სომხეთის და უკრაინის ეკონომიკა სვაზილენდისას ჩამორჩება

სომხეთის და უკრაინის ეკონომიკა სვაზილენდისას ჩამორჩება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ავტორიტეტულმა საქმიანმა გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი. იგი შედგა ჟურნალის ანალიტიკოსების მიერ მსოფლიოს 177 ქვეყნის ეკონომიკების უკანასკნელი სამი წლის საშუალოწლიური მონაცემების ტესტირების შედეგად.

კერძოდ, Forbes-ის ექსპერტებმა გაანალიზეს ბოლო სამი წლის ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორებიცაა: შიდა პროდუქტის მოცულობა და მისი ცვალებადობა, ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის გადანაწილების მაჩვენებელი, ინფლაცია და მასთან ბრძოლის ეფექტურობა და სავაჭრო ბალანსის მაჩვენებელი.

რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ყველაზე უარესი ეკონომიკის ტიტული მოიპოვა მადაგასკარმა. 1960 წელს საფრანგეთის მეტროპოლიისაგან განთავისუფლებულ ამ ქვეყანას აყვავების მცირე პერიოდი ჰქონდა, მაგრამ უკვე 70-იანი წლებიდან ეკონომიკის მატების მაჩვენებელი მოსახლეობის ზრდისას ჩამორჩა, რასაც სიღარიბის სულ უფრო და უფრო მატებე მოჰყვა.

1999 წელს მადაგასკარში სამხედრო გადატრიალება მოხდა, რასაც აფრიკის ზრდისა და განვითარების აქტში ადგილის დაკარგვა მოჰყვა. ეს აქტი იმით გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ამერიკულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას იძლევა. შედეგად, ბოლო ორ წელში ქვეყანაში ბრინჯი ორჯერ გაძვირდა, სამუშაო ადგილების რაოდენობა კრიტიკულად შემცირდა, ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის გადანაწილების მაჩვენებელი 387 დოლარია, ინფლაცია კი 8,5 პროცენტი.

რეიტინგში მეორე ადგილზე სომხეთია. მის ეკონომიკას ძალზე მძიმე დარტყმა კრიზისულმა 2009 წელმა მიაყენა, როცა ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობა 15 პროცენტით შემცირდა. ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის გადანაწილების მაჩვენებელი 2959 დოლარია, რაც მეზობელი თურქეთის მაჩვენებელს სამჯერ ჩამოუვარდება. ინფლაცია კი 7 პროცენტი გახლავთ.

მესამე გვინეა გახლავთ. არადა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე თავმოყრილია მსოფლიოში არსებული ბოქსიტების მარაგის ნახევარზე მეტი. მაგრამ პოლიტიკური ჭაობი, რომელშიც გვინეა ღრმად ჩაეფლო, ამ პოტენციალის გამოყენების საშუალებას არ იძლევა. 2008 წლის გადატრიალებამ, რომლის შედეგად ქვეყნის სათავეში სამხედროები მოვიდნენ, გვინეა გვარიანად უკან დასწია. ვერც ერთი მსხვილი კომპანია ვერ რისკავს გვინეაში ბოქსიტების მოპოვების ძალზე მომგებიან საქმეში ინვესტირებას. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის გადანაწილების მაჩვენებელი 440 დოლარია, ხოლო ინფლაცია 17 პროცენტი.

ძალიან გასაკვირია, რომ რეიტინგში მეოთხე ადგილი უკრაინას უკავია. მდიდარი რესურსების, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო სექტორისა და ასე თუ ისე განვითარებული ინდუსტრიის მქონე ქვეყანას შეუძლია ევროპის წამყვანი სახელმწიფო იყოს, მაგრამ სამარცხვინო რეიტინგში მოხვდა, თანაც მეოთხე ადგილზე. უკრაინის პრობლემები არაეფექტურ სახელმწიფო მართვაში, ბიზნესის დაუცველობასა და გამეფებულ კორუფციაშია, რაც განსაკუთრებით იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ აყვავდა. შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შიდა პროდუქტის გადანაწილებლის მაჩვენებელი 3487 დოლარია, ხოლო ინფლაცია კი 10 პროცენტი.

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ იამაიკა, რომელიც თავის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებს, ნავთობით მდიდარი ვენესუელა, სადაც ჩავესის წყალობით ინფლაცია 32 პროცენტს შეადგენს. აქვეა ყირგიზეთი, რომელიც ბიზნესის წარმოებისათვის ძალზე არახელსაყრელი გარემოთი გამოირჩევა. შემდეგია სვაზილენდი, სადაც მოსახლეობის 60 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ასეთივე მდგომარეობაა ნიკარაგუაში, ხოლო რეიტინგში მეათე ადგილზე მყოფ ირანს ვენესუელის მსგავსად თავისი სანავთობე პოტენციალის გამოყენებაში ხელს არსებული რეჟიმი უშლის.

თავისთავად ცხადია, ამ რეიტინგის ყველაზე საინტერესო ნაწილი ის გახლავთ, რომ უკრაინის ეკონომიკა უფრო ცუდ მდგომარეობაში ყოფილა, ვიდრე, ვთქვათ, სვაზილენდის. როგორც ჩანს, Forbes-მა მართლაც კომპლექსური კვლევა ჩაატარა და მნიშვნელოვანი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები გაითვალისწინა.