სახელისუფლებო პარიტეტი

სახელისუფლებო პარიტეტი

[თეონა ხარაბაძე]

რამდენი კაცისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც საარჩევნო სიებს გადაამოწმებს, ჯერჯერობით, არავინ იცის. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ეს ჯგუფი სამ ტოლ ნაწილად გაიყოფა და თითო ნაწილი დაურიგდებათ არასამთავრობო სექტორს, სახელისუფლებო პარტიას და ყველა სხვა პარტიას ერთად.

ადვილი აღსაქმელი რომ იყოს, მაგალითად შეიძლება წარმოვიდგონთ სამად გაჭრილი ტორტი, საიდანაც ერთ ნაწილს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მისცემენ, ერთ ნაწილს -შვიდ პარტიას (ყოველ შემთხვევაში, საარჩევნო შეთანხმებას ხელს „ნაციონალების“ გარდა, შვიდი პარტია აწერს და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ ესენი იმუშავებენ) და ერთ ნაწილს მხოლოდ ნაციონალებს.

ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ პროპორციით გაყოფილი ტორტიდან ერთ პარტიას რომ შეხვდება იმდენი შეხვდეს დანარჩენებსაც, მაგრამ „ახლების“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ირწმუნება, რომ ეს ნამდვილად პარიტეტია.

„ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ეს კომისია უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი, ერთი მხრივ ცესკოსგან და, მეორე მხრივ - სახელმწიფო სტრუქტურებისგან. იგი უნდა იყოს ცალკე რეგლამენტით ფუნქციონირებადი და მასში თანაბარი წარმომადგნელობა უნდა ჰქონდეს, როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე სახელისუფლებო პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს.

ასევე მათი უფლებამოსილებები განსაზღვრული უნდა იყოს კანონმდებლობით. ასევე კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს უწყებათაშორისო კომისიის სტატუსი, მისი უფლებამოსილებები, მისი მუშაობის რეგლამენტი, მისი ინტენსიობა და მათი მუშაობის გამჭვირვალობა.

ამომრჩეველთა სიების გადამმოწმებელი კომისია უნდა შეიქმნას კანონის საფუძველზე და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ყველა სტრუქტურისგან, მათ შორის ცესკოსგან. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო და ის უნდა აღასრულოს ცესკომ“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მას შემდეგ, რაც „ახალმა მემარჯვენეებმა“, „ქრისტიან-დემოკრატების“ მსგავსად გაცილებით მეტი საერთო აღმოაჩინეს „ნაციონალებთან“, ვიდრე თავად წარმოიდგენდნენ, აღარც ასეთი განცხადებებია გასაოცარი.

თუმცა, კითხვის ნიშნები უკვე იმასთან დაკავშირებით ჩნდება, რამდენად შეძლებს ეს ჯგუფი საზოგადოებისთვის სანდო სიების შედგენას.

საარჩევნო სიები მუდმივად დავის საგანია და, ცხადია, ამ სიის დადგენა მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ეს საკითხი იყო თავის დროზე „რვიანის“ მთავარი თემა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას, რომ სიის გასწორება ბიომეტრიული მონაცემებით მომხდარიყო (და არა არჩევნების ბიომეტრიული მონაცემებით ჩატარებაზე).

სხვათა შორის, ამ საკითხს ბოლო წუთებამდე აქტიურად უჭერდნენ მხარს „ახალი მემარჯვენეებიც“ და „ქრისტიან-დემოკრატებიც“. ახლა კი მიაჩნიათ, რომ სიების გასწორებისთვის ხელისუფლების შეთავაზებაც საკმარისი იქნება.

ასეა თუ ისე, სიების ავკარგიანობა სწორედ იმ ჯგუფზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს. შესაბამისად, მნიშვნელობა აქვს, ეს ჯგუფი როგორ შეიქმნება და შემდეგ რა პრინციპებით იმოქმედებს.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ იმ ჯგუფის შექმნის წესის განსაზღვრაზე, რომელიც საარჩევნო სიებს გადაამოწმებს. ყველა დანარჩენი საკითხი კი, როგორც სარედაქციო ჯგუფის წევრები აცხადებენ, თანდათანობით გაირკვევა.

„შეთანხმების ყველა ის ნაწილი, რომელიც უკავშირდება ცალკეულ ღონისძიებას ან საკანონმდებლო რეგლამენტაციას, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის ის ნაწილიც, რომელიც უკავშირდება კომისიის შექმნას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამუშაოები ცოტა ადრეც შეიძლება დაიწყოს. სავარაუდოდ, აგვისტოს თვეში შესაძლოა, განხორციელებული იქნას და მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა იმისთვის, რომ პირველი ოქტომბრისთვის კომისიის საქმიანობა ქმედითი იყოს.

ყველა ის ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული საკანონმდებლო რეგლამენტთან, დაუყოვნებლივ იქნება განხორციელებული. 1 ოქტომბრისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები იქნება დასრულებული და, შესაბამისად, ამ კომისიას დაახლოებით წელიწადი ექნება იმისთვის, რომ გადაამოწმოს სიები. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება კომისიის შემდგომი ბედი, ამაზე უკვე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი.