენტი თუ ფარატინა ქაღალდი?

[თეონა ხარაბაძე]

პარლამენტმა საპატრიარქოსთან კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, ძნელი სათქმელია, ამ შეთანხმებას შეასრულებს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ განმარტებითი ბარათი კანონის მიღების შემდეგ შეიცვალოს, ხელისუფლებას იმის საშუალებას აძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიცემული პირობა არ შეასრულოს.

საქმე ის არის, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ითვლება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, რომლის გამოყენება ხდება ძირითადად სასამართლოებში და პოლიტიკური დავებისას.

ამ შემთხვევაში კი, იურისტთა თქმით, პრობლემა არის ის, რომ ბიუროს გადაწყვეტილება რეგლამენტის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. ანუ, ამ განმარტებით ბარათს არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში ძველი განმარტებითი ბარათის გამოყენება მოხდება.

გუშინწინ, წმინდა სინოდის კრების შემდეგ ითქვა, რომ „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ორმაგი კომპრომისი იქნა მიღწეული. ეს კომპრომისი კი იმას გულისხმობს, რომ, ერთის მხივ, საპატრიარქო ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არ წავა და, მეორეს მხრივ, მთავრობა რამდენიმე ვალდებულებას იღებს. მათ შორის, გააძლიერებს მოქმედებას საზღვარგარეთ ქართული მართმადიდებელი ეკლესიებისთვის სტატუსის მოსაპოვებლად, ქვეყნის შიგნით მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და სხვა ეკლესიების ქონების საკითხი ამ კანონით არ დარეგულირდება.

ეს არის შეთანხმების ძირითადი საკითხები და უნდა ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან გუშინწინვე გაკეთდა საპასუხო განცხადებები, რომ ისინი ამ ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფენ.

გუშინ კი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ მოხდებოდა უკვე მიღებული კანონის განმარტებითი ბარათის დაზუსტება.

უპრეცედენტო განმარტებით ბარათს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას და ამავდროულად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

კონსტიტუციით აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და განსაკუთრებული სტატუსი კიდევ უფრო ნათლად აისახა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არაერთი საკანონმდებლო აქტი ადგენს მთელ რიგ შეღავათებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით.

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად შექმნა ერთობლივი კომისია, რომელიც იხილავს ეკლესიისათვის კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად სხვადასხვა ქონების გადაცემისა და დაბრუნების საკითხებს.

კონსტიტუციურმა შეთანხმებამ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის შემდეგ ნორმატიულ აქტთა იერარქიში ყველაზე მაღალი დონის ნომატიულ აქტს წარმოადგენს, განსაზღვრა როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი, ისე მისი საკუთრების უფლება.

კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, ეკლესია თავისი საქმიანობის განხორცილებისას არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას. კონსტიტუციური შეთანხმება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეკლესიის საკუთრების უფლებას და ადგენს, რომ ეკლესიის ქონება და სხვა ქონებრივი უფლებები დაცულია კანონით.

კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

საქართველოს სახელმწიფოსთან საქართველოში არსებული სხვა რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობა და მათი სტატუსი განისაზღვრება არა კონსტიტუციური შეთანხმებით, არამედ კანონმდებლობით. შესაბამისად, კანონმდებლობით უნდა დადგინდეს ამ გაერთიანებათა სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის წესი და პირობები.

კანონმდებლობით განისაზღვრება აგრეთვე სხვა რელიგიურ გაერთიანებათა მიერ ქონებრივი უფლებების მოპოვებისა და განხორციელების საკითხები. აღნიშნული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც თანაბრად ვრცელდება ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმირთ.

კანონპროექტი აწესრიგებს მხოლოდ რელიგიური გაერთიანების უფლებას სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს“.

ეს არის ის განმარტებითი ბარათი, რომლის ანალოგი არ მოიძებნება. აქამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პარლამენტს ჯერ კანონი მიეღოს და შემდეგ განმარტებითი ბარათი, ვინაიდან განმარტებითი ბარათი თავისი არსით გულისხმობს იმის განმარტებას, რა საკითხებსაც კანონპროექტი ეხება.

აღსანიშნავია, რომ განმარტებითი ბარათი კანონპროექტს ახლავს ხოლმე თან მანამ, სანამ ის დამტკიცდება და გამოქვეყნდება. განმარტებით ბარათში საუბარია საკანონმდებლო ინიციატივის მიზანზე, არსზე, ფინანსურ გაანგარიშებებზე, ექსპერტების თანამონაწილეობაზე და ა.შ.

ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა იმას გააჩნია კანონის ამოქმედების მერე დაწერილი განმარტებით ბარათი იქნება თუ არა კანონიერი და მეორე, ამას რა იურიდიული ძალა ექნება.

პირველი საკითხით რომ დავიწყოთ, საინტერესო ის არის, რომ ამ თემაზე საუბარი საპარლამენტო უმრავლესობიდან არავის სურს ხათუნა გოგორიშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის ჩათვლით. არადა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყოველთვის იწონებენ თავს რეგლამენტის კარგი ცოდნით.

ამ რეგლამენტის თანახმად კი, კანონის მომზადებასა და მიღებას თავისი წესები გააჩნია და, თუკი ამ წესებს გადაუხვევ, იმას ნიშნავს, რომ კანონი იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს ისეთ ნორმებს, როგორიც არის განმარტებითი ბარათის დაზუსტება. კანონის მიღების შემდეგ განმარტებითი ბარათი რჩება იმ სახით, როგორც არის მიღებული. პარლამენტის რეგლამენტის ასევე არ იცნობს პროცედურას, თუ რას ნიშნავს განმარტებითი ბარათის დაზუსტება და მით უმეტეს წარმოუდგენელია ასეთი რამ მას შემდეგ, რაც ხდება კანონის მიღება სამივე მოსმენით, მისი გამოქვეყნება და ძალაში შესვლა. ამიტომაც ცხადია, რომ ეს არა მხოლოდ ეწინააღმდეგება რეგლამენტს, არამედ საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთადერთი წარმომადგენელი, ვისაც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთებინეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიაა და მანაც მხოლოდ ის განაცხადა, რომ „განმარტებით ბარათს რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკური აქტი. თუ ამოიღებთ სხდომის სტენოგრამებს, ნახავთ, რომ სწორედ ამას ვამბობთ. თუმცა, ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ რელიგიურ გაერთიანებებთან არანაირ ქონებრივ ან სხვა ტიპის ვალდებულებებს თუ მართლამადიდებელ ეკლესიასთან გათანაბრებას არ ითვალისწინებს.

პროცედურა, შესაძლოა, რეგლამენტით არ იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ბიუროს გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტის იქნება ოფიციალური განმარტებითი ბარათი იმ კანონისა“.

შესაძლოა, ეს მართლაც „პოლიტიკური აქტი“ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის არის, მას იურიდიულად რა ძალა ექნება.

პრობლემა კი ის არის, რომ კანონდარღვევით მიღებულ აქტს იურიდიული ძალა არ გააჩნია, ვინაიდან ამ ფორმას რეგლამენტი საერთოდ არ ითვალისწინებს და იმის განხორციელება, რასაც რეგლამენტი არ იცნობს, რეგლამენტს ეწინააღმდეგება. კანონდარღვევით მიღებულ აქტს კი იურიდიული ძალა არა აქვს.

როგორც ჩანს, პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და საჭიროების შემთხვევაში მას ვერავინ გამოიყენებს. ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანი ის არის, საპატრიაქოსთან მიღწეული შეთანხმების ამ ფორმით შესრულება თავადსაპატრიარქოსთვის რამდენად არის მისაღები.

თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საპატრიარქოს კომენტარი ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ და იმედია, ამ თემას უახლოეს პერიოდში გამოეხმაურებიან.