"სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს"
ნათქვამია კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, შესაბამისად, ბოლოდროინდელი გაუთავებელი ლაპარაკი, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის "მეორედ მოსვლა" სამთვარობო ცვლილებებით გაგრძელდებოდა, დღეს ასრულდა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეჩერდა.
კულუარული ინფორმაციით, კვირიკაშვილთან ერთად "სახლში წავლენ" იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
"დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა
მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. (იხილეთ განცხადება)
როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან.
"გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომა არ გაკვირვებით პოლიტოლოგებს. ექსპერტ სოსო ცინცაძის თქმით, კვირიკაშვილიც მისი წინამორბედი ღარიბაშვილივით, ივანიშვილზე ნაწყენია.
"ეს საკითხი გუშინ გადაწყდა, უბრალოდ დღეს მას მისცეს საშუალება, რომ თავად გაეკეთებინა ეს განცხადება. როგორც ბუნებით პატიოსანმა ადამიანმა თქვა იმაზე მეტი, რაც ტრადციულ ჟანრში გადადგომის დრო უნდა ეთქვა.
გამოჩნდა, მას კარგა ხანია უკმაყოფილება ჰქონდა ივანიშვილთან, მაგრამ რაზეა, რთულია ამის თქმა.
მიუხედავად იმისა, რომ მას ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობები არ გადაუხდია, მაინც არა მგონია, რომ ოპოზიციაში ვიხილოთ", - განაცხადა ცინცაძემ.
პოლიტოლიგი გია ხუხაშვილი კი პრემიერის გადადგომას კანონზომიერს უწოდებს.
"ეს კანონზომიერი იყო. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ასე, რომ გუშინ ამაზე მიდოდა ზუსტად საუბარი. უბრალოდ, მას უნდა გაეკეთებინა ეს განცხადება და მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მიჭირს ამაზე საუბარი. კვირიკაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატობის შანსი ხელიდან გაუშვა.
მისივე თქმით, სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს.
"საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან "ქართულ ოცნებას" სათადარიგოთა ძალიან მოკლე სკამი აქვს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა იქნება არა კარგად დავარცხნილი, არამედ ფუნქციონალური", - გვითხრა ხუხაშვილმა.