რაზე შეთანხმდნენ, ან რაზე ვერა, მიშა და ბიძინა?

რაზე შეთანხმდნენ, ან რაზე ვერა, მიშა და ბიძინა?

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ახლადარჩეული თავმჯდომარისა და ქვეყნის რეალური მმართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ მრავალმხრივ საინტერესო მოვლენა აღმოჩნდა.

ერთი შეხედვით თუ ერთი მოსმენით, ივანიშვილმა თითქოს „დახვეწა“ საუბრის სტილი და ნაკლები შეცდომაც ამიტომ დაუშვა. თუმცა, უფრო იმის წყალობით რომ ჟურნალისტმა არ წაიყვანა ეს ინტერვიუ „ჰარდ-თოლქის“ რეჟიმში, არ აწყვეტინებდა, არ უსვამდა ოპოზიციური ნარატივისა და ინტერპრეტაციების შემცველ „ჩამჭრელ“ კითხვებს...... არადა, „ჰარდ-თოლქს“ არათუ საჯაროობის მოძულე ივანიშვილი, არამედ თვით მიხეილ სააკაშვილიც ვერ უძლებს ხოლმე ყოველთვის. ამის მაგალითი იყო მისი „აფეთქება“ ეკა კვესიტაძესთან ბოლო ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტი კვლავ გირგვლიანის საქმეზე „ჩაეკითხა“. . . . . . .

ივანიშვილმა ბევრი  საინტერესო რამ თქვა. მაგალითად, ღიად განაცხადა: მის.....გარემოცვაში არ არის აზრთა ერთიანობა მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. თავად ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე გავლენიანი ფიგურა, მის კარზე, მიიჩნევენ, რომ ბევრად მომგებიანი იქნება „ოცნებამ“ საერთოდ არ წამოაყენოს საპერზიდენტო კანდიდატი. ამ ფრთის კიდევ უფრო რადიკალური ნაწილი ე.წ. „დამოუკიდებელი კანდიდატის“ მხარდაჭერასაც წამგებიანად მიიჩნევს და მართალიცაა: აბა სალომე ზურაბიშვილის „დამოუკიდებლობას“ ვინ დაიჯერებს?

ბუნებრივია, ოპოზიციონერებმა მაშინვე ერთმანეთზე დაიწყეს ეჭვიანობა: საქართველოში მიღებული ტერმინით, ოპოზიცამ თუ „ერთმანეთი დაჭამა“ ამ არჩევნებზე, ამით ხელისუფლება მხოლოდ მოიგებს.  ნინო ბურჯანაძემ კი, ერთ-ერთი უცხოური რესურსისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილი ამით აპირებს ფარულად დაუჭიროს მხარი „ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძეს“.

ეს პროგნოზი დავიმახსოვროთ: ჩვენი ანალიზისითვის იგი კარდინალურად  მნიშვნელოვანია.

რას კარგავს ივანიშვილი „პრეზიდენტის პოსტის დათმობით ოპოზიციისათვის“, როგორც მან განაცხადა ინტერიუში? ბევრს არაფერს - დღეს მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაურს, ძირითადად, უცხოელი სტუმრებისთვის „ხელის ჩამორთმევა“ ევალება. მას ნამდვილად რჩება შეწყალებისა და მოქალაქეობის მინიჭება-დაბრუნების უფლება (ჯერ-ჯერობით), თუმცა ესეც არაა დიდი საფრთხე ხელისუფლებისთვის, რადგან რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტმა (ვთქვათ დავით  ბაქრაძემ), ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში მაინც ვერ დაბრუნდება: კონსტიტუციით, შეწყალება შეიძლება შეეხოს მხოლოდ უკვე დამდგარ ორ განაჩენს, მაშინ როდესაც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ სხვა ორი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ახალ-ახალი საქმეების აღძვრის რესურსიც ამოუწურავია......განსასჯელის ან ეჭვმიტანილის შეწყალების უფლება კი პრეზიდენტს არა აქვს.

რაც შეეხება სააკაშვილისათვის მოქალაქეობის დაბრუნებას, ბევრი ვერ ხვდება, რომ თვით მიხეილ საააკშვილს, დღევანდელ პირობებში (!), ეს სულაც არ ეპიტნავება - ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მისი სისხლისამართლებრივი დევნის საკითხი არ გადაწყდება და საქართველოში ციხე ემუქრება: საერთაშორისო სამართალი ძნელად თუ უშვებს „მოქალაქეობის არმოქნე“ პირის ექსტრადირებას. ეს არსად წერია, მაგრამ ასეთია პრაქტიკა, რასაც აძლიერებს დასავლური ტრადიაცია. მით უმეტეს, როდესაც არსებობს ეჭვი საქმის „პოლიტიკურად მოტივირებულობის“ შესახებ.

 თუ სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა და „ციხეც გაუქმდა“, მაშინ სხვა საქმეა -  ამ შემთხვევაში მოქალაქეობაც მომგებიანი გახდება: ოფიციალურად დაიკავებს პარტიის თამჯდომარის პოსტს.

 მოსწონს  ვინმეს თუ არა, სააკაშვილი რჩება ქართველ პოლიტიკოსად და მთავარი ოპოზიციური ძალის ფაქტობრივ ლიდერად. ამიტომ ეს „შეწყალება-მოქალაქეობის“ საკითხები მისთვის სულაც მეორეხარისხოვანია.

მთავარია, ხელისუფლების შეცვლა!

ყოფილ პრეზიდენტს არაერთგზის უთქვამს: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნებით ვერ შეიცვლება. მაშასადამე, იგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რევოლუციით. არჩევნებში მონაწილეობას კი იმ მხრივ აქვს აზრი, რომ კენჭისყრის შედეგი „გაყალბებულად“ გამოაცხადო და რევოლუცია მოაწყო.

ეს შესანიშნავად იცის ბიძინა ივანიშვილმაც

სწორედ აქ მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს მის ინტერვიუში, რამაც არა პირდაპირ, არამედ ირიბად გასცა სრული და ამომწურავი პასუხი კითხვას: რატომ გადააყენა მან  გიორგი კვირიკაშვილი და რა გახდა „ოცნების“ დამფუძნებლის სასტიკი უკმაყოფილების რეალური მიზეზი.

დავაკვირდეთ: ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მთავრობამ „დამალა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა, რომლითაც IMF  „ჭარბვალიანობას“ სერიოზულ პრობლემად და საფრთხედ მიჩნევდა.

„სავალუტო ფონდის“ დასკვნაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ სახიფათოა  ვითარება, როცა 700 000 ადამიანი, პატარა, ღარიბი და სუსტი სახელმწიფოებრიობის ქვეყანაში, ამა თუ იმ ფორმით, ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების,  ლომბარდების თუ „კერძო იპოთეკარების“ კაბალაში იმყოფება და წარმოადგენს „ფეთქებად მასალას“, რათა „ქვეყანა ააყირავოს“!

ზუსტად ეს ტერმინი -  „ქვეყნის აყირავება“ - გააჟღერა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა და ეს არ იყო შემთხვევითი.

აქვე დავსვათ აუცილებელი კითხვა: რატომ მიაჩნია ეს პრობლემა „სახიფათოდ“ საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელსაც 1995 წლიდან - დღემდე საქართველოსთვის ნასესხები მილიარდობით დოლარი აქვს უკან დასაბრუნებელი უახლოეს წლებში? იმიტომ, რომ მსოფლიო გამოცდილებით იცის: „საბანკო კაბალა“ ბევრ განვითარებად ქვეყანაში დასრულებულა ამბოხით, ხელისუფლების დამხობით და (ხშირად) სრული ქაოსით ან, კიდევ უარესი -  „სომალიზაციით“.

საქართველოში, იმედია, ასე არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, მაგრამ ივანიშვილი საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ თავსაც ხომ უფრთხილდება?

კვლავ დავაკვირდეთ: მან თქვა, რომ დაახლოებით 2017 წლის ოქტომბრიდან დაუწყო ამ თემაზე ლაპარაკი გიორგი კვირიკაშვილს და ეუბნებოდა: ამგვარი „ფეთქებადი მასის“ დაგროვება ქვეყანაში უბრალოდ საშიშია, - ამ „მასას“, უახლოეს არჩევნებზე ან სულაც არჩევნების გარეშეც, აუცილებლად  გამოიყენებს მიხეილ სააკაშვილი „ქვეყნის ასაყირავებლად“.

 პრემიერი კვირიკაშვილი კი, მისი „ლიბერტარიანული პროექტის“ ფარგლებში, ამ პოლიტიკურ რისკს ჯიუტად „აიგნორებდა“..........

მიხეილ სააკაშვილმაც, თუ კარგად გავიხსენებთ, სწორედ გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო ლაპარაკი „საბანკო კაბალაზე“; მანვე დაასახელა ამ კაბალაში აღმოჩენილი ადამიანების კოლოსალური (და ნამდვილი!) ციფრები. თან ეს ყოველივე იმ ნარატივის პარალელურად, რომ შემოდგომაზე, როდესაც, მისი თქმით, „ოპოზიცია მოიგებს არჩევნებს ან არ გააყალბებინებს ხელისუფლებას არჩენების შედეგს“ საქართველოში აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება.

გასაგებია რაც იგულისხმება: 700 000 „კაბალაში აღმოჩენილიდან“ თუნდაც 50 000 გამწარებლი, გაგიჟებული,  გაავებული ან ქონება-ბინის დაკარგვით შეშინებული, „კოლექტორების“ მიერ დატერორებული ადამიანი თუ გამოვარდა ქუჩაში ვითომდაც „ხმების დასაცავად“, საქართველოში ესეც საკმარისი იქნება „ხელისუფლების ასაყირავებალდ“. სულაც კრისტალურად სუფთა და პატიოსანი არჩევნები რომ ჩატარდეს.

ანუ, ეს ყოველივე ნამდვილად გასაგებია და იოლად ახსნადი. გაუგებარი ისაა, თუ რით აპირებს ბიძინა ივანიშვილი „უშველოს“ ამ საქმეს, რაკი მთავრობის შეცვლით, „საბანკო რეგულაციების“ შემოღებით და „ბანკების ალაგმვით“,  „გაავებულთა“ რიცხვი შეიძლება აღარ გაიზარდოს კიდევ უფრო მეტად, მაგრამ ამჟამად უკვე არსებული „700 000“ ან ხსენებული „50 000“ ხომ ვეღარ შემცირდება?!

ხოლო თუ მთავრობა  არსებული საბანკო თუ სხვა დავალიანებების „ამოსაგებად“ მევალეებს-მოვალეთა  ბინებიდან გამოსახლებას ან სხვა რეპერსიულ ზომებს აუკრძალავს, ამით საბანკო სისტემას საერთოდ დაანგრევს, რაც კიდევ უარესია! მაშინ ქუჩაში „50 000“ კი არა, მილიონი მეანაბრე გამოვა, რომელიც ბანკში შეტანილ მცირე თუ დიდ ანაბარს დაკარგავს.

სხვათა შორის, ზუსტად ასეთი სცენარი განვითარდა 1990-იანი წლების ალბანეთში და სისხლისღვრითაც დასრულდა!

ერთი სიტყვით, ხსენებული 700 000-იანი კონტინგენტის „ფეთქებადობა“ ის საკითხია, რაზეც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი საბოლოდ „შეთანხდნენ“. ორივემ დაახლოებით ერთდროულად დაიწო ამაზე ლაპარაკი. ოღონდ ერთმა ღიად, მეორემ - „გაჯიქებულ“ პრემიერთან „კომუნიკაციისას“. პირველი დიდი შიშით (სრულიად საფუძვლიანი შიშით) აღიქვამს ამ მრავალათასიან „დეტონატორს“, მეორე   -  დიდი იმედით.

ნურავის გაუკვირდება თუ ვიტყვი: ბიძინა ივანიშვილი, სინამდვილეში, დღეს ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე მისი მთავარი მეტოქე!

 „ქვეყნის აყირავების“ საფრთხე აიძულებს სწორედ „ოცნების“ ლიდერს  შექმნას პირობები, რომელშიც „ევროპული საქართველო“ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს და ეს პარტია თავადაც აღარ იქნება დაინტერესებული „აყირავებაში“. ზუსტად ამიტომ არ უნდა ბიძინას, დაასახელოს კანდიდატი - იმედი აქვს, პრეზიდენტი დათო ბაქრაძე სიტუაციას „დააბალანსებს“!

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ურთულესი „კვანძის“ გახსნა ოქტომბერში შედგება.....ან ასე - ან ისე. ოღონდ ამ გამანადგურებელი „დეტონატორის“ გაუვნებლება იოლად უკვე ვეღარ მოხერხდება.