"სამ კვირაში ნატო-ს ბრიუსელის სამიტი იმართება და დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ამ სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი. რას გულისხმობს ზალკალიანი "ხელშესახებ შედეგში" და არის თუ არა მაპ-ის მიღების შესაძლებლობა, ამას დროებითი მთავრობის საგარეო უწყების ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს. ექსპერტები კი ზალკალიანის ოპტიმიზმს არ იზიარებენ და მაპ-ის მიღების პერსპექტივას ამ ეტაპზე გამორიცხავენ. ამასთანავე ამბობენ, რომ მაპ-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა შეთავაზება, გაფართოებული პაკეტი და ა.შ. ხელშესახები შედეგი ვერანაირად ვერ იქნება. "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი, - ამის შესახებ გუშინ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც დროებითი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმართებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რას ლაპარაკობენ ნატო-ს მაღალჩინოსნები კულუარებში საქართველოზე / "გვეუბნებიან, თქვენ რეფორმების თვალსაზრისით გააკეთეთ იმდენი და ხანდახან მეტიც, რასაც მაპ-ი ითვალისწინებდაო"
"ზალკალიანმა განაცხადა, რომ 16 მაისს ნატო-საქართველოს კომისიის ბოლო სხდომაზე იყო მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები ყველა მიმართულებით და რომ ალიანსის მხრიდან არის მზაობა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად იყოს შეფასებული. "მოლოდინზე აქტიურად გვაქვს საუბარი. ამ მოლოდინზე 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა საუბარი ნატო-საქართველოს ბოლო კომისიის სხდომაზე. მე, იქ დამსწრე კოლეგებსა და პარტნიორ ქვეყნებს გვაქვს განცდა, რომ საქართველო ამ სამიტიდან წამოვა ხელშესახები შედეგით", - აღნიშნა ზალკალიანმა. ნატო-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს იმართება და თბილისში დიდი იმედია, რომ შეფასდება 10-წლიანი პერიოდი, რომელიც გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ მაპ-ი - ეს უდიდესი მნიშვნელობის გარდამტეხი ეტაპია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და წელს მისი მიღების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ამის შესახებ გარკვეული მინიშნებები დასავლეთში უკვე იქნებოდა",- აღნიშნავს გამოცემა.
"მაპ-ის მინიჭების შესაძლებლობაზე არავითარი ნიშანი, არც ნატო-სა და არც ექსპერტულ დონეზე არ ყოფილა. როგორც წესი, ასეთი რამ წინასწარ ხდება ხოლმე ცნობილი.
"ალბათ, ამ სამიტზე კიდევ უფრო გაესმება ხაზი იმას, რომ საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ახლოს არის ნატო-ს სტანდარტებთან, ასევე იქნება საუბარი ერთობლივ წვრთნებსა და ჩვენი სამხედრო ძალების ნატო-ს სტრუქტურებთან ჰარმონიზაციაზე. "თუმცა არ მგონია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობა რამე გადაწყვეტისთვის მზად იყოს. აქედან გამომდინარე არ ვიცი, რა იგულისხმა ზალკალიანმა. კი, სამიტის შემდეგ ხაზგასმული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით. მაპ-ის ალბათობა რომ ყოფილიყო, პირველ რიგში, ამაზე ხმაურს რუსეთი ატეხავდა. ასე რომ, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს", - ამბობს კაკაჩია. მისი თქმით, ზოგადად ნატო აცხადებს, რომ მაპ-ის გარეშე არც ერთ სახელმწიფოს ალიანსში არ მიიღებენ, თუმცა საქართველოს ბევრად მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე მაპ-ი ითვალისწინებს", - განაგრძობს გამოცემა.
"კაკაჩიას თქმით, ნატო-ს გარკვეული მაღალჩინოსნები, ასევე კულუარებში გვეუბნებიან, თქვენ რეფორმების თვალსაზრისით გააკეთეთ იმდენი და ხანდახან მეტიც, რასაც მაპ-ი ითვალისწინებდაო. აქედან გამომდინარე, ეს ფორმალური საკითხია და თუ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი მომწიფდება, უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველომ უკვე შეასრულა მაპ-ისთვის საჭირო მოთხოვნები. პირობითად უნდა წარმოვიდგინოთ, თუ მაპ-ის მიღებაა აუცილებელი, მაშინ მაპ-იც უნდა მოგვცენ და მეორე დღესვე გაგვაწევრიანონ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია ეს პროცესი", - დასძენს გამოცემა.
"უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, მინისტრების განცხადებას ფასი დიდი ხანია, არ ადევს, ამდენად შესაძლოა, ეს დამაიმედებელი განცხადება ითქვა პიარის გამო და სამიტის ჩავლის შემდეგ განაცხადებენ, რომ იმედი არსებობდა ხელშესახები შედეგის და იმედი არ გამართლდა. "სამიტის წინ, როგორც ყოველთვის, ჩანს ხოლმე, რისი მოლოდინი უნდა გქონდეს და რისი მზაობაა. რამე აჟიოტაჟი ნატო-ს სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან არ შემიმჩნევია. არც რამე ოფიციალური განცხადება გაკეთებულა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება საქართველოსთან მიმართებაში. "ღმერთმა ქნას, რომ რამე მნიშვნელოვანი შედეგი მივიღოთ, მაგრამ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს რა აძლევს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ ვიცი", - აცხადებს მაისაია. მისი თქმით, ის, რომ სამიტის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლა მოხდა, დადებით მომენტს არ შეჰმატებს ჩვენს ნატო-ში ინტეგრაციის თემას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამიტის წინ მინისტრის შეცვლა დადებითი არ არის. მეორეც, მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი საქართველოსთვის მხოლოდ მაპ-ის, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა და, სამწუხაროდ, ახლა ეს მოლოდინი არ მაქვს. მისი თქმით, ერთი, რაც შეიძლება მივიღოთ, ისაა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება კიდევ უფრო გააძლიეროს ნატო-მ, შეიქმნას მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო დაჯგუფება ალიანსის მხრიდან, რაც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის და რუსეთს აჩვენებს, რას აკეთებს ნატო საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ეს გაწევრიანებასთან მიმართებაში კონკრეტულად არაფერს არ ცვლის", - წერს სტატიის ავტორი.