"პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე აირჩია. ის მთავარი პროკურორის სავარძელს 6 წლის ვადით დაიკავებს. თადუმაძეს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა შალვა თადუმაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ გადაწყეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე მიიღო. "შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, "ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი"
"პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია, არის სერიოზული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებებით პროკურატურის საქმიანობა, მეტი კომუნიკაცია იყოს პროკურატურასა და საზოგადოებას შორის და დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე დიდი წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა მხოლოდ რიგით მეოთხე მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, დანარჩენებს, არჩილ კბილაშვილს, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი ბადაშვილს ამ თანამდებობამდე პროკურატურაში არ უმუშავიათ. კანონის თანახმად, მთავარი პროკურორი 6 წლის განმავლობაში ხელშეუხებელია და მისი განთავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ოთხივე მთავარმა პროკურორმა თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის კამპანია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის დახოცვის რეზონანსულ საქმეს ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა. მთავარი პროკურორობის სურვილი 18-მა იურისტმა გამოთქვა, მაგრამ შეირჩა მხოლოდ სამი, მმართველი გუნდიდან - შალვა თადუმაძე, ოპოზიციიდან - შალვა შავგულიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წამოაყენა ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურა. ამ სამეულიდან შალვა შავგულიძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. საბჭოს 12 წევრის ხმა კი ასე გადანაწილდა - შალვა თადუმაძე - 12 ხმა, ნინო გოგნიაშვილი - 0. რიგით მეხუთე მთავარი პროკურორი 40 წლის შალვა თადუმაძე, ექვსი წლის განმალვობაში მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. ბოლო 4 თვის განმავლობაში იგი მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობდა. მისი, როგორც იურისტის კარიერა 2001 წელს თავდაცვის სამინისტროში დაიწყო. 2002 წლიდან მუშაობდა ასოციაცია "სამართალი და თავისუფლებაში", 2008 წელს დააარსა საკუთარი საადვოკატო ბიურო. 2011 წელს პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილის კომანიებისა და "ქართული ოცნების" ინტერესებს იცავდა, როგორც ადვოკატი", - განაგრძობს გამოცემა.
"რაც შეეხება განათლებას, პარლამეტში წარდგენილი ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, შალვა თადუმაძე 1994-1998 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამთო ინჟინრის პროფესიას ეუფლებოდა, ხოლო 1994-1999 წლებში იურისტის განათლება მიიღო ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. მისი ბიოგრაფიიდან ამ საჩოთირო დეტალთან დაკავშირებით, რომელიც პრესაშიც გაჟღერდა, შეკითხვები კანდიდატს სხდომაზეც დაუსვეს, რაზედაც თადუმაძემ განაცხადა, რომ მასზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა და ამ ქვეყანაში ორი მილიარდერი ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ემსახურებოდა. "ის უმაღლესი სასწავლებლები დავამთავრე, რომლებიც ლეგალურად, კანონმდებლობით საქართვეოში არსებობდა და განათლების დამადასტურებელი ის დოკუმენტები მივიღე, რა დოკუმენტებსაც ეს უმაღლესი სასწავლებლები გასცემდა. "არც ერთი წუთითაც არ ვნანობ, რადგან დიპლომა არის არამატერიალური აქტივი და იმის მიხედვით ფასდება, თუ რამდენად შეძლო განათლებამიღებულმა პირმა თავის რეალიზება. ჩემზე, როგორც იურისტზე, ყოველთვის იყო მოთხოვნა. "ამ ქვეყანაში ორი მილიარდერის ოჯახი ცხოვრობდა და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი ამ დიპლომით შევძელი, რომ საკანონმდებლო ინიციატივებზე მემუშავა მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, რომლებსაც ან პირადად მე ვწერდი, ან მე ვიღებდი მის დაწერაში მონაწილეობას. "ამიტომ არ მესმის, ჩემს განათლებასთან დაკავშირებით რატომ გაჩნდა კითხვები. რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ შეიძლება ადვოკატი პროკურორი იყოს, არ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც რაიმე პრობლემაა, როგორც მთავარი პროკურორი, საადვოკატო საქმიანობიდან არ მოვდივარ, არამედ მოვდივარ სახელმწიფო სამსახურიდან", - ასეთი პასუხი გასცა შალვა თადუმაძემ მისი ბიოგრაფიიდან დასმულ შეკითხვებს", - დასძენს გამოცემა.
"რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ახალი მთავარი პროკურორი ჯერჯერობით საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი თქმით, დღეს საქართველოს პროკურატურა 442 პროკურორით მუშაობს და ეს საკმარისი რაოდენობაა. "რამდენიმე პრინციპული საკითხია გადასაჭრელი, ეს არის, პირველ რიგში, სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება, შემდეგ არის თავდაჯერებული პროკურორის, როგორც ინსტიტუტის შექმნა და ღია სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება კანონის ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც კანონმდებლობა გვაძლევს. იმდენად დამოკიდებული ვიქნები, რამდენადაც ეს გარანტირებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით" - ამბობს შალვა თადუმაძე. იურისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წიაღიდან არჩეული პირი ვერ იქნება დამოუკიდებელი, ვერ იქნება იმ კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი, რომლებიც აუცილებელია მთავარი პროკურორისთვის და შეასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ხელისუფლებას ექნება. "საქართველოს დღევანდელი პროკურატურა შედის აღმასრულებელ ხელისუფლებაში (იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა) და ბუნებრივია, აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, თუმცა ამ წლის შემოდგომაზე, როგორც კი დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები, უნდა მომზადდეს ახალი ორგანული კანონი "პროკურატურის შესახებ". ვნახოთ, იქ რა რეალიებთან გვექნება საქმე", - ამბობს ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი", - წერს სტატიის ავტორი.