ნესტან კირთაძე საქართველოს პატრიარქთან პირადი შეხვედრის დეტალებსა და ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირების კონკრეტულ ფაქტებს აანალიზებს
რა შედეგებს მოიტანს 5 ივლისს, პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტის მიერ დასმული ხელმოწერა გრძელვადიან პერსპექტივაში? როდის გამოჩნდებიან და როგორ ისარგებლებენ ისტორიულად ჩვენს მიერ, ისედაც შეწყნარებული მოძმე თუ ევროსაბჭოს მიერ აღიარებული კონფესიები, რომლებიც უფლებრივად, მალე, მართლმადიდებლობას წამოეწევიან. გვემუქრება თუ არა რელიგიური ექსტრემიზმი, ფანატიზმი და, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა, სამცხე-ჯავახეთის ფაქტობრივი დაკარგვის სათრთხე? რას ფიქრობს ამ ყველაფერზე მუდამ მშვიდი, მაგრამ მკაცრი პატრიარქი. გაიხლიჩება თუ არა ორად მოსახლოების აზრი და გაგრძელდება თუ არა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ღია დაპირისპირება... ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რაც უკნასკნელი რამდენიმე დღეა, უმეტესობას გვაწუხებს. ვითარების ანალიზი ამ კითხვებზე პასუხების მიღება ,,ვერსიამ'' ნესტან კირთაძესთან ერთად სცადა, რომელიც ვიწროპარტიულიდან, ამჯერად, ისტორიკოსის რანგშია და პატრიარქთან პირადი შეხვედრების დეტალებს გვიამბობს:
- ქვეყანაში საერთაშორისო დონის სკანდალი უნდა აწეულიყო, რომელიც წინა დღეებში ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადაფარავდა. ასეთად, ფოტორეპორტიორების დატუსაღების ფაქტი გამოდგა, რაც, ასევე, მიზნად აცახცახებული, დაჩოქებული ქართველების მიღებას ისახავდა. სოლიდარობას ვუცხადებ ამ პროფესიონალ ადამიანებს, რომელთაც პირადად ვიცნობ. ვიდრე უშუალოდ ამ კანონზე გადავალ, ჯერ ყველას შევახსენებ, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ერთ-ერთ საკითხად დღის წესრიგში დადგა კანონი რელიგიის შესახებ. მაშინ უზენაეს საბჭოსა და იურიდიულ-სამეცნიერო წრეებში, ბევრად მეტი კვალიფიციური ადამიანი იყო, რომლებიც პროცესში ჩაებნენ. თუმცა ეს იმდენად რთული საკითხი იყო, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა. 90-იანი წლების ბოლოს, პატრიარქის ინიციატივით, დაიწყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების მომზადება, რაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი. პროცესი პარტიებთან, მიუხედავად მათი პოლიტიკური წონისა, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რელიგიური უმცირესობების ლიდერებთან, ინტელიგენციასთან, საზოგადოების ფართო ფენებთან და ხელისუფლებასთან დისკუსიით დაიწყო. ეს ურთულესი პროცესი იყო და მას ქართველ მოწინააღმდეგეთა დიდი არმია ჰყავდა, რომელსაც ზურგს ქვეყნის გარედან უმაგრებდნენ. საკითხი გადაიდო და ჩიხში შევიდა პირველი, უპრეცედენტო კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომლის გავრცელებული სახელი კონკორდატია. - თუმცა მოგვიანებით, კონკორდატს ხელი მოეწერა და დღეს ამაზე აპელირებს სრულიად სახელისუფლებო გუნდი - კონკორდატი ხომ მართლმადიდებლობას სხვა რელიგიებთან თანაბარ მდგომარებაში არასდროს ჩააყენებსო? - რაც ყველაზე მთავარია, უნდა მომხდარიყო იმ 70-წლიანი, მებრძოლი ათეიზმის შემდგომი პერიოდის დაძლევა და სამართლებრივი ურთიერთობის მოგვარება ეკლესიასა და სახელწიფოს შორის. მაშინვე დაისვა სხვა კონფესიების სტატუსის საკითხი. მაშინ წარმომადგენლობებს ავუხსენით, რომ ყველა სხვა რელიგიას, რომლებიც სხვა ქვეყნების რელიგიური ცენტრების სტრუქტურული ერთეულები არიან საქართველოში და არა - ჩამოყალიბებული რელიგიური ორგანიზაციები, არ ექნებოდათ ავტონომიური მმართველობის უფლება. გთხოვთ, ეს მკითხველამდე დაწვრილებითა და დამარცვლით მიიტანოთ: ამ ტიპის ორგანიზაციებს, როგორც საქართველოში არსებულ რეალობას, საშუალება უნდა ჰქონოდა, საკუთარი მისიის აღსრულებისა და ჰუმანიტარული საქმიანობის წარმართვისა, მაგრამ საუბარი არ ყოფილა არავითარ განსაკუთრებულ სტატუსებზე! ეს თანდათან მართლმადიდებლობის მიჩოჩებასა და არსებული კონსტიტუციური შეთანხმების ანალოგიურის დადებაში გადაიზრდებოდა, რისი ტენდენციაც, სამწუხაროდ, უკვე გაჩნდა.
ეს პრეისტორია 2001 და 2004 წლებით დავასრულოთ, როცა ძალაში ჯერ საპატრიარქოს შეთავაზება არ შევიდა, შემდეგ კი პარლამენტმა მაშინდელი დამცველის, სუბარის ინიციატივას არ დაუჭირა მხარი. რატომ გაჯანჯლდა პროცესი, თუ ბოლოს ცვლილება ამ ფორმით უნდა მიღებულიყო?
- ეს ძალიან აქტუალური თემაა, რადგან ყველა კონფესია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აქვს რელიგიური ცენტრი, თავის ინტერესებს ლობირებს და ეს ლობისტური ჯგუფები დღეს ბევრად მძლავრები არიან, თუნდაც ევროსაბჭოში. სამწუხაროდ, საქართველომ ევროსაბჭოს ვალდებულებებში ჩაიწერა სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამას რა შედეგები მოჰყვებოდა, არც დაესიზმრებოდათ ჩვენს ბჟუტურა დეპუტატებს, რომლებიც ფილოსოფიურის ნაცვლად, ფულოსოფიურად აზროვნებენ. 2000 წელს, როცა კონკორდატს ხელი მოეწერა, იქვე გაკეთდა დათქმა, რომ უახლოეს მომავალში, დაიწყებოდა მუშაობა სხვა კონფესიების სტატუსებთან და მათ საქმიანობასთან საკანონმდებლო რეგლამენტაციის მოწესრიგებაზე. ეს პატიოსანი დათქმა იყო, მაგრამ ასეთი თავზეხელაღებული გადაწყვეტილება კი არა, პრინციპების დონეზე საფუძვლის მომზადება და სწორი საკანონმდებლო ბაზა სჭირდებოდა. აქამდე არც ერთ ხელისუფალს, მათ შორის, არც შევარდნაძესა და არც ერთ პარლამენტს არ გაუბედავს ის, რაც სააკაშვილმა და მის მორჩილებაში მყოფმა რამდენიმე უსამშობლო დეპუტატმა გაბედა.
იმ აზრს არ იზიარებთ, რომ ბაქრაძისა და ათიოდე დეპუტატის მიერ ცვლილებაზე ხელის არმოწერა მმართველ გუნდში რეალურ განხეთქილებას ნიშნავს?
- პრინციპულად ვაცხადებ, ესეც წინასწარგანსაზღვრული პიარი იყო, რათა სააკაშვილს თავისი პატრონებისთვის ეჩვენებინა, აი, რა მამაცი ვარ, ისე გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, მხარდამჭერები ჩემს გუნდშიც კი არ მყავდა, მაგრამ მაინც მივიღეო. პარლამენტმა ლაგამი არ ამოსდო სააკაშვილის ვნებებს, ამიტომ ყველაფერი მათ სინდისზეა. ისიც კი არ თქვეს, შეიკავე თავი პატრიარქის მოწოდების გამო, მივცეთ დრო, შევქმნათ კომისია, მოვიწვიოთ სპე ციალისტები და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, საქართველოს მთლიანობა არ დაზარალდესო. საქართველოში ქართველებმა პატრიარქი დაამარცხეს! მეუფე ზენონის ეს სიტყვები მძიმეა, მე კი ვფიქრობ, პატრიარქი არასდროს დამარცხდება, ამიტომ მიშასაც და მის უსამშობლო დეპუტატებსაც ვეტყვი, ღმერთთან და პატრიარქთან მებრძოლ არც ერთ ადამიანს, არც ერთ საუკუნეში არ გაუხარია! ნაცვლად იმისა, უმრავლესობას თავისი სიჩქარის მიზეზი აეხსნა, სულ მესმოდა, საქართველოში არმენოფობია და ქსენოფობიააო. ყველას მივმართავ, ვინც ამ დღეებში აქტიურობდა - საქართველოს პარლამენტის მთელს შემადგენლობას ერთი იურა მეჩითოვი მირჩევნია! არასდროს არანაირი არმენოფობია არ ყოფილა ჩვენთან. ფობიებით დაავადებულები თავად არიან და საკუთარ ქვეყანას ეს ჩირქი რომ შეასხეს, ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწევთ! პატრიარქმა ყველაფერზე კონკრეტულ პასუხისმგებელად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, მას კი სჯობდა, ზურგზე წისქვილის ქვა მოეკიდებინა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ეტარებინა, ვიდრე ხელი საქართველოს დაშლისთვის მოეწერა.
ხელისუფლებამ საპატრიარქო ასე ღიად, პირველად უგულებელჰყო. თქვენი პოლიტიკური შეფასება მაინტერესებს - არის თუ არა და რა საფრთხეების წინაშე გვაყენებს დაპირისპირება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და ასევე, რამდენად მოსალოდნელია მსგავსი ცვლილებების თანმდევი რელიგიური ექსტრემიზმი და ფანატიზმი საქართველოში?
- ორიოდ წლის წინ, პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში დაწვრილებით ისაუბრა ერთი ეპოქის ორ მონარქზე, სულგაყიდული როსტომ ხანისა და ყველასთვის საყვარელი მეფე თეიმურაზის საქართველოზე. ახლა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ ვისი პროტოტიპია. საფრთხეებს რაც შეეხება, რელიგიური ექსტრემიზმი და ფანატიზმი ჩვენთან გამორიცხულია. ახლა ფანატიზმი, ან თუნდაც პატრიარქისადმი სოლიდარობა კი არა, ერთმანეთის მხარდაჭერა და საქართველოს შვილების მოძრაობა გვჭირდება, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. მოსალოდნელი სირთულეები გარდაუვალია, მაგრამ ეს არ იქნება მყისიერი. ხვალ და ზეგ არაფერი დაიწყება, მაგრამ მომზადდება ძალიან ცუდი რამ - დაწყებული სომხურგრიგორიანული ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრითა და ეპარქიული სტატუსის მინიჭებით, ხოლო შემდგომ, შესაძლოა, ყველაფერი საკათალიკოსოს მოთხოვნითაც დასრულდეს. გარდა ამისა, პირადად შევსწრებივარ ფაქტს, როცა ქართველ მოძღვარს სამცხეჯავახეთში არ აჭაჭანებდნენ და ეკლესიაში ქადაგების საშუალებას არ აძლევდნენ. ეს ცუდი გზა და ცუდი არჩევანია, ამიტომ მინდა, სომეხ კოლეგებს ვუთხრა, რომ ეს არჩევანი კონფრონტაციამდე მიგვიყვანს.
სამცხე-ჯავახეთში ვითარება უკვე ძალიან დაძაბულია. რამდენად რეალურია ყველაზე დიდი საფრთხე, ანუ ამ ტერიტორიის ფაქტობრივი დაკარგვა?
- სწორედაც რომ, რეალურია. არც ამ საკითხებზე მმართებს ასე ღიად საუბარი, მაგრამ არ მინდა, პატრიარქი შეფასებებში მარტო დავტოვო. მან უკვე ორჯერ თქვა, რომ ეს ტრაგიკული გადაწყვეტილებაა, რომელიც მძიმე შედეგებს გვიქადის. ალბათ, ყოველდღიური შრომა და დიალოგია საჭირო, რომ რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს საქართველოში, რაც, ღმერთმა დაგვიფაროს, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიული დაშლის გაგრძელების საბაბი გახდეს.
თქვენ ერთ-ერთი ხართ, ვინც პატრიარქის მიერ ხაზგასმულ საფრთხეებზე უშუალოდ მისი აზრი, განწყობა და ემოცია იცის, მით უმეტეს, ამ დღეებში არაერთხელ პირადადაც შეხვდით. იქნებ, რამდენიმე დეტალი ჩვენც გვიამბოთ?
- არც ერთი განსაცდელის დროს მისი ემოცია არ იცვლება. იგი უაღრესად მკაცრი, მაგრამ უაღრესად ფრთხილია. პატრიარქი, რა თქმა უნდა, შეურაცხყოფილია იმ ზედმეტი ჩარევების გამო, რის უფლებასაც დღეს თავს ნაციონალური პოლიტიკური ელიტა აძლევს. ყოველი მძიმე სიტუაციის შემდეგ, ცდილობენ დააზუსტონ, რისი თქმა სურს ხვალ პატრიარქს. როცა პატრიარქი არ მიდის აღლუმზე და იქ სინოდის არც ერთი წევრი არაა, სააკაშვილი თავს უფლებას აძლევს, ცარიელ სკამებს მიმართოს, წმინდა სინოდის წევრებოო. დანარჩენმა საქართველომ კი არ იცის, რომ სინოდის არც ერთი წევრი იმ ადგილებზე არ იჯდა და მან ცარიელ სკამებს ტყუილად მიმართა! ეს აქამდე არავის უთქვამს, არავის არაფერი გადაუღია, მე კი მაშინვე ვიფიქრე, ამის გამო სააკაშვილი პატრიარქს სამაგიეროს აუცილებლად გადაუხდის-მეთქი.
ანუ, ეს ან თუნდაც ვეტოს უფლების არგამოყენება, სამაგიეროა?
- სააკაშვილი ვეტოს მაინც არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენებდა, ეს კანონი მისი ხელისუფლების გახანგრძლივებისთვის ჟანგბადია და მართლაც, მნიშვნელოვანი სომხური ლობის მოპოვების მცდელობაა. ეს მხოლოდ პირადად სააკაშვილისთვისაა ცხონება, მაგრამ ჩვენთვის დამოკლეს მახვილია, რომელიც სად, როდის ჩამოვარდება და რას მოგკვეთს, არავინ იცის.
ნაციონალურმა ელიტამ ბრალი ცალმხრივობაში რომ არ დაგვდოს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტიც უნდა ვახსენოთ. ვიღებთ ამ კანონით სომხური ლობის მხარდაჭერას, ვდგამთ ნაბიჯს წინ, ევროპული ოჯახისკენ, ევროსაბჭოს მიერ აღიარებული კონფესიების აღიარებით?
- სააკაშვილმა და 60-70-მა უსამშობლო პოლიტიკოსმა საქართველო დაშალა! ევროსაბჭოში ჩვენი სუვერენიტეტის დელეგირება მოხდა, გვაქვს ჩვენი უფლებები და ვალდებულებები. უფლებებს, რა თქმა უნდა, არ ვიყენებთ, რადგან ამას ეროვნული ხელისუფლება სჭირდება და ავანტიურისტთა ჯგუფი, რომელიც პატარა სიამეებისთვის ყველაფერს აკეთებს, იქნება ეს მათი არჩევნების შედეგების აღიარება, თუ ე.წ. წარმატებული რეფორემების ტირაჟირება.
მაგრამ სომხეთის ფაქტორი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის ეტაპობრივ აღდგენაშიც ხომ შეიძლება წაგვადგეს, მისი ნებაც თუ იქნება?
- სხვათა შორის, მალე უწმინდესი უკრაინაში ჩაბრძანდება, სადაც რუსეთის პატრიარქს შეხვდება. მხოლოდ ორ მოძმე ეკლესიას, ორ, რეალური სიდიდისა და ავტორიტეტის მქონე პატრიარქს, შეუძლია მტკივნებული საკითხების გადაწყვეტა და შუამავლობა და მათ ვინმე, მესამეს შუამავლობა, ნამდვილად არ სჭირდება. მთავარია, ამ შეხვედრას ვინმემ ხელი ხელოვნურად არ შეუშალოს. ვნახოთ, რითი დასრულდება მოლაპარაკება, რაც პროცესია და არა - ერთჯერადი აქტი.
ვეტოს აზრი აღარ აქვს, არც აქციების ჩატარებას, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი კვლავინდებურად გაფანტულია. სად არის გამოსავალი?
- ვეტო უმნიშვნელო პროცედურული საკითხია. მთავარია, ქართველებმა ზუსტად შეაფასონ ის საფრთხეები, რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში ქმნის ხელისუფლება. მენდეთ, საზოგადოება ამ და ყველა სხვა გადაწყვეტილებას გადასინჯავს და ეროვნულსახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს დრო არც ისე შორია, არც სხვა შანსი აქვს საქართველოს. ხალხი შეიძლება დენის ტარიფზე არ გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ სამშობლოსა და თავისი პატრიარქისთვის ის გარეთ აუცილებლად დადგება. თუ ეს ასე არ იქნა, მაშინ ახლავე მოვაწეროთ ხელი და გავხდეთ ჩვენი სამშობლოს მესაფლავეები!