„იბერმითის“ გამო რეგიონებში ათეულობით სასაკლაო გაჩერებულია

„იბერმითის“ გამო რეგიონებში ათეულობით სასაკლაო გაჩერებულია

საქართველოში ათეულობით სასაკლაო გაჩერებულია. „რეზონანსი“ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასაკლაოს დაუკავშირდა, რომელთა მფლობელებმაც აღნიშნეს, რომ საქმიანობას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ყველაზე დიდი ბაზარი, თბილისი, მათთვის დაიხურა. ფაქტობრივად, „ვეტერინარიის შესახებ“ კანონში, მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლის შესახებ შესაბამისი მუხლები, მხოლოდ თბილისისთვის ამოქმედდა, რათა მას ნატახტარის სასაკლაო „იბერმით ჯორჯიასთვის“ მონოპოლიური გარემო შეექმნა. უფრო მეტიც, „იბერმით ჯორჯიამ“ სახელმწიფო ფუნქცია აიღო. კომპანიის უსაფრთხოების სამსახური არალეგალურად (უსაბუთოდ) მოხვედრილი ხორცის კონტროლს თვითონ ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ მსგავსი კონტროლისგან ხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს.

თბილისს კი, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნატახტარის სასაკლაო აკონტროლებს, ბაზრების ნაწილს კი თელეთის სასაკლაო. ოფიციალური ინფორმაციით კი, საქართველოში 32 სასაკლაო გაიხსნა, თუმცა აქედან სრული დატვირთვით ნატახტარისა და თელეთის სასაკლაოები საქმიანობენ. „რეზონანსს“ დანარჩენი სასაკლაოების მფლობელებთან გაარკვია, რომ მათ კლიენტი არ ჰყავთ. არადა, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, მეწარმეებმა კრედიტები აიღეს დამაღალი სტანდარტის სასაკლაოები გახსნეს. აღმოჩნდა, რომ მათი შრომა და ფინანსები წყალში ჩაიყარა, ვინაიდან სხვადასხვა რაიონების ადგილობრივ ბაზრებზე საქონელს ძველებურად «სახლებიდან ამარაგებენ», ხოლო რაიონის სასაკლაოებიდან თბილისში ხორცის შეტანა აიკრძალა, თუმცა ამ აკრძალვას კანონი არ ითვალისწინებს.

საქონლის სასაკლაოზე დაკვლის აუცილებლობას არეგულირებს „ვეტერინარიის შესახებ კანონი“. ამ კანონის მიხედვით, თუკი რეგიონში საქმიანობს თუნდაც ერთი სასაკლაო, საქონელი იქ უნდა დაიკლას და სარეალიზაციოდ შესაბამისი სასაკლაოს ვეტექიმის მიერგაცემული „ფორმა 2“-ით უნდა გავიდეს, რომელიც ადასრტურებს, რომ საქონელი დაკვლამდე ჯანმრთელი იყო.

 

„ვეტერინარიის შესახებ“ კანონში არსად წერია, რომ ერთი რაიონის სასაკლაოდან ხორცის სარეალიზაციოდ მეორე რაიონში გატანა აკრძალულია; ანუ მაღაზიების მფლობელებს „ვეტერინარიის შესახებ“ კანონი აძლევს უფლებას, რომ საქართველოში მდებარე ნებისმიერ სასაკლაოზე დაკლული ხორცი გაყიდოს.

 

თუმცა, მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერად აუკრძალეს ნატახტარის სასაკლაოს გარდა, სხვა სასაკლაოდან ხორცის შემოტანა. მათი თქმით, ამის უფლება, რომ ჰქონდეს ჯანსაღი კონკურენცია იქნებოდა და ხორცის ფასიც უფრო დაბალი.

„ვაკეში“ მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში „რეზონანსი’  თვითონ შეესწრო, როდესაც მაღაზიაში „იბერმით ჯორჯიას’ წარმომადგენელი შემოვიდა და გამყიდველს მოსთხოვა „ფორმა 2“, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს საბუთი ნამდვილად „იბერმითის“ სასაკლაოს მიერ იყო გაცემული. გამყიდველის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ ნატახტარის სასაკლაოს მიერ გაცემული „ფორმა 2“.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, ყოველთვის მოდიან და გვამოწმებენ, რომ ჩვენს მაღაზიაში ნატახტარის სასაკლაოზე დაკლული ხორცი იყიდება’, - ამბობს გამყიდველი ნინო მესხი (მისი თხოვნით სახელი და გვარი შეცვლილია).

რა ინფორმაცია გაქვთ, აქვს თუ არა კერძო კომპანიის წარმომადგენელს იმის უფლება, რომ ხორცზე კონტროლი განახორციელოს? რომ არ აჩვენოთ ნატახტარის სასაკლაოს მიერ გაცემული ფორმა 2 რა მოხდება?

- რა მოხდება ვერ გეტყვით. ხორცი ყოველთვის ნატახტარის სასაკლაოდან შემოდის. არასდროს გამიპროტესტებია, რატომ მთხოვს »იბერმითის» წარმომადგენელი «ფორმა 2»-ს. კანონში რა წერია არვიცი, მაგრამ აბსოლუტურად ყველა მაღაზია, სადაც არ უნდა მიხვიდეთ, ხორცი ნატახტარის სასაკლაოდან მოაქვს, ვინაიდან თუ ამ სასაკლაოდან არ შემოიტანს დაჯარიმდება.

 

„იბერმით ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე კახა მაზანიშვილი „რეზონანსთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მაღაზიებს მართლაც ამოწმებენ, სარეალიზაციოდ გამოტანილ ხორცს აქვს თუ არა „ფორმა 2“. კახა მაზანიშვილის თქმით, შემოწმება პრევენციის მიზნით ხვდება, რათა თბილისში უსაბუთო ხორცი არ მოხვდეს.

„ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სამსახური. ვახორციელებთ კონტროლს იმ მიზნით, რომ თბილისში უსაბუფო ხორცი არ შევიდეს’, -ამბობს მაზანიშვილი.

მსგავის კონტროლის განხორციელება სახელმწიფოს პრეროგატივაა, თქვენ რატომ აიღეთ ეს ფუნქცია თქვენს თავზე?

კ.მ: ჩვენ, უბრალოდ, ვფრთხილობთ, ამას პრევენციის მიზნით ვაკეთებთ.

ხორცის გამყიდველებმა გვითხრეს, რომ თუ მათ თქვენს მიერ გაცემული «ფორმაარ ექნება, დაჯარიმებით ემუქრებით?

კ.მ: ეს არის ტყუილი. არავის ვემუქრებით, ამის უფლება არ მაქვს. შემიძლია თქვენთან ერთად შემოვიარო მაღაზიები და თუ ვინმე დამისახელებს, რომ ჩვენი სასაკლაოს კონკრეტული პირი მას დაჯარიმებით დაემუქრა, საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი.

ჩვენ რესპონდენტებს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, რომ «იბერმით ჯორჯიას» ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთთან ერთად დაესახელებინათ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მიუთითებს, რომ თუ უნდათ, რომ არ დაჯარიმდნენ ხორცი აუცილებლად ნატახტარის სასაკლაოზე უნდა შეიძინონ, თუმცა მათ სამსახურის დაკარგვის შიშით უარი გვითხრეს. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი ღია საუბარზე უარს იტყოდნენ, როდესაც კომპანიის წარმომადგენელს უსიტყვოდ ემორჩილებიან და აჩვენებენ «ფორმა 2»-ს, რომლის მოთხოვნის უფლებაც არ აქვთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ჩადუნელის განცხადებით, კანონით ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის ხორცის ხარისხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების უფლება მხოლოდ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს აქვს.

გარდა ამისა, თვითონ «ფორმა 2»-ს სახელმწიფო ვეტერინარი გასცემს. «ვეტერინარიის შესახებ» კანონის მიხედვით, სასაკლაოს უნდა ჰყავდეს კერძო ვეტექიმი, რომელიც საქონლის ხორცს სხვადასხვა ვეტერინარულ დაავადებებზე ამოწმებს; ხოლო რამდენად იყო ყველა პროცედურა დაცული, ამას აკონტროლებს სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი, რომელის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელია. კანონის თანახმად, სწორედ სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი გასცემს ვეტერინარულ საბუთს - ფორმა N2, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი ჯანმრთელი იყო.

საქართველოს მასშტაბით სულ 32 სასაკლაო გაიხსნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი საქმიანობას ვერ ახერხებენ.

გივი ბლიაძე, შპს «აისი 2005» ხაშურის რაიონი სოფელი ოსიაური: «სასაკლაო გაჩერებულია. მოთხოვნა არ იყო და ამიტომ გავაჩერეთ. სამწუხაროდ, გაჩერების მიზეზებს ვერ გეტყვით».

ზაზა ჭოხონელიძე, შპს «შულა», მარნეულის რაიონი სოფელი შაუმიანი: «ვერ ვმუშაობთ, კლიანტი არ შემოდის».

რატომ ვერ მუშაობთ, შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებთ თუ რა არის მიზეზი?

ზ.ჭ: სტანდარტებს, როგორ არ ვაკმაყოფილებთ, 3 წელი ამის გახსნას ველოდით, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვმუშაობთ.

პეტრე კაკონაშვილი, თელავის რაიონის სოფლები ვარდისუბანი: »გაჩერებულია, თვენახევარია რემონტი გვაქვს და ამ მიზეზით. დასაკლავიც არ არის, რაოდენობა ძალიან მცირეა. ადრე თბილისში გადიაოდა, ახლა თბილისის ბაზარი ლიმიტირებულია, სხვა მოთხოვნები აქვთ. ჩვენ, ძირითადად, თელავის ბაზარზე ვმუშაობთ».

შპს «ბურმუხა», კასპის რაიონი: «სასაკლაო არ მუშაობს, მიზეზი ვითომ არ იცით. იმიტომ არ ვმუშაობთ, რომ ხორცი მარტო ნატახტარის სასაკლაოდან უნდა გაიყიდოს».

ასე რომ, რატომ გაძვირდა საქართველოში ხორცი ნათელია, ფაქტობრივად, თბილისის ბაზარი მონოპოლიზირებულია. არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ასევე არ არსებობს, ევროკავშირის თვალისასახვევად შექმნილი კონკურენციის (მონოპოლიური) სამსახური, რომელიც ხორცის ბაზარზე შექმნილ მონოპოლიურ ფაქტებს გამოააშკარავებდა.