„მოიხსნას გრიფი „საიდუმლო“

„მოიხსნას გრიფი „საიდუმლო“

[მერაბ ბრეგაძე] 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ სამინისტროს წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ კი აქციის მონაწილეებს ის მოთხოვნები გააცნო, რომლებიც ჟურნალისტებმა მინისტრის სახელზე შეიტანეს.

ჟურნალისტები ითხოვენ: ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ და საჯაროდ შეხვდეს ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებს; ფოტორეპორტიორების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას; ადვოკატებს აღარ ჰქონდეთ დუმილის ვალდებულება; საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცეს საზოგადოებრივ კომისიას, რომელიც შეიქმნება შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხის შემდეგ.

სამინისტროს წარმომადგენელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრესსამსახურის უფროსი ამ დროისათვის თბილისში არ იმყოფებიან და შესაბამისად ჟურნალისტებთან მათი შეხვედრა ვერ შედგება.  როგორც მან აღნიშნა, ისინი თავად დაუკავშირდებიან აქციის ორგანიზატორებს და შეხვედრაზე შეუთანხმდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორც შეხვედრის თარიღი, ისევე ის, შეხვდება თუ არა მათ მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

საპროტესტო აქცია ოზურგეთშიც გაიმართა. ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გურიის სამხარეო პოლიციის სამმართველოს წინ დღეს ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქცია ტრანსპარანტებით „მე ფოტოგრაფი ვარ“, „შეწყდეს აგენტების ძებნა მედიაში“ ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიგა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ვიდეო-ფოტო გადაღები შეწყვეტისკენ მოუწოდა: „რას მიღებთ? აგენტების გარდა, სხვა მხარდასაჭერი ვერ ნახეთ?“ , - მიმართა ჯაფარიძემ „გურია ნიუსის“ რეპორტიორს, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან აქციის მსვლელობას აფიქსირებდა.

წინასწარ დაანონსებულ აქციას პოლიტიკური პარტიებიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ლიდერები შემოუერთდნენ. აქციის ორგანიზატორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრის, ია მამალაძის თქმით, აგენტების ძიება საქართველოში საშიშ სახეს იღებს და თითოეული ჟურნალისტს საფრთხე ემუქრება.

„რატომ უწოდებთ მათ ფოტოგრაფებს - ერთ -ერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია, მეორე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი - ისინი ჩინოვნიკები არიან“, – აცხადებს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოტა უტიაშვილი გაზეთ „კომერსანტთან“ საუბრისას.

ჟურნალისტის მტკიცებაზე, რომ ისინი ფოტოკორესპოდენტები არიან, უტიაშვილი აცხადებს შემდეგს: „არა, ისინი სახელმწიფო მოხელეები არიან. მათი ამოცანაა გადაიღონ და გადაღებული მასალა პრესსამსახურში გადასცენ. ამის ნაცვლად ისინი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ“.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო მოხელები იყვნენ, მათ მიუწვდებოდათ ხელი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.

„მერწმუნეთ ეს ისტორია არც ჩვენთვისაა სასიხარულო. ჩვენთვის რა აზრი უნდა ჰქონდეს თავის შერცხვენას და პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის დაპატიმრებას ტყუილ-უბრალოდ. ქურციკიძეს აგენტობის დიდი სტაჟი აქვს. იგი ახდენდა ამ ადამიანები გადაბირებას. გედენიძეს ჰქონდა არჩევანი - ან მოემართა შს სამინისტროსათვის ან გაეგრძელებინა. მან ეს უკანასკნელი აირჩია“, – აცხადებს უტიაშვილი და გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ფოტოგრაფების დაკავება იმასთთან არის დაკავშირებული, რომ მათ პრეზიდენტის პირადი ცხოვრების ამსახველი რაღაც ფოტოები გადაიღეს და მათი დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა - სასაცილოს უწოდებს:

„ეს სასაცილოა, უარყო ის, რაც არ მომხდარა. ეს ვერსია იმათთვისაა, ვისაც ჭორები უყვარს. დარწმუნებული ვარ, რომ საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდება საფუძვლიანი და დამაჯერებელია“.

მისივე თქმით, ჭორების მოყვარული ადამიანებისათვის „ინფორმაცია ყოფელთვის არასაკმარისია. არავინ არასოდეს გახსნის ამ დოკუმენტების შინაარსს. სავარაუდოდ, გამოძიებაც და სასამართლოც გრიფით „საიდუმლოდ“ წაიმართება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას“.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ გიორგი აბდალაძეს სახელმწიფო დაცვის სამსახურმა 26 მაისს გადაღებული ფოტოების მიტანა მოსთხოვა. როგორც ფოტორეპორტიორი გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, სახელმწიფო დაცვიდან მას 28-29 მაისს დაუკავშირდნენ: „ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი. ალბათ, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა“.

ფოტორეპორტიორი დარწმუნებულია, რომ მისი და მისი კოლეგების დაკავება სწორედ 26 მაისის ფოტოებს უკავშირდება და აღნიშნავს, რომ არც ერთი მაღალჩინოსნის პიკანტური ფოტო თავად არასოდეს გადაუღია.

ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედმა მედიასაშუალებებმა და ჟურნალისტებმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკავებული ფოტორეტოპრტიორებისადმი თანადგომის თხოვნით მიმართეს.

„ალია ჰოლდინგმა“, გია აბდალაძისა და ზურაბ ქურციკიძის განთავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, გაეროს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს და საერთაშორისო მედიასაშუალებებს გადაეგზავნებათ.

როგორც ჰოლდინგის წარმომადგენელმა დიმიტრი ტიკარაძემ აღნიშნა, ისინი ვინც აღნიშნულ განცხადებას ხელს მოაწერენ თავის თავზე აიღებენ ვალდებულებას მოითხოვონ ქურციკისა და აბდალაძის განთავისუფლება და მათი განთავისუფლების შემთხვევაში ასევე აიღებენ ვალდებულებას, რომ ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.

ჟურნალისტებმა აშშ-ს საელჩოს ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლების თხოვნითაც მიმართეს. მათ აშშ-ს საელჩოში შეიტანეს „ალია ჰოლდინგის“ მიერ ინიცირებული განცხადება ფოტორეპორტიორების გიორგი აბდალაძის და ზურაბ ქურციკიძის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ. განცხადებას ხელს 93 ჟურნალისტი აწერს.

ჟურნალისტების ნაწილმა კი დოკუმენტში დააფიქსირა, რომ ისინი ითხოვენ ირაკლი გედენიძის თავდებით გათავისუფლებასაც. „ალია ჰოლდინგის“ განცხადება მხოლოდ აბდალაძეს და ქურციკიძეს ეხებოდა იმ მოტივით, რომ გედენიძემ აღიარებითი ჩვენება მისცა.

ფოტორეპორტიორების დაკავებას უცხოური მედიაც აშუქებს. The New York Times ქართველი ფოტოგრაფებისთვის ჯაშუშობაში ბრალის წაყენებას ეხმიანება და წერს, რომ „პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის აღიარება სამართლებრივი დევნის ახალ ფაზაში გადასვლაზე მიუთითებს“.

„შაბათს პრეზიდენტ სააკაშვილის პირადმა ფოტოგრაფმა აღიარა, რომ ის საფასურის სანაცვლოდ ინფორმაციას აწვდიდა ადამიანს, რომელიც რუსეთის აგენტად მიაჩნდა. ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ ის ინფორმაციას აწვდიდა თავის მეგობარსა და კოლეგა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც სააგენტო European Pressphoto-ში მუშაობდა, რადგან ამ უკანასკნელმა მისი დაშანტაჟება დაიწყო. ეს აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქის ჟურნალისტური წრეები შეძრა, ახალ სტადიაში გადავიდა. გედენიძემ თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ქურციკიძესთან შიში გამო თანამშრომლობდა“, - წერს სტატიაში სათაურით „საქართველოს პრეზიდენტის ფოტოგრაფებს ბრალი წაუყენეს“ ჟურნალისტი ელენ ბარი.

BBC კი აქცენტს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რადიო „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე აკეთებს და აცხადებს, რომ „პრეზიდენტი ფოტოგრაფების დაპატიმრების ფაქტის დაცვას ცდილობდა“.

„მჯერა, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ჩვენ ნომერ პირველი სამიზნე ვართ იმ გიგანტური ქვეყნისა, რომელსაც „კაგებეს“ აგენტები მართავენ. ეს არა პარანოია, არამედ კანონის უზენაესობაა და ამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია – ჩემი პირადი ფოტოგრაფიც, ნათესავიც, ოჯახის წევრიც და სხვაც“ – წერს BBC სააკაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

BBC, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ „ბოლო წლებში სააკაშვილს მუდმივად აკრიტიკებენ მისი სპეცსამსახურების იმ სასტიკი ტაქტიკის გამო, რომელსაც ისინი სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას იყენებენ“.