ბაქრაძის პირველი კომენტარი

ბაქრაძის პირველი კომენტარი

[თეონა ხარაბაძე]

როგორც იქნა პარლამენტის თავმჯდომარემ „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პრინციპში, მისი განცხადება იმდენად დაგვიანდა და ისე ჰგავს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ შეეძლო, არც აფერი ეთქვა.

მაგრამ, როგორც ჩანს, თავი მაინც დაიზღვია და ბიუროს საგანგებო სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

მისი მტკიცებით, ვიდრე არსებული ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია, ქართულ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება არ გადაიხედება და მართლმადიდებელი ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი ექნება. 

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, კათოლიკოს პატრიარქის და წმინდა სინოდის პოზიცია ჩასაფრებული ადამიანებისთვის სერიოზული სიგნალია და კარგად უნდა გაიაზრონ. 

ბაქრაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, ილია მეორეს „როგორც ყოველთვის, ისევე ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად გონივრული და ბრძნული პოზიციისთვის“.

ასევე მადლობა გადაუხადა წმინდა სინოდს კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გუშინ იყო მიღებული წმინდა სინოდის სხდომაზე. 

ბაქრაძის შეფასებით, „მისი უწმინდესობის და სინოდის ეს პოზიცია უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის სიგნალი, რომლებიც მუდმივად ჩასაფრებულნი არიან და ცდილობენ ყველა თემა საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის, ქვეყანაში დაძაბულობის პროვოცირებისთვის და რაღაც არეულობისა და განხეთქილებისთვის გამოიყენოს. ვფიქრობ ამ ადამიანებმა უწმინდესობისა და სინოდის პოზიცია კარგად უნდა გაიაზრონ“.

ამასთან, მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ „ძალა ერთობაშია“ გულისხმობს ყველა იმ ადამიანის რწმენის პატივისცემას, ვინც საქართველოში ცხოვრობს. 

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რწმენის თავისუფლება არის ერთერთი ფუნდამენტური დებულება, რაც წმინდა სინოდის გუშინდელ განცხადებაში იყო აღნიშნული და ქართული საზოგადოება, ყოველთვის ცნობილი იყო თავისი შემწყნარებლობით და ტოლერანტობით განსხვავებული რელიგიების მიმართ. 

მისი თქმით, საქართველოს აქვს საუკეთესო ისტორიული მაგალითი, როდესაც წმინდანად შერაცხული მეფე დავით აღმაშენებელი რეგულარულად დადიოდა მეჩეთში, სინაგოგაში და ამ გზით გამოხატავდა ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას განსხვავებული რელიგიების მიმართ. 

„ეს არის ჩვენი სიმდიდრე და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ძალა ერთობაშია, ერთობა გულისხმობს ყველა იმ ადამიანის რწმენის პატივისცემას, ვინც საქართველოში ცხოვრობს“, - განაცხადა ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში ყოველთვის იარსებებს რელიგია, რომელიც სრულიად განსხვავებულია ყველა სხვა რელიგიისგან და ეს მართმადიდებელი ეკლესიაა. მართლმადიდებელ ეკლესიას ეკავა და უკავია განსაკუთრებული ადგილი ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და ეს ადგილი მას საკონსტიტუცო შეთანხმებით აქვს გარანტირებული. საკონსტიტუციო შეთანხმება კი, ბაქრაძის განმარტებით, ყველაზე მაღალი ფორმა და საკანონმდებლო და იურიდიული გარანტიაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის.

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ „სამოქალაქო კოდექსში“ შესული ცვლილებები ქონებრივ ვალდებულებებს არ შეიცავს და ქონების საკითხის ამ ინიციატივაზე ავტომატურად მიბმა დაუშვებელია. 

მისი თქმით, საკონსტიტუციო შეთანხმებით საეკლესიო ქონების განკარგვა გადაცემული აქვს ქართული მართლმადიდებელ ეკლესიას.

„ეს არის თემა, სადაც ეკლესიას პოზიცია იქნება განმსაზღვრელი“, - დასძინა ბაქრაძემ.

ამასთან, კიდევ ერთხელ გაიმეორა მთავრობის მხრიდან ბოლო დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ნათქვამი, რომ ეკლესიებისთვის ქონების გადაცემის საკითხებს საგანგებო კომისია გადაწყვეტს. ოღონდ მის ნათქვამში სიახლე ის იყო, რომ ამ კომისიაში პარლამენტს წევრებსაც ექნებათ მუშაობის უფლება.

შეგახსენებთ, რომ ქონების გადაცემასთან დაკავშირებით საგანგებო კომისიის შექმნის საკითხი საპატრიარქოში შეთანხმდა და იმ საღამოსვე საგანგებო განცხადება პრემიერმინისტრმა გააკეთა.

ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ იგი გილაურის ამ განცხადებას მხარს უჭერს და დასძინა, რომ კონკორდატზე მონიტორინგის კომისიაში პარლამენტიც ჩაერთვება.

იგი პარლამენტის სახელით ინიციატივით გამოვიდა, რომ მთავრობასთან და საპატრიარქოსთან ერთად კომისიის მუშაობაში, პარლამენტმაც მიიღოს მონაწილეობა. კერძოდ, კომისიის მუშაობაში ჩაერთვება წარმომადგენელი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან.

გარდა ამისა, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის დაკნინება არ ხდება. 

მისივე თქმით, რელიგიურ გაერთიანებებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირებად, საქართველოში კი 6 ათასამდე იურიდიული პირია, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან სკოლები ბაღები, პოლიკნილიკები და ა.შ. 

ბაქრაძემ განმარტა, რომ ქვეყანაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებით სარგებლობს, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიაა.

„მიღებული ცვლილებით, არანაირი ფორმით არ ხდება ამ სტატუსის დაკნინება“, - განაცხადა ბაქრაძემ და განმარტა, რომ სამართლებრივად ეს დეტალი გასაგები იყო, მაგრამ დამატებითი კომენტარი საჭირო იყო.

ასეთია ბაქრაძის ნაგვიანევი პოზიცია, მაგრამ გაუგებარი ის არის, ამ კანონს პირველი მოსმენისას ხმა რატომ არ მისცა?

მას ამაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ საკითხის პირველი მოსმენით მიღებისას მან ხმა არ მისცა. მერე კი საქართველოში არ იმყოფებოდა. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ცხადია, პოზიციის დაფიქსირებას საზღვარგარეთიდანაც შეძლებდა.

პრესაჯი.ტვ ცოტა ხნის წინ წერდა იმის შესახებ, რომ როდესაც პარლამენტი გადაწყვეტილებას რაიმე სადაო საკითხზე იღებს, დავით ბაქრაძე პარლამენტში არასოდეს იმყოფება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეინიშნება. ქვეყნის მეორე პირს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავის ასარიდებლად ხან აქვს ოფიციალური მიზეზი და ხანაც - არა. მაგრამ ფაქტია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მნიშვნელოვან მომენტში პარლამენტში არ იმყოფება.

მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რატომ ცდილობს ბაქრაძე ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას. თანაც ამას ისე აკეთებს, რომ ეს საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი. ჯერჯერობით, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, მაგრამ საარჩევნოდ ეს ყველაფერი ნათელი გახდება და გამოჩნდება, დღეს გაჩუმებული ბაქრაძე ხვალისთვის რას და რატომ ფიქრობს.