სანდრო თვალჭრელიძე:

სანდრო თვალჭრელიძე: "თუ ოპოზიციაში ფულიანი ხალხი გამოჩნდა, ყველაფერი აირ-დაირევა"

"რუსეთისა და პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პუტინის განცხადებების ადრესატი უფრო ტრამპი და დასავლეთი იყო, ვიდრე საქართველო და უკრაინა. ეს ყველაფერი ერთხელაც ცხადყოფს, რომ რუსეთთან პატარა დათმობაც კი შეიძლება იმის საფუძველი გახდეს, რომ თვითონ გადავიდეს შეტევაზე. პუტინმა პირდაპირ უთხრა დასავლეთს, არ მიიღოთ უკრაინა და საქართველო ნატოშიო. თუმცა, ვფიქრობ, დასავლეთს აქვს თავისი დღის წესრიგი და ეს მუქარა ვერაფერს შეცვლის", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ ოპოზიციაში ფულიანი ხალხი გამოჩნდა, ყველაფერი აირ-დაირევა" / "დარწმუნებული ვარ, ყოფილი პრემიერის გუნდის მისამართით ბევრს დაქადნებულიც ექნება, მოგხსნიან და მერე მოგივლითო" / "რუსეთისგან სამხედრო აგრესიას არ ველი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა" / "მრჩება შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილის თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარებებიც მართული პროცესია. ჭორებს და შავ პიარს კი, სავარაუდოდ, ის ხალხი აგორებს, რომელთა ინტერესები კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიბლოკა". 

"რუსეთისგან სამხედრო აგრესიას არ ველი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ისევ დაბლოკონ ქართული პროდუქცია, რისი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა. როგორც კი ნატოსკენ უმცირეს ნაბიჯს გადავდგამთ, რუსეთში მაშინვე ქართული ღვინის ხარისხზე იწყებენ ლაპარაკს. ახლაც ასე იყო. ნატოს ბოლო სამიტზე თითქოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რითაც უკმაყოფილოც კი დარჩა ქართველი საზოგადოება, მაგრამ კრემლის რეაქცია მაფიქრებინებს, რომ ჩვენი პოზიციები ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ გზაზე, როგორც ჩანს, უფრო გამყარდა და პუტინმაც არ დააყოვნა. ამ ვითარებაში საქართველოს სჭირდება დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობა. დავით ზალკალიანი ჭკვიანი ადამიანია, მაგრამ როგორ მოახერხებს ქართული საგარეო პოლიტიკა ამ პროცესებთან გამკლავებას, ვნახოთ. ამას დიპლომატიური ხელოვნება და დიდი გამჭრიახობა დასჭირდება. რუსეთი არის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ვერაფერი უშველა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატმა. დაწესებული მკაცრი სანქციები ქვეყანას უფრო და უფრო ასუსტებს. ეს არის ძალიან ჩამორჩენილი ქვეყანა და რაიმე რესურსი, რომ დააშინოს ამერიკის შეერთებული შტატები, მას არ აქვს... რაც უნდა თქვას ტრამპმა, სახელმწიფო პოლიტიკას ვერ შეატრიალებს. ჩემი აზრით, პროცესების სვლა ცივი ომისკენ, თავისი მწვავე და და მშვიდი ფაზებით, კვლავ გაგრძელდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

"ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო იმ ცვლილებებს, რაც ახალმა პრემიერმა შემოგვთავაზა. თავიდანვე გეტყვით, რომ მე მომწონდა გიორგი კვირიკაშვილი და დღესაც ვფიქრობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის საუკეთესო პრემიერი იყო. ეს სტრუქტურული ცვლილებები კი არის ბუტაფორიული. ამ გზით მთავრობის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლებლად მიმაჩნია. თითქოს ტრადიციად მკვიდრდება, რომ ყოველი ახალი პრემიერი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას ცდილობს, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია. ყოველი ახალი პრემიერი ფიქრობს, რომ მასზე ჭკვიანი არავინ არის, არადა, სახელმწიფო სტრუქტურა და მისი მართვა არ არის ისეთი მარტივი, რომ დაჯდე კაბინეტში, დახატო რაღაც და ქვეყანა ააღორძინო. სახელმწიფო მართვა არ არის კომპანიის მენეჯმენტი, ეს სულ სხვა სფეროა, რომელსაც სხვა ინსტრუმენტები და ცოდნა სჭირდება. წავიკითხე ბახტაძის 52-გვერდიანი ეკონომიკური პროგრამა, რომელშიც ახალი ვერაფერი დავინახე. ჩემთვის სრულიად გაუგებარია კულტურის სამინისტროს გაუქმება. ბატონმა ბახტაძემ ბრძანა, რომ ეს გაერთიანება ემსახურება ჩვენი ახალგაზრდობის სრულყოფილ აღზრდას. კი მაგრამ, კულტურა მარტო ახალგაზრდობის კუთვნილებაა? მას ათასწლეულების განმავლობაში ქმნიდნენ, მისი ასე აბუჩად აგდება არის ეროვნული და სახელმწიფოებრივი დანაშაული. ერთ სამინისტროში ამდენი რამის თავმოყრა ნიშნავს, რომ ვერც ერთის მართვა ვერ მოხერხდება ნორმალურად", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი საკანონმდებლო სისტემის შექმნაში პარლამენტს გიორგი კვირიკაშვილმა შეუშალა ხელი, ეს არის სრული ნონსენსი; რბილად რომ ვთქვათ, მიამიტური, ბავშვური, ოროსანი მეორეკლასელის გამოსვლა. კობახიძის განცხადება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისე გამოიყვანა, თითქოს პარლამენტი ყოფილიყოს ანგარიშვალდებული მთავრობასთან და არა პირიქით. შესაძლოა, კობახიძე გულისხმობდა იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილი იმჟამად იყო პარტიის თავმჯდომარე და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაზე მუშაობისას სწორედ პარტიული გადაწყვეტილებით მიიღეს ცვლილებები. ფაქტი ერთია: მივიღეთ შრომის უსაფრთხოების ისეთი კანონი, რომელმაც ქართველი დასაქმებული მონად აქცია. ახლა შეცვალონ, კვირიკაშვილი ხომ აღარ უშლით ხელს?! ვიღაცისთვის ეს დაგვიანებული იქნება - ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ იქნებ სხვები მაინც გადაარჩინონ!.. ეს პროცესი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ "ქართული ოცნების" ამჟამინდელ თავმჯდომარის პრიორიტეტი როგორმე სიმშვიდის შენარჩუნებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ბოლო წვეთი იყო ის ქუჩის აქციები, რომლებიც ჯერ ღამის კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას მოჰყვა, შემდეგ კი ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას - გიორგი კვირიკაშვილი მართლაც ვერ გაუმკლავდა ამ პროტესტს, მიამიტურად მიუდგა. იფიქრა, მივალ აქციაზე და ყველაფერი კარგად იქნებაო...", - თვლის ექსპერტი

"ამ პროცესებს კი მართვა სჭირდებოდა მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ძალოვან სტრუქტურებს არ მართავდა. მას თეა წულუკიანიც კი არაფერს ეკითხებოდა. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობაში ერეოდა. თუმცა ერთია ადამიანის შეცვლა და მეორე - ტალახის ის ნიაღვარი, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს მისი და მისი გუნდის წევრების მიმართ... მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილის თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარებებიც მართული პროცესია. ჭორებს და შავ პიარს კი, სავარაუდოდ, ის ხალხი აგორებს, რომელთა ინტერესები კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიბლოკა. დარწმუნებული ვარ, ყოფილი პრემიერის გუნდის მისამართით ბევრს დაქადნებულიც ექნება, მოგხსნიან და მერე მოგივლითო... უშვებენ იმ ხალხს, ვინც ოდნავ მაინც არის დაკავშირებული კვირიკაშვილთან, ყოფილი პრემიერის გუნდს სოცქსელებიდანაც შეუტიეს. თუ დღეს კვირიკაშვილის წინააღმდეგ აგორებული ეს შავი პიარი იმას ემსახურება, რომ საარჩევნოდ დაგვაჯერონ, თითქოს ყველაფერი ცუდი კვირიკაშვილის ბრალი იყო და ახლა ესენი ააშენებენ ქვეყანას, ძალიან ინფანტილური იმედი ჰქონიათ... ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კვირიკაშვილი პოლიტიკაში მოსვლამდეც იყო ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენელი. ძალიან უცნაურია, რომ მათ შორის ასეთი უთანხმოება მოხდა - ერთი რამ აშკარაა: "ქართულ ოცნებაში" ადამიანური რესურსების დიდი დეფიციტია და სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო პროფესიულად მოუმზადებელი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში", - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

"რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ცენტრიდანული პროცესები მით უფრო გააქტიურდება - ერთი დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიის დაშლას არ ნიშნავს, მაგრამ აშკარაა, რომ პარტიაში უკმაყოფილება დიდია. ეს არის ძალიან ამორფული წარმონაქმნი. იქ ხომ ხალხი იდეოლოგიური თვალსაზრისით არ არის გაერთიანებული - მათ აერთიანებთ ძალაუფლებისკენ ლტოლვა და ბიძინა ივანიშვილი. როგორც კი ძალაუფლების ხელიდან გამოცლის საფრთხეს დაინახავენ, მაშინვე აჯანყდებიან ან თუ დაინახეს უფრო ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, მასთან ისკუპებენ. ოპოზიცია ახლა სუსტია, ამიტომაც მათ ჯერჯერობით სჭირდებათ "ქართული ოცნების" ძალა და ფინანსები, მაგრამ თუ ოპოზიციაში გამოჩნდა ფულიანი ხალხი, ყველაფერი აირ-დაირევა", - მიიჩნევს თვალჭრელიძე.

"როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა არსებობს და ქვეყნის მართვა ერთი ძალის ხელშია, არის დიდი საფრთხე, რომ მათ ავტორიტარიზმისკენ გაექცეთ ხელი, მით უფრო, რომ ორი ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ უფრო დიდხანს დარჩენის სურვილი მძაფრდება ხოლმე. თუ "ოცნება~ ავტორიტარიზმის გზას დაადგა, მაშინ ნამდვილად დასჭირდება კეზერაშვილის მსგავსი და მასზე უარესი ხალხი, ვინც ყველაფერზე იქნება წამსვლელი. ამ დროს საზოგადოების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. მაიმედებს ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში სოციალური პროტესტი კი ქრება და "ქართულმა ოცნებამ" როგორმე დასკვნები უნდა გამოიტანოს. ჩემი აზრით, ლაკმუსის ქაღალდი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ვნახოთ, ვის დაასახელებს მმართველი ძალა კანდიდატად", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - "პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" ელოდება მის გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე და ამიტომ აჯანჯლებს საკუთარი კანდიდატის დასახელებას...", - პასუხობს: 

"გამიჭირდება იმის თქმა, ვინ ვის ელოდება, თუმცა, ვფიქრობ, მარგველაშვილი სწორად იქცევა, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ რომ არ ამხელს. მას აუცილებლად ექნება გამარჯვების შანსი, თუ "ქართული ოცნება" მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მმართველი ძალა არჩევნებს წააგებს. მოგეხსენებათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და კიდევ რვა პარტიამ დაასახელა კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე. ვფიქრობ, რა შესაძლებლობაც ჰქონდათ, საუკეთესო კანდიდატი შეარჩიეს, თუმცა მას შანსი არ აქვს... ნამდვილად განათლებული და გაწონასწორებული ადამიანია, ასევე პლუსია ისიც, რომ ნინო ანანიაშვილის მეუღლეა... ერთი კია - ცოტა უცნაურია, როდესაც ზოგიერთი ამბობს, რომ ვაშაძის გვერდით მისი დასავლური ორიენტაციის გამო დგას და ეს მაშინ, როცა ამ "დასავლური კურსის მიმდევარმა" ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარა..."