ანაკლიისა და ყულევის ტერიტორიებს ქიმიური ჭურვების „სასაფლაოდ“ იყენებდნენ

ანაკლიისა და ყულევის ტერიტორიებს ქიმიური ჭურვების „სასაფლაოდ“ იყენებდნენ

მართალია, დღეს ყველაფერი რუსულის ხსენება აკრძალულია, მაგრამ “გავკადნიერდები” და გენიალური რუსი მწერლის მიხეილ ბულგაკოვის ერთ-ერთ შედევრზე “ძაღლის გულზე” შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას: მოგეხსენებათ, პროფესორი ბორმენტალისა და მისი ასისტენტის მიერ სამედიცინო-სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგად ლოთი, უხამსი და მაწანწალა მამაკაცის სხეულში ძაღლის გადანერგილი გულის წყალობით კაცობრიობას რევოლუციონერი შარიკოვი მოევლინა, რომლისთვისაც ზრდილობიანად მოქცევა, თავაზიანი საუბარი, ჭამა და, საერთოდ, ყველაფერი ზნეობრივი ერთობ მიუღებელი იყო!!!

მკითხველს, ალბათ, ისიც ახსოვს, რომ “ძაღლკაცა” შარიკოვს, რაც არ ეზარებოდა, ეს იყო “ბალალაიკის” დაკვრა, “ჩასტუშკების” სიმღერა და მათ ჰანგებზე “ჩიკა-ჩიკა რამაიას” ცეკვა! მოკლედ, ბატონ შარიკოვს, დღევანდელი ენით რომ ვთქვა, “შოუ” იზიდავდა, შოუ, სადაც მხოლოდ მას უკრავდნენ ტაშს!!!

“ძაღლკაცას” სუსტი სქესისადმიც განსაკუთრებული ძაღლური დამოკიდებულება ჰქონდა და მკითხველს, ალბათ, ის ეპიზოდებიც ემახსოვრება, რა დღეში ჰყავდა შარიკოვს პროფესორი ბორმენტალის მოსამსახურე გოგონა, რომელსაც თავისი ცხოველური ვნებების დასაკმაყოფილებლად ხან ერთ კუთხეში მიიმწყვდევდა, ხან - მეორეში.

მიხეილ ბულგაკოვის უბადლო ლიტერატურული ენა (“მაპატიოს” დღევანდელმა ხელისუფლებამ, მაგრამ “ძაღლის გული” და სხვა მრავალი რუსული შედევრიც დედანში მაქვს წაკითხული), ნაწარმოების შინაარსი და მთლიანობაში მისი პათოსი (ჩემი აზრით) სხვა არაფერია, თუ არა შიში და სიფრთხილე აკვიატებული (შესაძლოა, დანაშაულებრივიც) სახიფათო ექსპერიმენტების მიმართ!

თუკი ექსპერიმენტი მედიცინის თვალსაზრისით გამართლებულია, პოლიტიკის თვალსაზრისით - დამღუპველიო, გვეუბნება ბულგაკოვი და მაგალითისთვის ექიმი ბორმენტალისა და მის მიერ “კაცადქცეული ძაღლის” ისტორიას გვთავაზობს, სადაც ცხადად ჩანს, კაცობრიობა რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ასეთი “ნაჩალნიკ-პრავიტელების” მომრავლების შემთხვევაში, თუკი შარიკოვების შექმნის სურვილი სხვა ექიმებსაც გაუჩნდებოდათ (მიმბაძველებს რა დალევს დედამიწის ზურგზე)!

დღევანდელ მსოფლიოში ორგანოების ტრანსპლანტაციით და ურთულესი მიკროქირურგიული ოპერაციებით ვერავის გააკვირვებ. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უამრავი ადამიანი დადის გადანერგილი გულით, თირკმელით, კუჭით, თმით და ა.შ., მაგრამ, როგორც ეტყობა, ბულგაკოვისეული შიში და სიფრთხილე (გადანერგილი ორგანოების მიმართ) კვლავაც აქტუალურია და, აქედან გამომდინარე, ერთმა ახალმა თბილისურმა ანეკდოტმაც არ დაახანა: მსოფლიო მედიკოსთა სიმპოზიუმზე სხვადასხვა ქვეყნის ექიმები თავიანთი მიღწევებით წარდგნენ კოლეგების წინაშე.

იაპონელები ჰყვებიან: შარშან უსიცოცხლო, დანეკროზებული ხელის მტევანი მოგვიტანეს. მივაკერეთ იგი უხელო პაციენტს და დღეს, ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის წყალობით, პაციენტი მას, როგორც ბუნებრივს, ისე ხმარობს! გერმანელმა ექიმებმა თავის ტვინის გადანერგვით მოიწონეს თავი და თან დასძინეს: დღეს ჩვენი პაციენტი ნორმალური განვითარების ადამიანზე ერთი საფეხურით მაღლა დგას, რაც ძალიან გვახარებსო!

ქართველი მეცნიერ-მედიკოსები დარბაზის კუთხეში მოკრძალებულად მსხდარან. “აბა, კოლეგებო, თქვენ რით გაგვახარებთ, რა მიღწევები გაქვთ ორგანოთა გადანერგვის კუთხით?” - მიუმართავთ მათთვის. “ჩვენ ერთმა ჭაღარა ქართველმა და მისმა მეგობარმა ამერიკელებმა ერთი კვერცხი შემოგვაჩეჩეს, მივაკერეთ მას ახალგაზრდა ყმაწვილის თავი და... დღეს ამ ექსპერიმენტის ნაყოფი ალექსანდრიის შუქურასავით ანათებს მთელ კავკასიაშიო”, - უთქვამთ ქართველებს.

ექსპერიმენტალურ მედიცინას თავი დავანებოთ და სააკაშვილის მიერ ამასწინათ ანაკლიაში “დაგუგუნებული რეჩი” გავიხსენოთ:

“ასეთი ქვიშა მე მსოფლიოს არც ერთ სანაპიროზე არ მინახავს, ევროპაში - მითუმეტეს! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აქ, ანაკლიაში 2-3 წელიწადში ისეთ კურორტს ავაშენებთ, რომლის ბადალი მთელ ევროპაში არ იქნება. ნალექების რაოდენობა, ბათუმთან შედარებით, ანაკლიაში 4-ჯერ ნაკლებია და ამიტომ ტურისტების მოსაზიდად ეს ადგილი ერთ-ერთი უნიკალურია! აქედან რამდენიმე კილომეტრში რუსი ოკუპანტები დგანან და სწორედ მათ ჯინაზე ჩვენ, დიახ, მათ ჯინაზე, არა მარტო მთელი მსოფლიოდან, არამედ აფხაზეთიდანაც მივიღებთ დამსვენებლებს და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რომ ეს მალე მართლაც ასე მოხდება!”

შენს პირს ჰალსტუხი და “გრეჩიხას” “ბებოს” კაკლის მურაბა, ჩემო მიშიკო, მაგრამ მეც და ძალიან ბევრსაც რომ გაგრა, სოხუმი, ლიძავა, ბიჭვინთა და რიწა გვენატრება, იქ გვინდა ჩასვლა და შენგან დასვენება, რით გვანუგეშებ? ანდა აფხაზები, მაინცდამაინც აქეთ - ანაკლიაში რატომ ჩამოვლენ დასასვენებლად, იქნებ, უფრო ფართოდ გაგვიშალო თემა?

ჯერ ერთი, საკურორტო ზოლის მშენებლობაცა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაც ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით დგებოდა ყოველთვის და აჭარა რომ უხვნალექიანია, არ იცოდით?

წელს რომ ვითომ 3 მილიონამდე დამსვენებელი გვყავდა, ეგ იმის ბრალი იყო, რომ “ღარიბ” სომხებს და “მდიდარ” ქართველებს სხვაგან წასასვლელი არ დაუტოვე პირადად შენ, დე ფაქტო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა!

ახლა ანაკლიაში რომ “დაჰკარ ბარი” და აქ “კურორტის აღმშენებლობა მიბრძანებიაო,” - განაცხადე, მრჩეველი, მოყვარე და ჭკუის დამრიგებელი მაინც არ გყავდა, რომ ეთქვა: “რას შვები, მიშა, ამ ადგილას ეგ არ შეიძლებაო”?

მკითხველი იკითხავს: კი მაგრამ რაშია საქმე, ანაკლიას ისეთი რა წუნი აქვს და რატომ არ შეიძლება იქ საზღვაო კურორტის აშენება?

გურამ ნიკოლეიშვილისაქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი:

- პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ ანაკლიისა და ყულევის ტერიტორიებს სამხედრო გემების, ქიმიური ნივთიერებების ტვირთმზიდებისა და ქიმიური ჭურვების ხელოვნურ “სასაფლაოდ” იყენებდნენ!

ამ ადგილებში მდინარეებს - ენგურსა და რიონს უხვად შემოაქვს ზღვაში ნატანი შლაკები, რაც ასეთი ტიპის “სასაფლაოებისათვის” “ზედგამოჭრილი” იყო, რადგან მათი “წყალობით” ნებისმიერი ნაგავი წყალქვეშა გრუნტში “იმარხება”. ყველაზე მეტი ბუნებრივი ნატანი მდინარე ენგურს კი სწორედ ანაკლიასთან ჩააქვს და ეს ადგილიც ჩამოწერილი, უტილიზაციისთვის უვარგისი გემებისა და ჭურვების ჩასაძირად ამიტომ იყო შერჩეული

რაც შეხება ყულევს, იქ მაშინდელი საჰაერო სამხედრო ძალები დიდძალ ჭურვებს აგდებდნენ, რადგან “ჭაობის” პრინციპით, “მასა” დროთა განმავლობაში ფსკერისკენ მიიზიდება და, ამდენად, “ჭურვების სასაფლაოც” გარშემო დასახლებული მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ბატონო გურამანაკლიაში ჩაძირული გემები დღეს თუ წარმოადგენს რაიმე საშიშროებასთუნდაც იმ კუთხითრომ ზოგიერთი მათგანი ქიმიური ნივთიერებების ტვირთმზიდები იყო?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ნივთიერებების გადამზიდები იყო ის გემები? ანაკლია და მისი აკვატორია რომ “გემების სასაფლაოა”, ყველა პროფესიონალმა სამხედრომ იცის და, როგორც იტყვიან, მე ახალს არაფერს ვამბობ.