"ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული "პასპორტების" გამოცვლის პროცესი, შესაძლოა, ახალ ეროვნებათშორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის შესახებ აფხაზური მედია უკვე ღიად წერს, სოციალურ ქსელებში ამ თემაზე ცხარე კამათია გაჩაღებული, აფხაზეთში მოღვაწე იურისტთა ნაწილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ "პასპორტის" გამოცვლის ეს წესი არააფხაზი ეროვნების მოქალაქეთათვის დისკრიმინაციულია. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს არის სეპარატისტული ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ აფხაზეთში ეთნოცენტრული "სახელმწიფო" შექმნან, ეს "კანონი" კი კონკრეტულად ქართველების წინააღმდეგ არ არის მიმართული და შეეხება როგორც რუსებს, ასევე სომხებს, მაგრამ ყველაზე დიდი უკმაყოფილება აფხაზებს ალბათ, მაინც ეთნიკური რუსებისგან ელით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით აფხაზეთში ახალი ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
"ხსენებული "კანონის" მიხედვით, "აფხაზეთის მოქალაქეობის" უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის" გამოცხადებიდან 5 წლის განმავლობაში, - 1994-1999 წლებში ცხოვრობდნენ აფზახეთში. ამჟამად აფხაზეთში ძველი "პასპორტების" გამოცვლა მიმდინარეობს და ყველა მოქალაქე, ვინ ახალი "პასპორტის" ასაღებად მიდის, ვალდებულია დაამტკიცოს, რომ იგი 1994-1999 წლებში ნამდვილად ცხოვრობდა აფხაზეთში. მთავარ უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ ეს ვალდებულება არ ეხებათ ეროვნებით აფხაზებს, რადგან, სეპარატისტთა "კანონმდებლობით", ეთნიკურ აფხაზს ავტომატურად ეკუთვნის "აფხაზეთის მოქალაქეობა". გარდა ამისა, არსებობს აფხაზეთის მკვიდრი არააფხაზური წარმოშობის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთაც 1994-1999 წლებში სხვადასხვა მიზეზით პერიოდულად უწევდათ აფხაზეთის დატოვება - სამუშაოდ, სამკურნალოდ, სასწავლებლად და ა.შ. შესაბამისად, მათ მიუხედავად იმისა, რომ ძველი "პასპორტები" აქვთ, ახლის მისაღებად საკმაოდ რთული პროცედურის გავლა უწევთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"გარდა ამის, არის არაააფხაზი მოსახლეობის კიდევ ერთი კატეგორია, რომელთაც აფხაზეთი 1994-1999 წლებში არ დაუტოვებიათ, თუმცა ამის დასამტკიცებლად მათ სთხოვენ საბუთს, რომ ამ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე სადმე მუშაობდნენ ან სწავლობდნენ, რის წარდგენასაც ვერ ახერხებენ. აფხაზი იურისტი ოლეგ პაპასკირი წერს, რომ უეცრად ყველა ეთნიკურად არააფხაზ პირს, რომელიც "რესპუბლიკაში" ცხოვრობდა, დააბრალეს "მოქალაქეობის" უკანონოდ მიღება და სთხოვენ, რომ საწინააღმდეგო დაამტკიცონ. ცნობილი აფხაზი ჟურნალისიტ ანტონ კრევენიუკი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა სერიოზული ეროვნებათაშორისი შუღლი და დაპირისპირება გამოიწვიოს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზურ პრესაში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი ამ "კანონზე". მან ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია, რადგან ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ იქ, მაგრამ ეთნიკურად არ არინ აფხაზები, ახლა სხვადასხვა გზით უწევთ იმის მტკიცება, რომ ნამდვილად მკვიდრნი არიან", - განაგრძობს გამოცემა.
"აფხაზურ პრესაში 4-5 თვეა დაიწყო საუბარი ამ კანონზე. არააფხაზი მოსახლეობა, ვინც დაიბადა და გაიზარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლაც აღშფოთებულია - ვიღაც შეიძლება სასწავლებლად წავიდა სხვა ქვეყანაში, დაბრუნდა, გააგრძელა ცხოვრება და ახლა უნდა ეცადოს მოიპოვოს "მოქალაქეობა". ბუნებრივია, რომ აფხაზეთის სურვილი ეთნოცენტრული სახელმწიფოს მშენებლობისა უშედეგო იქნება. ეს "კანონი" მიმართულია არა მხოლოდ ქართველების წინააღმდეგ, არამედ ისინი ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ არააფხაზი მოსახლეობის რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე", - ამბობს ზაქარეიშვილი. ის აღნიშნავა, რომ შესაძლებელია მომავალში ამ "კანონში" რამე შეიცვალოს, რადგან აფხაზეთში ამან დიდი ვნებათაღელვა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია - დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ზედმეტი მოუვიდათ, "ნამეტანი გადაღუნეს ჯოხი" და რაღაც გამოსავალს ეძებენ, ხოლო სანამ ამ ძიებაში არიან, ერთა შორის ურთიერთობების გამწვავებას ექსპერტი არ ელის. ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, აფხაზებმა ეს "კანონი" აამოქმედეს საკუთარი ეთნოსის შესანარჩუნებლად, რადგან აფხაზეთში ომის შემდეგ საცხოვრებლად ჩასულთა რაოდენობა ძალიან დიდია", - დასძენს გამოცემა.
"აფხაზებს ეს "კანონი" მარტო ქართველთა წინააღმდეგ არ შემოუღიათ - თუ აამუშავებენ- აამუშავებენ ყველას წინააღმდეგ. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც საცხოვრებალდ ჩავიდა ომის შემდეგ, მათ შორის, დიდი რაოდენობით არიან სომხები... მე ვფიქრობ "კანონს" ძალიან ცუდი რეზონანსი ექნება აფხაზებისთვის მათი მთავარი მოკავშირის - რუსეთის მხრიდან. ამ "კანონის" მოქმედება ვრცელდება ეთნიკურ რუსებზეც, რომლებიც დიდი ხანია აფხაზეთში ცხოვრობენ. ბევრნი ომის პერიოდში წავიდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილან. ამ "კანონით" ბევრი დაკარგავს როგორც "აფხაზეთის მოქალაქეობას" და მასთან ერთად, მაგალითად, უძრავი ქონების ფლობის უფლებას. რა თქმა უნდა, ქართველების დიდ ნაწილსაც შეეხება ეს ამბავი, მაგრამ ქართველები ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და მაინც ასეთი პრინციპით ცხოვრობდნენ... ეს ქართველების წინაააღმდეგ იქნება მიმართული, მაგრამ ძირითადად შეფარული ქმედებაა სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, პირველ რიგში, რუსებისა და სომხების წინააღმდეგ", - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას მამუკა არეშიძე.