თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია

თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ავტოავარია მოხდა, აქედან 7 შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "რეზონანსთან" დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში არსებობს ე. . შავი წერტილები, სადაც ავტოავარიების გახშირებული შემთხვევები ფიქსირდება. მათივე განცხადებით, აუცილებელია, სასწრაფოდ ამ გზების შესწავლა მოხდეს და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით არსებული საფრთხეები შემცირდეს. საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 1 428 ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 107 ადამიანი დაიღუპა. 2017 წლის 1-ელ ივლისს "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, სადაც ქულათა სისტემა ამოქმედდა. გასული წლის იავე კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი ბევრად არ განსხვავდება ამ წლის მაჩვენებლისაგან - 1 392 ავტოავარიას 104 ადამიანი ემსხვერპლა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, თბილისში ავტოავარიის ყველაზე მაღალი რისკის უბნები - ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს გზაჯვარედინები და ზოოპარკის ტერიტორია

"ქვეყანაში 2017 წელს სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც 8 461 ადამიანი დაშავდა. გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებმა 517 ადამიანი იმსხვერპლა.
ჩაქვი-მახინჯაურის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. ერთი ავტომობილი გზის სავალ ნაწილიდან გადავარდა. ავარიის გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოებში გადაჰყავს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ასევე, 16 ივლისსვე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალი გზას კვეთდა, ოდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მიღებული ტრავმების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგიიდან მიიმალა", - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციი სწესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
14 ივლისს ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ჩვილია. ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოყვა, საიდანაც სამი - ორი ბავშვი და მამა დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - განაგრძობს გამოცემა

"11 ივლისს კურორტ "გოდერძიზე" კვადროციკლზე მსხდომი ორი მამაკაცი ხევში ადავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა კურორტის 23 წლის თანაშმრომელი. დაშავდა კვადროციკლზე მჯდომი მეორე თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 6 ივლისს თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. "მაზდას" მარკის ავტომობილი დიდუბეში, ე. წ. ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. 4 ივლისს თელავი-ახმეტის საავტომობილო გზაზე, სოფელ ყარაჯალასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს "ოპელის" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად "ოპელის" მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მყოფი ორი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელვის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამავე დღეს, თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე "აგროჰაბთან" ავტოავარია მოხდა. ავარიისას ექვსი ავტომობილი დაზიანდა. შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა", - დასძენს გამოცემა

"მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხეობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთლეობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვვას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 3 ივლისს თბილისი- რუსთავის გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. ამავე დღეს, დიღომში, ავსტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - ამბობს გამოცემა.

"სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავიტ მესხიშვილი ოლო დროს საქართველოში გახშირებულ ავარიებზე მძღოლებს აფრთხილებს. "რეზონანსთან" მესხიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს ე. წ. შავი წერტილები, სადაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში ხშირია ავტოავარიების შემთხვევები. ექსპერტის აზრით, გომბორის გზაზე მოსწავლეების მიკროავტობუსის გადავარდნამ და ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარმა ასევე მძიმე ტრაგედიამ, სადაც მამა და 6 თვის ჩვილები დაიხოცნენ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ კუთხით ქვეყანაში განსაკუთრებული პრობლემები არსებობს. მესხიშვილი ამ გზებთან ერთად, ასევე ყველაზე პრობლემატურ და საშიშ გზად გომბორის უღელტეხილს, კახეთის გზატკეცილს, ქუთაისის გზასა და თბილისში საბურთალოს რამდენიმე უბანს ასახელებს. მისი აზრით, ამ კუთხით ხელისუფლებამ განსაკუთრებული კვლევები უნდა ჩაატაროს, რათა დაადგინოს, რა იწვევს ამ წერტილებზე გახშირებულ ავტოავარიებს. "ჩვენი მთავარი პრობლემა, რასაც შემდეგ ასეთი კატასტროფები მოჰყვება, სიჩქარის გადაჭარბების კონტროლის არარსებობაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო სიჩქარის ცონტროლს ვერ ახერხებს. ჩვენ რამდენი ხანია, ჭკვიან კამერებსა და რადარებს ველით. ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 200 კამერა გვავს, რომლებიც საკმარისი არ არის. "პრობლემა გვაქვს კანონის აღსრულების საკითხში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საგზაო მოძრაობაზე პასუხისმგებელი უწყება არ აქვს. საპატრულო პოლიცია სიჩქარის მენეჯმენტს თავს ვერ ართმევს. "ვაფრთხილებ მძღოლებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გომბორის უღელტეხილზე გამოიჩინონ, ასევე - კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. "თბილისშიც არსებობს ე. წ. შავი წერტილები, ესენია: ბელიაშვილის ქუჩა, საბურთალოს რაიონში გზაჯვარედინები, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. აუცილებელია ამ ე. წ. შავი წერტილების დეტალურად შესწავლა და ინფრასტრუქტურის გაკეთება", - განაცხადა "რეზონანსთან" მესხიშვილმა", - წერს სტატიის ავტორი.