რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება

რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება

"მესტიაში გიგანტური ჰესის მშენებლობამ ხეობის უსაფრთხოება კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ. ჭუბერში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ჰესების ავკარგიანობის საკითხზე დისკუსია გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ნახეს "გაბრაზებული მდინარე", რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. ისინი შიშობენ, რომ ნენსკრაჰესის არსებობის შემთხვევაში, საფრთხე მეტი იქნებოდა, რასაც სპეციალისტების ნაწილი არ იზიარებს. ფაქტია, რომ სვანეთის ბუნება ადამიანის ჩარევას ვერ იტანს. კომპანია "ნენსკრა ჰიდროს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობა გარკვეული ვადით გაჩერდება, თუმცა არანაირი ცვლილება პროექტში არ მოხდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ. არ არის საუბარი იმაზე, რომ მეწყერის ჩამოწოლის გამო, ჩვენ განვიხილავთ პროექტის მთლიანად შეწყვეტას, დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას, თუმცა ვადასტურებთ, რომ პროექტი გარკვეული ვადით გაჩერდება, რაც შექმნილ ვითარებაში ბუნებრივია. არანაირი ცვლილება პროექტში არ მოხდება", - განუცხადეს "რეზონანსს" "ნენსკრა ჰიდროში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რას გადაურჩა სვანეთი - ნენსკრაჰესის მშენებლობა შეჩერდება / "ვადასტურებთ, რომ პროცესი გარკვეული ვადით გაჩერდება, მაგრამ პროექტში არანაირი ცვლილება არ შევა"

"როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრაჰესის მოსამზადებელი სამუშაოები ისედაც გაჩერებულია. იგი გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას. შესაბამისად, არანაირი ზეგავლენა ბუნებაზე მათ არ მოუხდენიათ. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ, მდინარის მიმართულებით. მესტიის მუნიციპალიტეტ ჭუბერში მთის ნაწილი გუშინ 13 საათზე ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მოვარდნილმა წყალმა შიდა სასოფლო გზების დამაკავშირებელი 5 ხიდი, საკარმიდამო ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობები წაიღო. საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა. მესაზღვრეების ინფორმაციით, სვანეთში მთა მეორედ დღის მეორე ნახევარშიც ჩამოიშალა. ადგილზე ახლაც რთული ვითარებაა და ხალხი დახმარებას ელოდება. მესტიის გამგებელ კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სტიქიური შემთხვევისას ზარალი დიდია. ჭუბერის თემში წაღებულია გზები და ხიდები. "მოხდა მდინარის შენაკადის დაგუბება, ერთბაშად გაარღვია და წამოიღო მცენარეები და რაც კი შეხვდა გზაში. წყალი შევარდა ეზოებში, სახლებში. ზარალი ძალიან დიდი გვაქვს. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობებია წაღებული. მოქალაქეები, ვისაც საფრთხე ემუქრება, ღამეს ახლობლების ოჯახებში გაათენებენ", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა. გუშინვე, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, შეეძლო თუ არა სტიქიური მოვლენის გამოწვევა ნენსკრაჰესის მშენებლობას", - აღნიშნავს გამოცემა.

"თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა ერთ-ერთმა პირველმა განაცხადა, რომ მთის ჩამოშლა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და მას ჰესის მშენებლობასთან კავშირი არ აქვს. სპეციალისტები საკითხს სვამენ პირიქითაც, როგორ იმოქმედებდა სტიქია ჰესზე, რომ მისი მშენებლობა ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. აქაც აზრთა სხვადასხვაობაა. ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანი "რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს, რომ წყალსაცავი, არსებობის შემთხვევაში, ხეობას დაიცავდა. "ჰესის მშენებლობის პროცესთან მეწყერის დაკავშირება ცოტა უხერხული თემაა. ჩვენ ვიცით, რომ არ ყოფილა ისეთი მასშტაბური სამუშაო, რომ გარემოზე ზემოქმედება მოეხდინა. რომც დაწყებულიყო ეს პროცესი, სტიქიას ნამდვილად არ გამოიწვევდა. ჰესთან მიმართებაში საფრთხე არ არის, პროექტი ნანახი მაქვს და დამაჯერებლად შემიძლია თქმა, რომ ის მაქსიმალურად დაცულია, მაღალ დონეზე კეთდება და მსგავსი რისკი გათვალისწინებულია. გაუმართლებელია რამე კავშირის გამოძებნა, გვირაბების მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამჟამად მუშაობენ გამოკლევებზე იქ, სადაც კაშხალი უნდა აშენდეს და გზის პროფილზე", - განაგრძობს გამოცემა.

"რაც შეეხება საკითხს, თუ ჰესზე რა გავლენას მოახდენდა გარემო, საფრთხეს ვერც ამ მიმართულებით ვხედავ. კაშხალის არსებობის შემთხვევაში, ჩამოშლილი მასა წყალსაცავის აუზში შეაღწევდა და მის მოცულობას შეამცირებდა, მაგრამ დატბორვით ხეობა უფრო მეტად ნამდვილად არ დაიტბორებოდა, ვიდრე ახლა მოხდა", - განუცხადა "რეზონანსს" ფირცხელანმა. საპირისპირო მოსაზრებისაა ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი. ის ფიქრობს, რომ ჰესის შემთხვევაში ხეობა ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე დღეს. მიუხედავად ამისა, ჭიპაშვილიც ამბობს, რომ მომხდარის დაკავშირება ჰესის მშენებლობასთან უსაფუძვლოა, სანამ კითხვებს კვლევით არ გაეცემა პასუხი. "სათანადოდ უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა რეალურად. მოსახლეობა ამბობს, რომ საპროექტო არეალში არსებული მთაა, მაგრამ კომპანიამ საპირისპირო განაცხადა. რა მოხდა, ჯერჯერობით გაუგებარია. ხალხი ამბობს იმას, რაც მოხდა, მაგრამ გამომწვევ მიზეზს სპეციალისტები დაადგენენ. მომხდარს ერთმნიშვნელოვნად ინვესტორს ვერ დავაბრალებთ. გეოლოგიურად აქტიური ზონაა და საფრთხე ყოველთვის იარსებებს. ის უფრო მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, რომ ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სათანადოდ შესწავლილი არ არის, თუ რა ზემოქმედებას ახდენს გარემოზე არა მხოლოდ ჰესი, არამედ ისიც, გარემო როგორ იმოქმედებს ჰესზე, ამასაც უნდა გაეცეს პასუხი. საპროექტო არეალში ათამდე ღვარცოფული ხევია და ნებისმიერ დროს არის მსგავსი სტიქია მოსალოდნელი. წარმოდგენაც არ მინდა, რა დაემართებოდა ჰესს, ვფიქრობ, უარეს სიტუაციას მივიღებდით. ზოგადად კომპლექსური საკითხია, რაზეც შეფასების გარეშე ვერ ვისაუბრებთ", - აღნიშნა ჭიპაშვილმა", - დასძენს გამოცემა.

"ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა კატეგორიულად ემიჯნება აზრს, რომ ჰესის მშენებლობის პროცესს მეწყერის გამოწვევა შეეძლო. ისინი ამბობენ იმასაც, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დღეიდან მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ჭუბერის მკვიდრი მინდია გურჩიანი "რეზონანსთან" ამბობს, რომ საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, ამიტომ მეტი დაფიქრებაა საჭირო - ასეთი რისკის ფონზე რამდენად მიზანშეწონილია ნენსკრაჰესის მშენებლობა. ამავე სოფლის კიდევ ერთი მკვიდრის, გია ვიბლიანის თქმით, ამ ეტაპისთვის სამაშველო სამსახურები მობილიზებულია, სოფლის თავზე ვერტმფრენიც გამოჩნდა და სრული მზადყოფნაა, რომ მოსახლეობას დაეხმარონ. ამ მომენტისთვის "ნენსკრა ჰიდროს" თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ ადგილობრივ მოსახლეობას", - წერს სტატიის ავტორი.