მომხმარებლებს “ჯეოსელის” მიმართ 5-თეთრიანი პრეტენზია გაუჩნდათ

მომხმარებლებს “ჯეოსელის” მიმართ 5-თეთრიანი პრეტენზია გაუჩნდათ

[გიორგი ბექაური]

ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წინააღმდეგ საჩივრები ლამის ყოველ დღე „ცხვება“. ხან კომპანიები უჩივიან ერთმანეთს, ხანაც მომხმარებლები კომპანიებს. ამჯერად აბონენტების ჯერია და ისინი მობილურ ოპერატორ „ჯეოსელს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ.

საქმე ისაა, რომ ბოლო დროს „ჯეოსელმა“ თავის მომხმარებლებს შიდა ქსელში 0-თეთრიანი ტარიფი შესთავაზა, ანუ საუბრის წამოწყება 5 თეთრი ღირს, ხოლო შემდეგ წუთის საფასური 0 თეთრია.  ამ სატარიფო გეგმით უამრავი აბონენტი საუბრობს.

თუმცა, ხშირად საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კავშირი წყდება, მომხმარებელს კი ზარის ხელახლა განხორციელება და, შესაბამისად, კვლავ 5 თეთრის გადახდა უწევს. აქ კომპანიის ეშმაკობა ადვილი გამოსაცნობია. ვინც დიდხანს საუბრობს, ის კომპანიას ფინანსურად აზარალებს, ამიტომაც მათ კავშირი უწყდებათ და მორიგი ზარისთვის 5 თეთრის გადახდაც უწევთ.

„ჯეოსელში“, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებას უარყოფენ. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა განაცხადა, აბონენტების საჩივარი კომპანიაში ამ თემაზე არ შესულა და შესაბამისად, მას ინფორმაცია არ აქვს.

„შეიძლება, ამის მიზეზი ბევრი რამ იყოს, მათ შორის, ტექნიკური შეფერხებაც. უფრო დეტალურად საკითხში გავერკვევი თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემა მართლაც არსებობს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ჯეოსელს“ მომხმარებელები ადანაშაულებენ და ეს ამბავი საჯარო იხილება. ამ რამდენიმე თვის წინათ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო კომპანია სოლიდურადაც დააჯარიმა. სხვათა შორის, ეს ჯარიმა „ჯეოსელმა“ სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ამაოდ. სასამართლოც კომისიის და უფლებაშელახული მომხმარებლების მხარეს დადგა.

დაახლოებით 6 თვის წინათ „ჯეოსელმა“ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი წააგო. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგულირებლის მიერ კომპანიაზე დარიცხული 90-ათასიანი ჯარიმა სამართლიანი იყო.

საქმე ეხებოდა კომუნიკაციების კომისიის გამოტანილ გადაწყვეტილებას და ჯარიმას, რომელიც კომპანიას „ლაი-ლაის“ აბონენტებისთვის უფლებების დარღვევის მიზეზით დაეკისრა.  მარეგულირებელში აცხადებდნენ, რომ კომპანია „ლაი-ლაის“ აბონენტებს ზარებზე გადასახდელ თანხას არ 1 წამის სიზუსტით კი არ უანგარიშებდა, არამედ საუბარს 5 წამამდე ამრგვალებდა.  „ჯეოსელში“ კი ამტკიცებდნენ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტი ბუნდოვანი იყო და კომპანიას საშუალებას ჰქონდა საუბარი 5 წამამდე დაემრგვალებინა.

გარდა ამისა, „ჯეოსელს“ („მაგთისაც“ და „ბილაინსაც“) ხშირად ადანაშაულებენ სარეკლამო რგოლების გაურკვევლობის გამო, რის გამოც მომხმარებელები ხშირად შეცდომაში შეჰყავთ. რგოლები მცირე ზომის შრიფტისა და დროის სიმცირის გამო მომხმარებლებისათვის ძნელად აღქმადია და მათ ამ მომსახურების პირობებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ აწვდის.

ამიტომაც მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, „ჯეოსელსა“ და „ბილაინს“ მოუწევთ, ყველა სარეკლამო რგოლი ადვილად აღქმადი ფორმით დაამზადონ და ისე განათავსონ. კომისია ითხოვს კომპანიებისგან, რომ მათმა სარეკლამო რგოლებმა მომხმარებელს ნათელი წარმოდგენა უნდა შეუქმნას შეთავაზებული მომსახურების პირობებზე.

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ინიციატივით, გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება მუშა ჯგუფი, რომელიც ყველა მოქმედი ოპერატორისთვის მისაღებ სახელმძღვანელო ფორმას შეიმუშავებს თუ რა ზომის და ხანგრძლიობის უნდა იყოს სარეკლამო რგოლებში ტექსტური ნაწილი.