"გიორგი კვირიკაშვილის დროინდელი კადრების წმენდა ხელისუფლებაში გრძელდება. დიმიტრი ქუმსიშვილის, მიხეილ ჯანელიძისა და მიხეილ გიორგაძის შემდეგ, თანამდებობას ტოვებს გიორგი მღებრიშვილი "საკუთარი სურვილით" და უკვე კულუარებში ითქვა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, თანამდებობებს გამოეთხოვონ გუბერნატორებიც. ამასთან, კულუარული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, მღებრიშვილი გახდეს მესამე ყოფილი მინისტრი, ქუმსიშვილისა და ალავიძის შემდეგ, ვისი საქმიანობის შესწავლასაც პროკურატურა დაიწყებს. ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას თქმით, თუკი პროკურატურა გადაწყვეტს, გიორგი მღებრიშვილის საქმიანობით დაინტერესდეს, კეისების მოძიება არ გაუჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კვირიკაშვილის კადრების წმენდა, შემდეგი მღებრიშვილია - რომელ გუბერნატორებს გაუშვებენ მალე.
"შეიძლება, ეს იყოს ნარკოტიკების "ჩადების" არაერთი გახმაურებული საქმე თუ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების ჯერ ისევ გამოუძიებელი საქმე. "თუკი რომელიმე პირმა, ვინც თავის დროზე "ჩადებების" საქმეში მონაწილეობდა, აღიარა ის, რომ ეს ყველაფერი მაშინდელ შს მინისტრთან იყო შეთანხმებული, მაშინ მღებრიშვილს პასუხისგება მოუწევს. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მოხდეს. არ მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა დამატებითი პოლიტიკური სკანდალები სჭირდებოდეს, მაგრამ მღებრიშვილი იქნება ის ერთგვარი საქაღალდე, რომელიც თაროზე იქნება შემოდებული და მას მაშინ ჩამოიღებენ, როდესაც საჭირო გახდება რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, ეს "ოცნება" იქნება, თუ შემდგომ მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ, თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე, ეს იყო ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი დარტყმა", - ამბობს მირცხულავა... გუშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა წასვლა თავად გადაწყვიტა. მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება დააკმაყოფილა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, მღებრიშვილს განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება ახალმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მოსთხოვა. უფრო მეტიც, კულუარებში უკვე ისიც ითქვა, რომ, გამორიცხული არ არის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის შემდეგ, პროკურატურამ მღებრიშვილის საქმიანობის შესწავლაც დაიწყოს. ზურაბ ალავიძე მარტში გაუშვეს თანამდებობიდან და მის ადგილზე ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი კადრი - მაია ცქიტიშვილი დაინიშნა. როგორც მაშინვე ითქვა, ალავიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროში კორუფციული გარიგებების გამო გაათავისუფლეს. თუმცა პროკურატურა მის სამინისტროში დარღვევებით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კვირიკაშვილი წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან. გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე კი, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე, ის შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა. გოჩა მირცხულავას თქმით, გიორგი მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოყვანილი კადრი იყო, რომელსაც შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი მფარველობდა და შს მინისტრობის პერიოდში მღებრიშვილმა ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი ზიანი დააგროვა", - განაგრძობს გამოცემა.
"გაგახსენებთ თუნდაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ასევე - მასობრივი "ჩადებების" აქციებს, რომლებსაც მღებრიშვილის ხელმძღვანელობით პოლიციელები უწყობდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. გახმაურებული ფაქტი იყო "ბირჟა მაფიის" საქმე; ასევე - ელისო კილაძის შვილის, დათო ხარშილაძის საქმე, როდესაც სასამართლომ გადაწყვეტილებით ლამის თავზე დაახურა პოლიციას; ასევე იყო პრეზიდენტის შვილის მეგობრების საქმეც. ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ეკისრება და ჩვენ ვხედავდით, რომ ყველა ასეთ სიტუაციაში კვირიკაშვილი მღებრიშვილს აფარებდა ხელს. ის ერთგვარი თანამონაწილეც კი გახდა, რადგან შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც არ დაუყენებია. მე ვფიქრობ, რომ როდესაც მფარველი კვირიკაშვილი გადაყენებულია, მღებრიშვილი მთავრობაში არასასურველ პერსონად მოიაზრებოდა და, ამდენად, მისი გაშვება ამ ფონზე ლოგიკურია. აქ ასევე არის კიდევ რამდენიმე მომენტიც, სვანეთში მომხდარი ტრაგედიის ფარგლებში სამაშველო სამსახურის რიგითმა წევრებმა მართალია, თავდადებით იმუშავეს, მაგრამ მღებრიშვილის მხრიდან რეაგირება ერთგვარად დაგვიანებული იყო და შესაძლოა, დამატებითი ფაქტორი ესეც გახდა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა მირცხულავა.
"უნდა ველოდოთ თუ არა საკადრო ცვლილებების გაგრძელებას ხელისუფლებაში? "ოცნების" კულუარებში ამბობენ, რომ გამორიცხული არ არის, მღებრიშვილის მსგავსად, უახლოეს ხანში თანამდებობა დაატოვებინონ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, გუბერნატორ ლევან შონიას და ასევე შესაძლოა, შონია პროკურატურაშიც დაიბარონ. გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ, მისი თვალსაზრისით, იმერეთის გუბერნატორის გარდა, აბსოლუტურად ყველა გუბერნატორი შესაცვლელია. "იმიტომ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კორუფციულ გარიგეგებაში და ეს მნიშვნელოვნად არტყამს "ოცნების" ხელისუფლებას. თუ ეს ცენტრში არ ჩანს, რეგიონებში მოსახლეობა ამას ხედავს. გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ 2-3-მა გუბერნატორმა სხვადასხვა პარტიაში ემისრებიც გაგზავნა, ჩვენს რეგიონში ყველაფერი კარად იქნება და არჩევნები ხუთიანზე ჩატარდებაო. რას ნიშნავს "კარგად იქნება", ამაზე უკვე "ოცნებაში" უნდა იფიქრონ", ამბობს მირცხულავა, რომლის თქმით გუბერნატორებმა "ვირეშმაკული თამაშები დაიწყეს...", - დასძენს გამოცემა.