სინოდის სხდომის დროს, საპატრიარქოში სოსო თოფურიძე ”მეგობარ მღვდლებთან” იყო მისული

სინოდის სხდომის დროს, საპატრიარქოში სოსო თოფურიძე ”მეგობარ მღვდლებთან” იყო მისული

[ნინო მიქიაშვილი]

წმინდა სინოდს რელიგიების სამართლებრივი სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმება არ მოუთხოვია. სინოდის მიერ მიღებული განჩინების ტექსტი შვიდიდან რვა საათამდე გავრცელდება - ასე განგვიმარტეს საპატრიარქოდან გამოსულმა საერო და სასულიერო პირებმა იქ მყოფ ჟურნალისტებს და მრევლს.

სინოდის სხდომა საპატრიარქოს შენობაში გაიმართა. მაშინ, როცა წმინდა სინოდის წევრები პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებულ კანონზე მსჯელობდნენ, საპატრიარქოს შენობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოსო თოფურიძე იმყოფებოდა. „ობიექტივის“ მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია მოგვიანებით მეუფე სერაფიმემ (ჯოჯუა), „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ყოფნისას დაადასტურა. მეუფე სერაფიმეს განმარტებით, სოსო თოფურიძე სინოდის სხდომას არ დასწრებია - ის საპატრიარქოში „მეგობარ სასულიერო პირებთან“ იყო მისული და იმ სართულის ქვევით იჯდა, სადაც სხდომა მიმდინარეობდა.

„ობიექტივის“ მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ინფორმაციით, გუშინ, 10 ივლისს, საპატრიარქოში თბილისის მერი, გიგი უგულავა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა ახვლედიანი იყვნენ მისულები. უგულავა პატრიარქთან ძალიან ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ პარლამენტი 5 ივლისს მიღებულ კანონს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებდა. უგულავას აწეული ხმა ყვირილში და შენობით მიმართვებში მაშინ გადაიზარდა, როცა ის პატრიარქის გარეშე, იქ მყოფ სასულიერო პირებს და მათ შორის, სინოდის წევრებს ესაუბრა. უგულავა მათ შენობით მიმართავდა და უყვიროდა, რომ 5 ივლისს მიღებულ კანონს არავითარ შემთხვევაში არ გააუქმებდნენ.

„ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში მეუფე სერაფიმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ უგულავა და ახვლედიანი გუშინ მართლაც იყვნენ საპატრიარქოში და თბილისის მერმა მართლაც თქვა ის, რომ პარლამენტი 5 ივლისს მიღებული კანონის გაუქმებას არ აპირებდა.

დღეს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, სინოდის წევრებიდან მხოლოდ ორმა გააკეთა კომენტარი იქ მყოფ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან - მეუფე იობმა და მეუფე სერაფიმემ. ჩვენი ყურით არ მოგვისმენია რა თქვა მეუფე იობმა და ამიტომ, ამაზე ჩვენ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ სინოდის განჩინების შესახებ მეუფე სერაფიმემ გააკეთა განმარტება - სინოდი მოითხოვს 2002 წელს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების ამოქმედებას და კანონქვემდებარე აქტის მიღებას, რომელშიც ჩაწერილი იქნება, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში მოქმედი სხვა ეკლესიები და რელიგიური დაჯგუფებები ერთმანეთთან გათანაბრებულები არ იქნებიან. 

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოდან პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ძალიან ჩქარი ნაბიჯებით და ჩვენი აზრით, უკმაყოფილო სახით გამოვიდა - მან არც ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და არც იქ მყოფ მრევლთან.

სინოდის წევრები საპატრიარქოს ეზოდან მანქანებით გამოვიდნენ. გამოსულ მანქანებს შორის ერთ-ერთმა მიიქცია ჩვენი ყურადღება - ძვირადღირებულ, შავი ფერის „ჯიპში“ მინები ძალიან იყო ჩამუქებული. რადგან საპატრიარქოსთან ხალხი იდგა, „ჯიპმა“ სწრაფად გავლა ვერ მოასწრო და კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მანქანაში „ნაცმოძრაობის წარმომადგენელი“ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ თოდუა იჯდა. როგორც მეუფე სერაფიმემ განგვიმარტა, ის საპატრიარქოში სატრაპეზოდ მივიდა.

და კიდევ ერთი სიახლე - სანამ სინოდი გადაწყვეტილებას მიიღებდა, სინოდის წევრებთან ერთად, 5 ივლისს მიღებული კანონის ავკარგზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია მსჯელობდა. ვიცით ისიც, რომ იქ იყო ასოციაცია „კანონი ხალხისთვის“ ხელმძღვანელი, იურისტი, ზაქარია ქუცნაშვილი.