"ექსპერტთა ვარაუდი გამართლდა, მმართველი გუნდის სათადარიგოთა სკამი მართლაც მოკლე აღმოჩნდა. ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ცვლილება მხოლოდ სამ მინისტრს შეეხო, ახალ კაბინეტში თანამდებობა შვიდმა მოქმედმა მინისტრმა შეინარჩუნა. პრემიერის გადაწყვეტილებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სათავეში ჩაუდგება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრია. როგორც კანდიდატების წარდგენისას პრემიერმა განაცხადა, მიხეილ ბატიაშვილს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან და იმედი გამოთქვა, რომ იგი თავისი გამოცდილებით განათლების სისტემაში მთავრობის მიერ დაგეგმილ 5-დონიან რეფორმას წარმატებით განახორციელებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "რა იყო ამის მოტივი, ბევრი ფული ჰქონდათ და მეტი აღარ უნდოდათ?"
"თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესიით ექიმი გიორგი ქობულია კი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მას 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია "მატკინზის" მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიცია ეკავა და კონსულტაციას უწევდა ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირის, მეტალურგიისა და წიაღისეულის მომპოვებელ-გადამამუშავებელ საერთაშორისო კომპანიებს. ქვეყნის პირველი ფინანსისტის პორტფელს კი ჩაიბარებს კომპანია "ჯეოსელის" კომერციული დირექტორი ივანე მაჭავარიანი, რომელიც, ბახტაძის თქმით, ყველაზე გამოცდილი ადამიანია და მაქსიმალურად დაეხმარება მთავრობას "ქართული ეკონომიკის ციფრულ ტრანსფორმაციაში". "ოცნების" ერთ- ერთი ლიდერის - არჩილ თალაკვაძის თქმით, უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს პრემიერის მიერ შემოთავაზებულ "საქმიან პოლიტიკას" და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კანდიდატებს, რომელთაც წარმატებული კარიერა ჰქონდათ თავიანთ სფეროებში, არ გაუჭირდებათ დაკისრებული ამოცანის შესრულება. მმართველი გუნდის ამ პათოსს არ იზიარებს ოპოზიცია. ისინი პრემიერის მიერ წარმოდგენილ გუნდში ვერ ხედავენ წონიან პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას. პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს კი უჭირთ ოპტიმიზმის შენარჩუნება, რომ ახალი მთავრობა ძველ მთავრობაზე უკეთ იმუშავებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"არგუმენტირებული დასაბუთება ვერ მოვისმინე, რატომ გატარდა ეს ცვლილება და რატომ გაუშვეს ძველი მთავრობა. ჩემთვის გაუგებარია, საიდან მოვიდნენ ეს ახალი სახეები და რატომ იქნებიან წარმატებული სახელმწიფო მოღვაწეები. როგორც გაცხადდა, ისინი წარმატებულნი იყვნენ თავიანთ სფეროებში, ჰქონდათ მაღალი ანაზღაურება, დატოვეს აწყობილი საქმე და მთავრობაში გადმოვიდნენ; რა იყო ამის მოტივი, ბევრი ფული ჰქონდათ და მეტი აღარ უნდოდათ თუ მათში პატრიოტულმა გრძნობამ გაიღვიძა, ესეც გაუგებარია. ამიტომ მიჭირს ოპტიმიზმის შენარჩუნება, რომ ახალი მთავრობა ძველ მთავრობაზე უკეთ იმუშავებს. რაც შეეხება ძველ მთავრობას, მათ მოღვაწეობაზე აღარ შევჩერდები, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა ახალ კაბინეტში კახი კახიშვილი, ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, რომელმაც პენიტენციალური სისტემა ფეხზე დააყენა. მისი ახალი პოზიციიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დღეს ყველაზე მეტი პრობლემები პრემიერის ადმინისტრაციაშია და კახიშვილმა ახლა იქ უნდა გაატაროს რეფორმები, სხვა ახსნას ვერ ვხედავ" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე.
"მთავრობის საქმიანობას დადებითად ვერ შეაფასებ, შედეგს თუ ვერ ნახავ. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პირველი სამი თვის განმავლობაში დადებს პოზიტიურ შედეგს, ჩვენ გავზომავთ და ხელს შევახებთ, მერე შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა მთავრობასთან შედარებით უფრო ტექნოლოგიური მთავრობაა. მოვიდნენ თავიანთ სფეროებში წარმატებული მენეჯერები, რომლებიც შეეცდებიან, პრინციპული ნაბიჯები გადადგან. რაც შეეხება ძველი მთავრობის იმ წევრებს, რომლებიც ახალ კაბინეტში ვერ მოხვდნენ, არ ვიცი, გუნდში რა მოსაზრება იყო, თუმცა კახი კახიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნით საპრეზიდენტო კანდიდატებს ერთი ფიგურა გამოაკლდათ", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.