"საპრეზიდენტო მარათონი უკვე დაიწყო და პოლიტიკურ ბაზარზე "პირველი მერცხლებიც" გამოჩნდნენ. "ევროპული საქართველო" და "ნაცმოძარობა" საპრეზიდენტო არჩევნებში თანამშრომლობისთვის მზად არიან, ოპოზიცია კი ჯერაც ვერ შეთანხმდა ერთიან კანდიდატზე. მმართველი გუნდის სამზარულოში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, ვინ იქნება "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდება ცნობილი, როგორც კი კონსულტაციები დასრულდება. ჩვენს გუნდში ძლიერი კანდიდატები არიან: დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი და მაია ცქიტიშვილი, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. "საზოგადოებაში აქტიურად განიხილება და არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი", - ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე. გამარჯვების რა შანსები აქვს "ოცნების" სათადარიგო სკამზე მსხდომ კანდიდატებს და ჩაერთვება თუ არა "ხალხის მოთხოვნით" საპრეზიდენტო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი, ამის შესახებ "რეზონანსი" პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს ესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "პრეზიდენტობა ივანიშვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია".
"კანდიდატებს მნიშვნელობა არ აქვთ, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია. მთავარია, ლიდერობის მსურველი ადამიანი, გარდა პარტიული რესურსისა, პირად ავტორიტეტს რამეს თუ შემატებს. სამწუხაროდ, ეს "ქართულ ოცნებაში" არ ჩანს, რეალური ავტორიტეტი აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და ამ მხრივ საინტერესო იქნება, მან იყაროს კენჭი; ეს პოზიტივი იქნება არა მხოლოდ პარტიული ჯგუფისთვის, არამედ ქვეყანისა და თავად ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ხალხის მანდატის მიცემა მოხსნის იმ ეჭვს, თითქოს მას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა", - აცხადებს გია ხუხაშვილი. რამაზ საყარელიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებული ვერსიები უფრო სიტყვის მასალაა ჟურნალისტებისთვის გადმოსროლილი, ვიდრე რეალობა. "თუ იმით ხელმძღვანელობენ, ვის შეხვდება მოწონებით საზოგადოება, მაშინ ამ კანდიდატების განხილვა მიზანშეწონილია... რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, იგი არანაკლებ მოთხოვნადი იყო საზოგადოების მხრიდან, როდესაც პრემიერობაზე თქვა უარი, ახლა რატომ ხდება ამ თემის დაბრუნება, გაუგებარი იქნება ჩემთვისაც და ბევრისთვისაც, რადგან ადამიანს არ უნდა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა. ერთ დღეს წავიდა და მეორე დღეს მობრუნდა პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად. მას სიტუაციის ზემოქმედების არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის ქცევაში არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომელიც გაუგებარ ნაბიჯებს დგამდეს, პირიქით, იგი ყოველთვის რაციონალურად მოქმედებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომლის აზრით, "ამიტომ, საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებული ვერსიები, გუშინ ერთი იყო, დღეს მეორე, უფრო სიტყვის მასალაა ჟურნალისტებისთვის გადმოსროლილი, ვიდრე რეალობა", - აღნIშნავს გამოცემა.
"ბიძინა ივანიშვილს, ვისაც მე ვიცნობ, ნამდვილად არ ექნება სურვილი, ჩაებას კონკურენციაში. რა უჭირს საიმისო ბატონ ბიძინას, რომ გახდეს პრეზიდენტი?! მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ გზავნილი იმ ადამიანების მიმართ, საკუთარი თავის წარდგენა რომ უნდათ საპრეზიდენტო არჩევნებში; გადახედონ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს, შესაძლებლობებს და ტყუილად არ დახარჯონ არც თანხები და არც ენერგია. ბიძინა ივანიშვილს ერთი წუთითაც რომ გაეფიქრებინა პრეზიდენტობა, ეს იქნებოდა ასახული იმ კონსტიტუციაში, რომელიც უნდა დახვდეს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ ყველაფერი, რაც პრეზიდენტის საქმიანობა იყო, უკვე ძირითადად "მიჭირხვნილია". თანაც, ბიძინა ივანიშვილი არანაირ კრიტიკაზე ადეკვატური არ არის და ამიტომ პრეზიდენტობა მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, სამსახურში სულაც რომ არ მივიდეს, მაინც ყველაფერს მას დააბრალებენ. ისე, გამორიცხული არაფერია, შეიძლება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაწყვიტოს და გახდება კიდეც პრეზიდენტი, მაგრამ ორ კვირაში შეიძლება, გადაიფიქროს და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნოს", - დასძენს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.