"ჩემი აზრით, ნატოს ამ სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რაც ირიბად ჩვენთანაც არის დაკავშირებული. ვგულისხმობ ევროპის ქვეყნებისთვის გაკეთებულ აშშ-ის მწვავე განცხადებებს. ტრამპმა სრულიად გასაგებად თქვა ის, რასაც ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან ხისტად ამბობს. ეს შეეხება განსაკუთრებით გერმანიას, რომლის მიმართაც ტრამპი ძალიან მკაცრი იყო, მას ასეთივე რიტორიკა არ გამოუყენებია საფრანგეთზე საუბრისას, თუმცა დაახლოებით იგივე იგულისხმებოდა. პრაქტიკულად, დღეს გერმანია და საფრანგეთი წარმართავენ ევროპის პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობის მათი პოლიტიკა, როგორც აღმოჩნდა, აშშ-ისთვის ძალიან მიუღებელია. ჩვენ რატომ გვიკავშირდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ გერმანია და საფრანგეთი ის ორი ქვეყანაა, რომლებიც ესპანეთთან ერთად, საქართველოს ნატოში გაწევრების კატეგორიული წინააღმდეგი არიან. აშშ-ის ასეთი ხისტი პოზიცია, ვფიქრობ, გარკვეულწილად იმოქმედებს ზემოთ ნახსენები ქვეყნების რუსეთთან დამოკიდებულებაზე", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი?! / "რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა როგორც თვითმმართველობაში, ისე საკადრო პოლიტიკისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც" / "სალომე ზურაბიშვილზე მართლაც იყო გუნდში ლაპარაკი, მაგრამ ამ ეტაპზე ეს კანდიდატურა უარყოფილია, სოზარ სუბარის ბედიც სხვანაირად წყდება. რაც შეეხება ივანიშვილს, მას საერთოდ არ სურს თანამდებობაზე ყოფნა. ერთადერთი, შესაძლოა დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული თხოვნის გამო შეიცვალოს აზრი და იყაროს კენჭი".
"მთავრობის შემცირება, ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯია, მაგრამ ეს თვითმიზნად არ უნდა იქცეს. პოზიტიურია ის, თუ როგორ გადანაწილდა ფუნქციები ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს შორის. საინტერესო სვლები გაკეთდა, რადგან ფუნქციათა დუბლირება გარკვეულწილად მოიხსნა. ასევე სწორად მიმაჩნია რელიგიის სააგენტოს მიერთება შერიგებისა და თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. რაც მთავარია, მამუკა ბახტაძემ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა და მწვავე ნაბიჯები დააანონსა განსაკუთრებით საგადასახადო სისტემასა და საფინანსო სფეროში. მთავარია, ეს ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პოზიტიურია, ეს არ არის საკმარისი, მით უფრო, რომ უზარმაზარი საგარეო ვალი გვაქვს და, პრაქტიკულად, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელია კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება. საქმე ის არის, რომ ამჟამად განათლება რეფორმირების პროცესშია და გაერთიანებით ჩვენ რეფორმირებას ვერასდროს დავასრულებთ. რაც საქართველოს განათლების სისტემაში ხდება, კატასტროფაა. ჩვენ ვზრდით თაობებს, რომელთაც ვაძლევთ ყოვლად გაუგებარ ზოგად განათლებას და არა ღრმა ცოდნას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"კულტურის სამინისტროში სპორტი და ძეგლთა დაცვის საკითხებიც ხომ შედიოდა, რაც ისედაც მეორე პლანზე იყო გადასული, ახლა მთლად დაიკარგება, იმიტომ კი არა, რომ ვინმე ყურადღებას არ მიაქცევს, არამედ იმიტომ, რომ სისტემის შექმნა ასეთ მონსტრში ძალიან რთულია. არ ვიცნობ არც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებად წარმოდგენილ პირებს, ვნახოთ, რას შეძლებენ. კახი კახიშვილის მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლა კარგია, თუმცა მიმაჩნია, რომ მისი დიაპაზონი გაცილებით დიდია, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს "ქართულმა ოცნებამ". ასევე კარგია, რომ პრემიერის აპარატი იბრუნებს განსაზღვრულ ფუნქციებს, მაგალითად, რეგიონების ზედამხედველობას. კვირიკაშვილის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ თვითმმართველობის საკითხები და რეგიონული პოლიტიკა მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადააბარა, სადაც საერთოდ დაიკარგა ეს პრობლემატიკა. ჩემი აზრით, რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა როგორც თვითმმართველობაში, ისე საკადრო პოლიტიკისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისითაც", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "სრულიად ცალსახაა, რომ წულუკიანის მთავრობაში დატოვება ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემაში "კოლექტიური მურუსიძის~ შენარჩუნებას"... - პასუხობს:
"ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სისტემაზე არ ითქვა უარი. მხოლოდ წულუკიანზე ხელის შეწმენდა არ შეიძლება. ბევრი რამ გუნდის გადაწყვეტილება იყო და არა მისი. შეიძლება სწორედ ამიტომაც არ გაუშვეს, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მას ბევრი უპირისპირდება არა დაშვებული შეცდომების გამო, არამედ იმიტომ, რომ ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა... გეთანხმებით, მას ბევრი გადაცდომა აქვს, კრიტიკას ვერ უძლებს ის გადაწყვეტილებები, რაც უცხო ქვეყნების სასამართლოებში წინა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თაობაზე მიიღეს. მეტსაც გეტყვით, პროკურატურაში საერთაშორისო მიმართულების ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დღემდე მუშაობს ვანო მერაბიშვილის ახლობელი, რომელიც სწორედ მერაბიშვილის მინისტრობისას აღზევდა. როგორ წარმოგიდგენიათ, საერთაშორისო სასამართლო პროცესებზე რა დოკუმენტაციას გაგზავნიდა, ვთქვათ, კეზერაშვილის თაობაზე? ერთი ფარატინა ქაღალდი გაგზავნეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წულუკიანის შეცდომაც სწორედ ეგ არის, ასეთი ხალხი რომ არ მოაშორა პროკურატურას, როცა ამის ძალა შესწევდა".
"საპროკურორო საბჭოზე წულუკიანს გავლენა, რა თქმა უნდა, აქვს და მიიღებდა თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, არაფერს ნიშნავს, თუმცა ერთ რამეს დარწმუნებით გეტყვით - თადუმაძის კანდიდატურა მისი წამოყენებული ნამდვილად არ იყო. ეს ზუსტად ვიცი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ვითარებას გარიდებოდა - შვებულების აღების ამბავს გაგახსენებთ. როგორც ვიცი, კანდიდატურების წარდგენისას სხვადასხვა ძალას შორის კულუარული ხელჩართული ბრძოლა იყო და ეს შეეხება "ქართულ ოცნებაში" არსებულ ვითარებასაც. იყო მთელი რიგი მანევრები, რამაც საბოლოოდ განაპირობა იმ სამი კანდიდატურის შერჩევა, რომელთაგან ერთმა - შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა პოლიტიკაშია ჩართული, ამიტომაც ყველას უნდა, რომ ნებისმიერ საკვანძო ადგილას ჰყავდეს ადამიანი, რომელსაც მარტივად დაურეკავს. სამწუხაროდ, ჩვენში ისე ხდება, რომ გონიერი ადამიანები სწორი პროცესის შედეგად კი არა, შემთხვევით თუ ხვდებიან თანამდებობებზე და იქაც ხშირად არ აჩერებენ. საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რაც არის ჩვენი ცხოვრების წესის ადეკვატური. თადუმაძე არც ცუდი ადამიანი მგონია და არც უცოდინარს ჰგავს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, როგორი მთავარი პროკურორი იქნება. ესაა სწორედ პრობლემა. როდესაც ადამიანი მიდის ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, თან ისეთი მძიმე პროცესების შედეგად, რასაც წინა მთავარი პროკურორი გადაჰყვა, 80%-ით მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ, ეს კაცი გამოდგება ამ თანამდებობაზე თუ არა?! ერთი რამ მინდა ვურჩიო თადუმაძეს _ თუ მან საკადრო ცვლილებები არ დაიწყო, არ გაწმინდა პროკურატურა იმ ნაგვისგან, რაც იქ დაგროვდა, საქმეს არაფერი ეშველება. ძალიან გაუჭირდება სისტემის ამუშავება და რაც მთავარია, მასვე გამოუთხრიან ძირს ძალიან მალე", - დაასკვნის ექსპერტი.
"რაც შეეხება "კვირის პალიტრის" მიერ გამოქვეყნებულ აჰმედ ჩატაევის გზავნილებს, მთელი ეს ინფორმაცია ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ სურათთან, თუ როგორ ხდება ტერორისტული ჯგუფის ქვეყანაში შემოღწევა, შემდეგ მისი "მოშინაურება" და სხვადასხვა ოპერაციის დაგეგმვა, მათ შორის შეიძლება იყოს ბიზნესმენის დაყაჩაღებაც და პოლიტიკური ტერორიც. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბევრი რამ გაუხმაურებელი იყო, ვამბობდი, რომ ჩვენ ძალიან დიდ ხიფათს გადავრჩით, დღეს ამას ყველა აშკარად ხედავს. თუმცა ერთი კითხვა ძალიან მაწუხებს: საჭირო ხალხმა ამ სპეცოპერაციამდე კარგა ხნით ადრე იცოდა ჩატაევისა და მისი ჯგუფის საქართველოში ყოფნის ამბავი. რატომ არ გაანეიტრალეს ისინი დროულად? შეიძლება ვიღაცამ გვიპასუხოს, იმიტომ, რომ საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო მათი მიზნები და ამოცანები, ადამიანების ის წრე, ვინც ამაში იყვნენ ჩართულნიო და ა.შ. კი, ბატონო, გასაგებია, მაგრამ არსებობდა ძალიან დიდი საფრთხე, რომ ამ ჯგუფს დაესწრო სპეცსამსახურებისთვის და უბედურება დაეტრიალებინა. ვფიქრობ, ასეთ რისკზე არ უნდა წასულიყვნენ. ჩანასახშივე უნდა მოისპოს ამ ტიპის ჯგუფები", - დასძენს მამუკა არეშიძე.