რა მოხდა ხორავას ქუჩაზე? ვინ დააზიანა და გააყალბა მტკიცებულება? რატომ ვერ დაადგინა პროკურატურამ 13 ჭრილობის ავტორი? - ეს არის ის კითხვები, რომელსაც პასუხი ახლა დრობითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა გასცეს. კომისიას ამისთვის სამთვიანი ვადა აქვს. კომისია დასკვნას პროკურატურაში გადაგზავნის. პროცესუალურად, პროკურატურას არაფერი არ რჩება, გარდა იმისა, რომ დაკითხვები და მტკიცებულებები გააფორმოს პროცესუალურად, ამის შემდეგ დაიწყოს გამოძიება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განაცხადებით, ეს ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომისიის მუშაობის პროცესში სტანდარტი იქნება დაცული და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება. მისი თქმით, კომისიის სხდომებზე ყველა ადამიანი მივა, ვისი ინფორმაციაც დაეხმარება მართლმსაჯულების განხორციელებას.
„ზაზა სარალიძე არის ადამიანი, რომელიც სამართლიანობას ითხოვს, თქვენ (ნაციონალური მოძრაობა) კი ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვთ ქვეყნის ჩამონგრევას, დაშლას და დესტაბილიზაციას, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ - ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებს. სრული სიცრუეა დროის გაჭიანურებაზე საუბარი, რადგან ამ საქმეზე გამოძიება ისედაც მიმდინარეობს და ეს დრო ისედაც საჭირო იქნება, ვიდრე სასამართლო სხდომები საბოლოოდ დასრულდება. სახეზეა პოლიტიკური ფარისევლობა და საზოგადოებამ განსაჯოს, ვის უნდა ამ საქმეში სიმართლის დადგენა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დრობითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიის მთავარი ამოცანაა, არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში.
„შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში“, - აცხადებს სერგი კაპანაძე, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ჩვენ შევეცადეთ კაპანაძისგან დამატებითი კითხვებზე მიგვეღო პასუხი, თუმცა კაპანაძემ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ სატელეფონო ზარს არ პასუხობდა.
დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქმეზე გამოძიება დაიწყო შს სამინისტრომ. მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომელიც ფარდულთან დაკავშირებით გავრცელდა. მისი თქმით, ფარდული ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაინგრა და ამაში არც ერთი თანამდებობის პირის ხელი არ ურევია.
„ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მუშაობს ისაა, რომ იმ პირთა წრე დავადგინოთ და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, რომლებმაც პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს. ასევე გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ.
როგორც კი იმ პირებს დავადგენთ, რომლებმაც ფაქტების დამახინჯებას რაიმე ფორმით, ფინანსური რესურსების თუ სხვა მეთოდების გამოყენებით, ხელი შეუწყვეს, დაუყონებლივ დავაყენებთ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხს. მათ შორის, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ქუჩიდან პროცესების მმართვას უდგას სათავეში. სამართალმცოდნე, საპროკურორო საბჭოს წევრი თემურ მონიავა აცხადებს, რომ კომისიას აქვს იმის ბერკეტი, გამოკითხვის პროცესში დაადგინოს რა ბრალი მიუძღვის საქმის კონკრეტულ გამომძიებელს საქმის გაყალბებაში და ამაში ზემოქმედებას ახდენდა თუ არა მთავარი პროკურორი. მისი თქმით, საქმის სიმძიმიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო სხვა მექანიზმის გამოყენება.
„მაგალითად საგანგებო პროკურორს გამოეძია ეს საკითხი. აშშ-ში ასეთი შემთხვევებისთვის შესაბამისი ნდობით აღჭურვილი ადამიანების მონაწილეობით იქმნება დიდი ჟიური, რომელიც ატარებს გამოძიებას და მას აქვს პროცესუალური უფლებები, რომ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. ასეთი მექანიზმი თავის დროზე არ შევქმენით. თუ რამე კონკრეტული გამოკვეთა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, მასალები უნდა გადაუგზავნოს პროკურატურას და პროკურატურამ უნდა მიიღოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება, სხვა მექანიზმი საქართველოში არ არსებობს“, - აცხადებს თემურ მონიავა.
საპროკურორო საბჭოს წევრი კომისიისგან ელოდება არა მხოლოდ იმის დადგენას, ვის მიუძღვის ბრალი, არამედ იმის დეტალურ ანალიზს, რამ შექმნა ეს პირობა, რამდენად გამართული იყო კანონმდებლობა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები ხომ არ იყო საფუძველი იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო.
„აიზბერგის ხილული ნაწილი ვნახეთ, მაგრამ უხილავი ნაწილია კანონმდებლობა, რაც გვაქვს. როცა კანონმდებლობაში გაქვს ხარვეზი, ამას დაუმატებ ვიღაცის ინტერესებს, მაშინ რა თქმა უნდა, შედეგი ვერ დადგებოდა. წარმოუდგენელია საუბარი იმაზე, რომ 10 კაცი ესწრებოდა და მხოლოდ 4-მა ითანამშრომლა. საერთოდ, რომ არავინ არ დასწრებოდა და უხილავი ყოფილიყო ეს დანაშული, არ უნდა გამოძიებულიყო?! ამიტომ, ამ საქმეს ისეთი გამომძიებელი სჭირდება, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიჭი და გამოცდილება, რომ გამოიძიოს ეს საქმე.
აშკარად ჩანდა, რომ პრობლემები შეიქმნებოდა, რადგან დაზარალებულის აზრს არავინ არ ითვალისწინებდა და აღმოჩნდა, რომ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობდა, ვიდრე საქმის გამომძიებელი. კომისიას შეუძლია დასვას საქმის გამომძიებლის და პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, ამისთვის არის შექმნილი კომისია. საბოლოო ჯამში ეს საქმე ისევ უნდა გადაეგზავნოს პროკურატურას. საბოლოო წერტილი უნდა დასვას ისევ პროკურატურამ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავამ.
ადვოკატის, საპროკურორო საბჭოს წევრის ირმა ჭკადუას განმარტებით, თუ დაზარალებული ამბობს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, გამოდის, რომ მას გამოძიების იმედი არ აქვს და აბსოლუტურად ფუჭია მისი ის მოთხოვნები, რომელიც გამოძიების ნაწილს უკავშირდება. როგორც ჭკადუა ამბობს, ყველაზე მეტი პრეტენზია ვისთანაც უნდა ჰქონდეს დაზარალებულს, ესენი არიან მისი შვილის კლასელები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და არც ერთი მათგანი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული, სპეციფიური დანაშაულია და მთელ მსოფლიოში ახლავს შესაბამისი პრობლემები. საქართველოში ახალი მიღებულია არასრუწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე შემჭიდროებულია ვადები, ძალიან ბევრი პრობლემა დაემთხვა ერთმანეთს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტიელბა და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანს აქვს კითხვები. გამოძიების შეცდომა იყო, როდესაც დაზარალებული საუბრობდა, რომ ვიღაცამ მტკიცებულებები გააყალბა და ამაზე არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია.
ვიღაცა სხვა ფორმით უყვებოდა შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ზაზას ყველაფერი გამოძიებისთვის უნდა ეთქვა. უნდა მიეყავანა ის ადამიანები, რომლებიც მას სხვაგავარად აწვდიდნენ ინფორმაციას და ბუნებრივია, რომ გამოძიებას უნდა დაეკითხა ეს ადამიანები. კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებს და გვარებს არ ასახელებს. საუბრობს კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც უნდა დააკავონ, რომელთა კავშირს ამ საქმეში ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ეს გამოძიების გასაკეთებელია“, - ამბობს ირმა ჭკადუა.
რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ნაწილს, როგორც ჭკადუა აცხადებს, ამ ტრაგედიით ისარგებლა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივმა რეჟიმმა და ამ ხელისუფლებასთან აქვს პრეტენზია, რომ ეს ხროვა მოაბრუნა უკან, რომლებიც დღეს მორალს უკითხავენ საზოგადოებას.
„წარმოგიდგენიათ, როლანდ ახალაია ითხოვს სამართალს. ეს არის სამარცხვინო და უბედურება. ამ უბედურების მოსაბრუნებლად არ მიუცია ხალხს მანდატი ამ ხელისუფლებისთვის. აუცილებლად ეს ხელისუფლება ამაზე პასუხს აგებს. რა შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. არ ვაკნინებ ამ საქმის მნიშვნელობას, ეს არის უმძიმესი საქმე, სადაც მეტ-ნაკლებად გარკვეულია პირთა წრე, ვინც ეს უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.
გვახსოვს მეტად მნიშვნელოვანი საქმეები, მაგრამ მაშინ საპარლამენტო კომისია არ იქმნებოდა, ასეთი პრეცედენტისგან განებივრებული არ ვართ, მაშინ როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ ამ კომისიას სათავეში უდგას სერგი კაპანაძე და რეჟიმის წარმომადგენლები. კაპანაძე და მისი გუნდი შეეცდებიან გარკვეული ქულები დაიწერონ და პოლიტიკურად გამოიყენონ ეს საქმე, მაგრამ ეს ძალიან იაფფასიანი იქნება. კაპანაძე ვერ მისცემს იმ დატვირთვას, რა დატვირთვა ჰქონდა მათი რეჟიმის მიერ მოკლული ადამიანების საქმეს. პარალელები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაივლება, მაგრამ გამოძიებამ უნდა თქვას, რა მოხდა და ამ ადამიანს არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.
სამართალმცოდნე ლია მუხაშავრია თვლის, რომ თუკი იქნება ამისი პოლიტიკური ნება, იმ პირობებშიც კი, როდესაც განადგურებულია მტკიცებულებები და დალაგებულია საქმე, საგამოძიებო კომისიას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
„ასეთი შემდგენლობით როგორადაც ეს კომისია დაკომპელქტდა და იმ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც იმუშავებს, ძნელი წარმოსადგენია რაიმე ხელშესახები გააკეთონ. გამოდის მათ პასუხისგებაში უნდა მისცენ სამხარაულის ექსპერტები, ვინც დააზნია და წაახდინა ეს მტკიცებულება. ასევე, ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებამაც არასწორი მიმართულებით წაიყვანეს ეს საქმე. გააკეთებს კი ამას კომისია?
პროკურატურაში დასკვნის გადაგზავნის შემდეგ არაფერი არ რჩება პროკურატურას, გარდა იმისა, რომ დაკითხვები გააფორმოს პროცესუალურად და მერე უკვე წარიმართოს გამოძიება. მაგრამ ასეთი იქნება ეს დასკვნა? - ძალიან მეეჭვება. პარალელისთვის გავიხსენოთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების გამომძიებელი კომისია, მაშინაც დიდი მოლოდინი იყო, მაგრამ რა დადო დავითაიას კომისიამ კარგად გვახსოვს. არ ვფიქრობ, რომ ეს კომისია თავის საქმეს მართლაც გააკეთებს.
თუ კომისიას ექნება მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან, შეიძლება მოწმეები მივიდნენ და მისცენ ჩვენებები, რაც არ გააკეთეს პროკურატურის შემთხვევაში. ან წარადგინონ მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით დამალულია და არ არის გამოძიებისთვის ცნობილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრია.