"ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება" - დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო... და ახლა უკვე საპრეზიდენტო კანდიდატი

 პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა. გაერთიანებაში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის, თუმცა მათში უმთავრესი "ნაციონალური მოძრაობაა", დანარჩენები კი ძირითადად თითოკაციანი პარტიებია, თუმცა ამ შემთხვევაში გვინდა თქვენთან ერთად გადავხედოთ გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიას.

დიპლომატი, ბიზნესმენი, იმპრესარიო...

როგორც აღმოჩნდა, ის მეტად მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანია.

ამ ეტაპზე პრეზიდენტობის კანდიდატი, სხვადასხვა დროს დიპლომატი, ბიზნესმენი და საკუთარი მეუღლის, მსოფლიოში ცნობილი ბალერინას ნინო ანანიაშვილის იმპრესარიოც გახლდა.

გრიგოლ ვაშაძე 1958 წელს დაიბადა, 1975 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე სკოლა და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა.

ის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად დასავლურ კურს ასახელებს, თუმცა ოპონენტები ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას, ყველზე დიდ ცოდვად სწორედ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებულ დიპლომატიურ გამოცდილებას უთვლიდნენ და უთვლიან ახლაც.

ვაშაძეზე წერდნენ, რომ ის საბჭოთა საგარეო პოლიტიკური სკოლის აღზრდილი და საკმაოდ იმედისმომცემი დიპლომატი გახლდათ. მან 1981 წელს დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც 1988 წლამდე ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციების, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში საქმიანობდა. 1988 -1990 წლებში გახლდათ დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. 

დიპლომატიიდან წასვლის შემდეგ ის ცხოვრობდა მოსკოვსა და ნიუ-იორკში. 1988 წელს კი დაქორწინდა ცნობილ ბალერინაზე - ნინო ანანიაშვილზე, რის შემდეგაც პრესაში ხშირად მოიხსენიებდნენ მის იმპრესარიოდ. მოგვიანებით ბიზნესში მოსინჯა ძალები, დააფუძნა და ხელმძღვანელობდა კომპანიებს: Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.

მას მერე, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, მან და მისმა მეუღლემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.

2004 წელს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილს თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა შესთავაზა და ისიც სამშობლოში დაბრუნდა, მას ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭეს. 

2006 წელს ანანიაშვილი პრეზიდენტის ოჯახს კიდევ უფრო დაუახლოვდა მონათლა რა, მისი უმცროსი ვაჟი - ნიკოლოზი. 2007 წელს სააკაშვილის სპეციალური ბრძანებით ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა გრიგოლ ვაშაძესაც. ის მალევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

2008 წელს ის დანიშნეს კულტურისა და სპორტის მინისტრად, თუმცა იმავე წლის დეკემბერში უკვე საგარეო საქმეთა მინისტის პოსტი დაიკავა.

დღეს ვაშაძე აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და სპეციალური მოთხოვნით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რაც ოფიციალურმა უწყებებმა 11 თვის შემდეგ დააკმაყოფილეს.

თუმცა 2009 წელს იყო ერთი სკანადალი, სახელმწიფო დუმის იმჟამინდელი დეპუტატი სემიონ ბაგდასაროვი გამოვიდა წინადადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისთვის ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა. კოლეგებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

მაგრამ, თავად ვაშაძემ, რომელიც იმჟამინდელი წყაროების მიხედვით, მანამდე არ აპირებდა რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას, ცხელ გულზე, რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს გადაუგზავნა პასპორტი, რასაც მოქალაქეობაზე უარის თქმის თხოვნა დაურთო.

მანამდე ის ყოველთვის აცხადებდა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებდა, რუსულ გამოცემა "კომერსანტთან " საუბრისას კი განაცხდა: "მიუხედავად იმისა, მექნება თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი, ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება და მე მას ვერავინ წამართმევს". წყარო

საბოლოოდ, ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა 2010 წელს გაუუქმდა.
ის 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით იღებდა მონაწილეობას და ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. მან მეოორე ტურში მოახერხა გასვლა, თუმც მერე პროტესტის გამო კანდიდატურა მოხსნა.

გრიგოლ ვაშაძემ 7 ენა იცის, მისი მეუღლის თქმით, ერთი ენიდან მეორეზე სწრაფად გადართვას ისე ახერხებს, რომ არაფერი ეშლება, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, როგორც ჩანს...

ერთდროულად სახალისო და ცოტა სიმბოლურიც კი გამოვიდა მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში მისი  წამოცდენა, როდესაც ხელისუფლბის საგარეო კურსის კრიტიკისას, ნატოს შტაბ-ბინის ნაცვლად, ნატოს "შტაბ-კვარტირა" ახსენა...

ვაშაძის გატაცება ფერწერის ნიმუშების შეგროვებაა. იგი დიდი თაყვანისმცემელია ბალეტისა და დრამატული ხელოვნების, მოკლედ, თეატრალია... . მეუღლის თქმით, მასთან ნაცნობობიდან 2 თვეში დიპლომატმა არა მხოლოდ ზედმიწევნით შეისწავლა საბალეტო ტერმინოლოგია, არამედ კლასიკური ცეკვის სპეციალისტიც კი გახდა. 

რა ქონებას ფლობს პრეზიდენტობის კანდიდატი?

გრიგოლ ვაშაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე შეავსო. იმჟამად მის სახელზე იყო გაფორმებული საცხოვრებელი სახლი, თბილისში, მეტეხის აღმართზე (1000 კვ.მ), ხოლო მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი ფლობდა 2 ბინას მოსკოვსა (140.00 კვ.მ) და თბილისში (97.70 კვ.მ). ასევე 1100000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს წინანდალში. ნინო ანანიაშვილის საკუთრებაშივე იყო 2 ავტომანქანა: Toyota RAV4 და Toyota Landcruiser. იმჟამად გრიგოლ ვაშაძეს თი–ბი–სი ბანკში ჰქონდა მიმდინარე ანაგრიში, რომელზეც 14000.00 USD ირიცხებოდა. ნინო ანანიაშვილი კი ფლობდა კომპანიას ''გრიგოლ ვაშაძე და

ძმები", რომელიც თელავის რაიონის, სოფელ წინანდალში იყო დარეგისტრირებული. გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2011 წელს, ხელფასის სახით, აიღო 89959.99 GEL.

სიყვარულის ისტორია

გრიგოლ ვაშაძემ და ნინო ანანიაშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. როგორც თავად ამბობს, ის მეუღლის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და ესწრება. ნინოსით მოხიბლულ გრიგოლს ქალისათვის მიხაკების მთელი კალათა გუაგზავნია, თავისი სავიზიტო ბარათით. გრიგოლისთვის მადლობის გადახდა ნინოსთვის ბებიას ურჩევია.

გრიგოლ ვაშაძე:

"დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი (იცინის). თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთო...

... როცა ადამიანი გიყვარს, მით უმეტეს, ასეთი ადამიანი, ერთი რამ უნდა გახსოვდეს - თუ ცოლი წინდების გასარეცხად და სამზარეულოს დასალაგებლად გინდა, ამისთვის პროფესიონალი უნდა დაიქირავო, თუ ცხოვრების მეგობარს ეძებ, რომელიც შვიდი წლიდან პროფესიაზეა გადამკვდარი, ეს პროფესია არ უნდა წაართვა და მიეხმარო. სიყვარული ისაა, რომ მიეხმარო მას, ვინც შენ გვერდითაა. ვერ ვიტან კამერასთან ასეთ ლაპარაკს, მაგრამ ჩვენი 30-წლიანი ცხოვრება რომ აიღო, ერთი დიდი დღესასწაულია, არ მოგვბეზრებია ერთად ყოფნა, არავინ გვჭირდება დედამიწის ზურგზე…" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "ნანუკას შოუში". 

წყვილს ქალიშვილი ელენე ჰყავს, რომლიც 12 წლისაა.