სამდღიანი ტყვეობა დასრულდა - რა დაინახეს დაღესტნის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა

სამდღიანი ტყვეობა დასრულდა - რა დაინახეს დაღესტნის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა

"შესაძლოა, რუსებს შეეშინდათ, რომ მესაზღვრეები დაინახავდნენ ისეთ რამეს, რაც მათ არ აწყობდათ. არც ის არის გამორიცხული, რომ მესაზღვრეების დაკავებით მათ აღკვეთეს ფაქტი, რომ ქართველი კოლეგები მოხვდნენ ადგილას, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ძალის დემონსტრირება. კარგია, რომ მესაზღვრეებმა წინააღმდეგობა არ გაუწიეს და მათ პროვოკაციას არ აჰყვნენ", - ასე აფასებს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე "რეზონანსთან" სამი დღის წინ საქართველო-დაღესტნის სასაზღვრო ტერიტორიიდან ქართვეელი მესაზღვრეების გატაცებას. ქართველი მესაზღვრეების სამდღიანი ტყვეობა დასრულებულია. ლაგოდეხის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან (დაღესტნის მონაკვეთი), რუსმა სამხედროებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ორი გატაცებული თანამშრომელი საქართველოს მხარეს გადმოსცეს. ორივე მათგანი ლაგოდეხის რაიონის მკვიდრია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სამდღიანი ტყვეობა დასრულდა - რა დაინახეს დაღესტნის საზღვარზე ქართველმა მესაზღვრეებმა.

"რა გახდა მესაზღვრეების დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივების განცხადებით, ორივე მათგანი - კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე 13 წელია, რაც მესაზღვრეებად მუშაობენ და გამორიცხულია, გზა არეოდათ. ისინი საკმაოდ გამოცდილი და ბილიკების კარგად მცოდნე მესაზღვრეები არიან, ყველა კუთხე-კუნჭულს თვალდახუჭული ცნობენ და წარმოუდგენელია, საზღვარი გადაეკვეთათ. ისინი 27 ივნისს, სავარაუდოდ, მართოთის ტბასა და ხიმრიკის მთას შორის მდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. მანძილი ტბასა და მთას შორის დაახლოებით 5 კილომეტრია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, დაღესტნის საზღვრიდან ამხელა მანძილით დაშორებულ ადგილას რატომ ჩათვალეს საჭიროდ რუსმა მესაზღვრებმა, რომ ქართველი კოლეგები დაეკავებინათ, მით უმეტეს, ანალიტიკოსების თქმით, ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია არსებობს. საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად 27 ივნისს გავიდა. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის აზრით, ეს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია იყო, რომელზეც მესაზღვრეები არ წამოეგნენ. რუსებმა კი საკუთარი ძალის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინეს", - აღნიშნავს გამოცემა.

"კვახაძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ამხელა გამოცდილების მქონე მესაზღვრეებს გზა არეოდათ. მეორეც, მესაზღვრის მიერ საზღვრის გადაკვეთა საზღვრის დარღვევად არ ითვლება. მისი თქმით, ქართველ და რუს მესაზღვრეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია არსებობს და მათ ერთმანეთის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მუდმივად აქვთ. ქართველი მესაზღვრეები რა ზონაშიც უნდა მოხვედრილიყვნენ, მათი დაკავება არც ერთი კანონის ფარგლებში არ ჯდება - "ეს რუსეთის მხრიდან ძალის დემონისტრირება იყო. დაუშვებელია მესაზღვრის დაკავება საზღვრის დარღვევის ბრალდებით. ჯერ ერთი, იქ არსებობს ნეიტრალური ტერიტორიები და ბილიკები, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება რუსეთის საზღვარი. ორივე ქვეყნის მესაზღვრეები ამ ნეიტრალურ ზონაში თავისუფლად მოძრაობენ. თუნდაც მტრულად განწყობილი ქვეყნის მესაზღვრეებს ერთმანეთთან რაციით კომუნიკაცია აქვთ. გადასვლა და გადმოსვლა დაკავების მიზეზი არასდროს გამხდარა. ეს ფაქტი ჩვეულებრივად იმის გაგრძელებაა, რაც საოკუპაციო საზღვრის გადმოწევისა და ჩვენი მოქალაქეების გატაცების დროს ხდება", - აცხადებს კვახაძე. იგი ამბობს, რომ მესაზღვრეებს იარაღის გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, რთული სათქმელია. მესაზღვრე იარაღს კოლეგის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებდა და სროლას ვერ დაუწყებდა, ეს პროვოკაციაში აყოლა იქნებოდა, რაც ჩვენთვის კარგად არ დასრულდებოდა. ანალიტიკოსის აზრით, საქართველოს მხარემ ფაქტის გახმაურებისგან თავი ოპერატიული ინფორმაციის გაუთქმელობის გამო შეიკავა", - განაგრძობს გამოცემა.

"ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მესაზღვრეების დაკავების მიზეზი, შესაძლოა, რაიმე გაუგებრობა იყოს, რადგანაც იქ არსებობს ბილიკები, სადაც მესაზღვრეს პატრულირებისას საზღვრის მონაკვეთის გადაკვეთა უწევს. სალუქვაძე ამბობს, რომ რთულია საუბარი კონკრეტულ მიზეზებზე, როდესაც დეტალურად არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა, თუმცა მომხდარს პროვოკაციას მაინც ვერ დაარქმევს, რადგანაც მესაზღვრეები რუსეთის მხარემ გაათავისუფლა. მისი აზრით, ეს ფაქტი შესწავლას საჭიროებს და გაანალიზების შემდეგ მას დიპლომატიური არხებით რეაგირება უნდა მოჰყვეს. "მესაზღვრეებს შეუძლიათ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმოძრაონ, მაგრამ დაღესტნის საზღვართან არის საკმაოდ რთული ბილიკები, სადაც ორივე ქვეყნის მესაზღვრეებს ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასვლა უჭირთ. რა თქმა უნდა, ქართველებსა და რუსებს შორის ამ ბილიკებზე გადაადგილების შეთანხმება არსებობს. ამიტომაც ვამბობ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, დეტალურად არის გასარკვევი", - ამბობს სალუქვაძე, რომლის აზრით, "რუსებს რომ პროვოკაცია ჰქონოდათ ჩაფიქრებული, მაშინ მათ არ გაათავისუფლებდნენ", - დასძენს გამოცემა. 

"თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მესაზღვრეების დაკავება რაღაცის დანახვის შიშით მოხდა და მათი დაპატიმრებით ეს აღკვეთეს. რუსების მხრიდან გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამას გამოძიება სჭირდება. უფრო ვფიქრობ, რომ რუსეთის მხარეს, შესაძლოა, ახალი კონტინგენტია და გარკვეული გაუგებრობა მოხდა. კონკრეტულ მონაკვეთებზე, სადაც მთიანი რეგიონია, ორივე ქვეყნის პოლიცია პატრულირებს. მინდა, დავაბრალო, რომ ეს გაუგებრობაა და არა სხვა უფრო სერიოზული გარემოება. თუმცა ცუდია, რომ მათი დაკავება სამი დღე გაგრძელდა და მალევე არ გადმოგვცეს. ეს ინციდენტი საერთაშორისო პარტნიორების საქმის კურსში ჩაყენების შედეგად უნდა გაირკვეს", - მიიჩნევს სალუქვაძე. რაც შეეხება სასაზღვრო სოფლებში დრონების გამოჩენას, გენერალი ამბობს, რომ ეს საქართველოს არც შს სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის. შესაბამისად, ჩნდება მოსაზრება, რომ რუსეთის დრონები იყო. თუმცა შორიდან მისი მოდელის დადგენა საკმაოდ რთულია. სალუქვაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ მისი განეიტრალება ანუ ჩამოგდება უნდა მოახდინოს, რადგანაც ეს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაა", - წერს სტატიის ავტორი.