"კბილაშვილი, ფარცხალაძე, ბადაშვილი, შოთაძე - 6 წლის განმავლობაში 4 მთავარი პროკურორი შეიცვალა ქვეყანამ და ამ ოთხიდან ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ნახევრამდე მაინც ჩაემთავრებინა. მათ მიმართ იყო არაერთი სკანდალიც და უფლებადამცველების მტკიცებით, სწორედ 4 წარუმატებელი ყოფილი მთავარი პროკურორის შერჩევის გამო ახლა დროა, თეა წულუკიანმა პასუხისმგებლობა აიღოს და ახალი პროკურორი შეარჩიოს იუსტიციის სხვა, ახალმა მინისტრმა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორი პროკურორები შეარჩია წულუკიანმა.
"წულუკიანმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ შერჩევა არ შეუძლია. ვერ შეარჩია პროკურორი, ვერ შეარჩია ევროსასამართლოს მოსამართლე და სკანდალური ამბები დატრიალდა არა მარტო საქართველოში, არამედ თავი მოგვეჭრა ევროპის საბჭოში. ჩვენ არ გვინდა, რომ ისევ არაკვალიფიციური და უვარგისი აღმოჩნდეს მომავალი მთავარი პროკურორიც", - აცხადებს ლია მუხაშავრია, რომლის თქმითაც, წულუკიანის მიმართ ბევრი სხვა პრობლემებიცაა, თუნდაც ის, რომ მას უნდა განეხორციელებინა რეფორმები მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის სისტემაში, რაც არ მოხდა: "წულუკიანმა გააფუჭა საქმე, ახლა კი სკამზეა ჩაბღაუჭებული და არ უნდა, ფეხი მოიცვალოს". "წულუკიანის პრობლემაა ის, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატების ნომინირებას ისე აკეთებდა, რომ მაშინაც არსებობდა გარკვეული კითხვები. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ის პირი, ვინც იუსტიციის მინისტრმა წინა ჯერზე შეარჩია, აღმოჩნდა მცდარი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია და როდის ამთავრებენ ეს ადამიანები უფლებამოსილებას, ესეც ვიცით. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდი იუსტიციის მინისტრის მავნე საქმეებს შორის. გაცილებით მეტი აქვს მას გაფუჭებული სხვა საქმეებით", - აცხადებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. უფლებადამცველები წინა 4 პროკურორის მიმართ არსებულ პრეტენზიებსაც იხსენებენ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ლია მუხაშავრიას თქმით, არჩილ კბილაშვილის ჩავარდნა იყო ის, რომ 20 000 საჩივარი შევიდა პროკურატურაში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების საქმეების გადასინჯვის მოთხოვნით და მან 1 წლის შემდეგ გაგვიცხადა, რომ საპროცესო კოდექსში არ არის მუხლი, რომელიც პროკურატურას მისცემს უფლებას, გადასინჯოს უკვე კანონიერ ძალაში შესული განაჩენები - "უკაცრავად, მთავარი პროკურორი რომ ხდები, მინიმუმ, ის ხომ უნდა იცოდე, რის უფლებას გაძლევს საპროცესო კანონმდებლობა და თუ მიზანი გაქვს, რომ სამართლის აღდგენას მიაღწიო, მაშინ უნდა მოითხოვო, შეიცვალოს ეს კანონმდებლობა, რაც მან არ გააკეთა და ეს იყო მისი ყველაზე დიდი ფიასკო.
"ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მისი მეტყველების მიხედვით, თავიდანვე ზედაპირულად ჩანდა, რომ ძალიან საეჭვო იყო, მას ისეთი განათლება ჰქონოდა, რომ თანამდებობაზე დანიშნულიყო. შემდეგ კი გაირკვა, რომ ნასამართლევიც იყო, რაც არის კატასტროფა წულუკიანისთვის. ქვეყანაში ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე იურისტს რომ ვერ შეარჩევ, ეს ძალიან სამარცხვინო ამბავია. გიორგი ბადაშვილს არც არაფერი გაუფუჭებია, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია. მანაც გააგრძელა ის არგამოძიების თუ ვერგამოძიების ამბები. შოთაძე კი ყველაზე დიდხანს იყო, ორწელიწადნახევარი და მის პროკურორობას უკავშირდება ყველა გახმაურებული საქმე - ვაზაგაშვილის მკვლელობა, კაბელების საქმე, ახლა ხორავას ქუჩის საქმე", - ამბობს მუხაშავრია. გიორგი მშვენიერაძის თქმით, კბილაშვილმა პროკურორობის დროს წამებაში ბრალდებული ვლადიმერ ბედუკაძე ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სტანდარტების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ორაზროვანი განმარტების საფუძველზე სრულად გაათავისუფლა პასუხისმგებლობისაგან, რაც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფაქტი იყო. ის ამბობს, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ეჭვია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე და ამ საქმესთან დაკავშირებით გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც", - განაგრძობს გამოცემა.
"ბადაშვილი, რეალურად, ვერ მართავდა სისტემას და გაუშვეს. რაც შეეხება შოთაძეს, თუნდაც ეს ბოლო ამბავი, ხორავას ქუჩის საქმის არასწორი გამოძიებაც, ყველასთვის ცხადია. ყველა ამ პროკურორის მიღმა არის ერთი მთავარი პრობლემა - ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა პროკურატურაში თვისობრივი ცვლილების შეტანა, რაც ისეთ პროკურატურას მოგვცემდა, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და სწორად გააზრებული საკუთარი ფუნქცია ექნებოდა. სამწუხაროდ, პროკურატურის ავტორიტეტი წლიდან წლამდე ეცემა", - დასძენს მშვენიერაძე. "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთი "მესიჯბოქსით" იწყებენ იმის შეფასებას, თუ რატომ არის "მაღალი სტანდარტის მაჩვენებელი", როდესაც პროკურორები ვადაზე ადრე მიდიან თანამდებობიდან..." - დასძენს გამოცემა
"ის, რომ ეს პროკურორები გადადგნენ, პირიქით, იმას ნიშნავს, რომ ვის მიმართაც რაღაც ოდნავი პრეტენზია გაჩნდა, არავინ არ მიეკერა სავარძელს", - აცხადებს ნუკრი ქანთარია, თუმცა თუკი საზოგადოების პრეტენზიაზე გადადგომით პასუხი ვრცელდება მთავარ პროკურორზე, რატომ არ ვრცელდება იგივე "მაღალი სტანდარტი" იუსტიციის მინისტრზე, ამაზე პასუხია, რომ "არასამთავრობოების საქმე არ არის პოლიტიკა" - "არ მგონია, რომ არასამთავრობოებიდან წამოსული ეს პოლიტიკური გზავნილი სწორი იყოს. აბსოლუტურად სხვა მოედანზე გადიან. არც წულუკიანი არ არის, რომ სკამს მიეკეროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად ზედმეტი ჟივილ-ხივილია და ძალიან ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება", - მიიჩნევს ქანთარია. დავით ჭიჭინაძეც აღნიშნავს, რომ ეს დადებითი მოვლენაა: "როცა შეცდომა აღმოჩნდება, კანდიდატი იმდენად ნორმალურია, ათვითცნობიერებს საზოგადოების უკმაყოფილებას, ემორჩილება ამ განწყობას და ტოვებს თანამდებობას". მისი თქმით, "პროკურორების შერჩევაში წულუკიანის დადანაშაულება არასწორია, რადგან წულუკიანი მარტო კი არ ზის და არჩევს კანდიდატს", - წერს სტატიის ავტორი.
"პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს და პარლამენტი რატომ ამტკიცებდა? ჰკითხეთ, აბა, "რესპუბლიკელებს", "თავისუფალ დემოკრატებს", "ფორუმელებს", ახლა რომ გაიძახიან, წულუკიანმა ვერ შეარჩია ვერც ერთი პროკურორი და ამიტომ უნდა წავიდესო, თვითონ რატომ მისცეს ხმა ან ფარცხალაძეს ან შოთაძეს? მე დეპუტატებთანაც მაქვს კითხვები და წულუკიანთანაც. წულუკიანის მიმართ 4 კითხვა მაქვს - არ მომწონს მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ფარცხალაძის დანიშვნა და, ასევე, ვიზების შეცვლა, რამაც თავის დროზე ირანელებს აუკრძალა შემოსვლა, რასაც ვიზიტორების შემცირება მოჰყვა. ხარვეზები არის, მაგრამ ამ ფონზე, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით წულუკიანი არ უნდა წავიდეს", - ამბობს ჭიჭინაძე, რომლის აზრით, წულუკიანი "თუ ისევ ისეთ კანდიდატს წარმოადგენს, რომლის მიმართაც საზოგადოებას გაუჩნდება კითხვები, აი, მაშინ უნდა გადადგეს", - დასძენს სტატიის ავტორი.