"ოცნება" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ლადო ჭანტურიას განიხილავს

"მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობის გამხელას არ ჩქარობს და როგორ "ოცნებაში" აცხადებენ, კონსულტაციები ამ საკითხზე არ დაწყებულა. კულუარული ინფორმაციით კი, დიდი ხანია, უმრავლესობაში ამ თემაზე მსჯელობენ და სხვა კანდიდატებს შორის, ლადო ჭანტურიას კანდიდატურაც განიხილება. ამ ინფორმაციის გადამოწმებას "რეზონანსი" უმრავლესობის წევრებთან შეეცადა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოცნება" პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად ლადო ჭანტურიას განიხილავს.

"უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიას თქმით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა მმართველ პარტიაში ამ თემაზე საუბარი. "პირადად მე უმრავლესობის რიგებში ამაზე საუბარს არ შევსწრებივარ, ასეთ ფორმატში კანდიდატის განხილვა არ ყოფილა. შეიძლება ვინმემ თქვა პირად საუბარში, მაგრამ უმრავლესობაში კონსულტაციები ამ საკითხზე არ დაწყებულა. რაც შეეხება ლადო ჭანტურიას კანდიდატურას, პირველად მესმის, თუმცა იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა, პროფესიონალი, მაგრამ მის კანდიდატურაზე საუბარი არ ყოფილა. "ოცნება" ამ თანამდებობაზე იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელსაც შეუბღალავი წარსული აქვს, ღირსეული პიროვნებაა და პროფესიონალი", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დაასახელებს. "ჩვენ გარკვევით ვთქვით, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში. უმრავლესობის რიგებში ამ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა და ხმები იმის თაობაზე, რომ უკვე შერჩეულია კანდიდატურა, არასერიოზული და უსაფუძვლოა. ლადო ჭანტურიაზეც პირველად მესმის", - განაცხადა გია ვოლსკიმ. უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, ამბობს, რომ მას ასეთ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და საპარლამენტო ფორმატში პრეზიდენტობის კანდიდატზე არ უმსჯელიათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგ იგორ კვესელავას თქმით კი, "ქართული ოცნების" გარკვეულ წრეებში არის ეს მოსაზრება, რასაც სამეცნიერო წრეებიც იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ თუ მმართველი გუნდის მიერ მართლაც იქნება წამოყენებული ლადო ჭანტურიას კანდიდატურა, მას გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რადგან მისაღებია როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, ვინც არჩევნებში ხმას არც ერთ კანდიდატს არ აძლევს. მისი თქმით, საზოგადოებაში, უკვე რამდენიმე თვეა, მუსირებს აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა იქნება წამოყენებული საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ კვესელავა მიიჩნევს, რომ იგი ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, რადგან მარტო პარტიული ლიდერის სტატუსი ვერ მისცემს შესაძლებლობას, მიმართულება მისცეს იმ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ აქამდე ვხედავდით, როგორი დაპირისპირება იყო პრეზიდენტსა და საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნების მიზეზი სწორედ ესაა, რომ გუნდში ერთობა შენარჩუნებულიყო. მისი პრეზიდენტად არჩევა კი ამ სამ შტოს შორის ურთიერთობის დარეგულირების გარანტი იქნებოდა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვერ გეტყვით, ვის შეარჩევს მმართველი გუნდი. ოპოზიცია თუ არ გაერთიანდა და საერთო კანდიდატი არ წამოაყენა, გაუჭირდება, მოუგოს მმართველი გუნდის კანდიდატს. რამდენადაც მე ვიცი, "ოცნების" გარკვეულ წრეებში არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს ლადო ჭანტურია, რასაც სამეცნიერო წრეებშიც ეთანხმებიან. ჩვენ, მეცნიერები, ექსპერტთა საბჭო, ხშირად ვიკრიბებით და იქაც იყო ამაზე საუბარი, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მისაღებია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვისაც, ვინც არჩევნებში ხმას არ აძლევს არც ერთ კანდიდატს, ესენი კი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას იგორ კვესელავა.

"ქართული საზოგადოება ლადო ჭანტურიას იცნობს, როგორც ნიჭიერ, ნამდვილ პროფესიონალს, რომელსაც შეუბღალავი წარსული აქვს. მას იცნობენ ევროპაშიც. ასე რომ, მისი კანდიდატურის წამოყენება რატომ უნდა იყოს სათუო, არ მესმის. საკადრო პოლიტიკაში ყველა მთავრობა შეცდომებს უშვებს, მაგრამ ფაქტია, რომ კადრების ნაკლებობა საქართველოში არასდროს ყოფილა. ჩვენ გვყავს ნამდვილი პროფესიონალები, მაგრამ მათ მოძიება სჭირდება. ნამდვილი პროფესიონალები ბევრია სამეცნირო წრეებშიც და ძალიან კარგად მენიშნა ახალი პრემიერ-მინისტრის - მამუკა ბახტაძის განცხადება, რომ იგი აპირებს, კადრების შერჩევის საკითხში გაიზიაროს სამეცნიერო წრეების, ინტელექტუალების აზრი, რომელთაც არც ერთი ხელისუფლება ყურს არ უგდებდა. ვფიქრობ, რომ მომავალ სამთავრობო გუნდში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგენს, უმეტესობა სწორედ სამეცნიერო წრეებიდან იქნება", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.