„ხელისუფლებამ ეკლესიას უშუალოდ კი არ დაარტყა, პარტნიორების წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა!“

„ხელისუფლებამ ეკლესიას უშუალოდ კი არ დაარტყა, პარტნიორების წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა!“

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვას, როგორც მოსალოდნელი იყო, პარლამენტშიც, სასულიერო პირებსა და საზოგადოებაშიც, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბუნებრივია, ეს მოულოდნელი არც ყოფილა, რადგან საკითხი ქვეყანაში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს შეეხებოდა, რომლის მიღებაც, რატომღაც რიგგარეშე სხდომაზე, დაჩქარებული წესით გადაწყვიტეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისისა და ბიჭვინთის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ ჯერ კიდევ 4 ივლისს პარლამენტს მიმართა - საჯარო განხილვამდე საკითხი სხდომაზე არ გაეტანათ, ნაცუმრავლესობამ მაინც თავისი გაიტანა.

 

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში თავისი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, შემდეგ კი, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

რატომ ვერ მოხერხდა კომპრომისის მიღწევა, ამის გარკვევა «ვერსიამ», სასულიერო აკადემიისა და სასულიერო სემინარიის რექტორთან, მამა გიორგისთან (ზვიადაძე) სცადა:

 

- ამასთან დაკავშირებით უკვე იყო განცხადება. საპატრიარქო მოაწყობს შეხვედრებს, რომ განუმარტოს საზოგადოებას, ეს რას ნიშნავს და რატომ იყო ასეთი პოზიცია.

 

თქვენ სამი მოთხოვნა წამოაყენეთ და რას ითვალისწინებდა?

- რაც ძალიან სამწუხაროა. ვერ შევთანხმდით და ამის შესახებ საპატრიარქომ უკვე განაცხადა. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია დეტალური საუბარი, რადგან ძალიან დაკავებული ვარ».

რაც შეეხებათ სხვა სასულიერო პირებს, სოციალური ქსელით გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველის, მეუფე ზენონის პოზიცია, რომელმაც პარლამენტის გადაწყვეტილება პირდაპირ გარეგინ მეორეს ვიზიტს დაუკავშირა.

 

„ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია არც საქართველოში ვიქნებით და არც არსად. როდესაც სომხეთის პატრიარქი საქართველოში ჩამოვიდა, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით: მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია-მონასტრებსა და ნაგებობებზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმინდესობასთან შეხვედრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ, როდესაც მოისმინა ეს განცხადება, უთხრა, რომ არა გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიიღოთ სტატუსი, თუმცაღა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები სომხეთში ქართული ეპარქიისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ. და მაშინ ასეთი რამ მოხდა, რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წუთებში მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, აი, ამ შეთანხმების“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

 

მისივე თქმით, გარეგინ მეორის ვიზიტს ცოტა ხანში მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბანდიანის ვიზიტი. მეუფე ზენონის აზრით, ეს ვიზიტი სწორედ „ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა“.

 

მეუფე ზენონის განმარტებით, საქართველოში კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიები არ ითხოვდნენ საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მინიჭებას. „დღევანდელი სტატუსის შესახებ, როდესაც გაჩნდა მოცემულობა, აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის კურსში. უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი არ ჰქონდა მოთხოვნაში, მას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსის მოთხოვნა იმიტომ, რომ ის საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, უნდოდა, ამ სახით დარეგისტრირება საქართველოში. ბაპტისტურ-ევანგელისტურ ეკლესიას, ასევე, არ მიაჩნდა და არც მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო სტატუსი, მას თავისი ხედვები გააჩნია“, - განაცხადა მან.

 

რა შეიძლება მოჰყვეს პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას და შემდგომში მოვლენათა რა მიმართულებით განვითარებას უნდა ველოდოთ, ამ და სხვა საკითხებზე „ვერსია“ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია კანონში, სასწრაფო წესით, ცვლილებების შეტანა და რატომ არ შეისმინა პარლამენტმა მისი უწმინდესობის მოწოდება?

- ძნელი სათქმელია იმ სამზარეულოზე საუბარი, სადაც მსგავსი რამეები მზადდება. ყველას მოსდის აზრად, რომ ასეთი სისწრაფე, რაღაც თვალსაზრისით, სომხეთის პატრიარქის, გარეგინის ვიზიტს უკავშირდება. ეს ყველაფერი, დროში ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩამოვიდა. შესაძლოა, ხელისუფლებას სომხეთის მიმართულებით რაღაც სტრატეგია აქვს. საპატრიარქოს ცოტა განსხვავებული პოზიცია გააჩნია. ის ყოველთვის ამბობდა, რომ გასარკვევია იურიდიული სტატუსი, მაგრამ ცდილობს, იყოს ფრთხილი, რათა თავისი ნაბიჯებით სხვა ქვეყნებშიც გააძლიეროს ქართული ეკლესიის სტატუსი. ანუ მისი პოზიციაა, თუ აქ გაღიარებ, მაშინ შენ შენს ქვეყანაშიც აღიარე ქართული ეკლესიის სტატუსი. თუმცა ხელისუფლებას მიაჩნია, რომ თვითონ უფრო სწორია.

 

რაც გაკეთდა ახლა, ნიშნავს თუ არა ქართულ მართლმადიდებლობაზე დარტყმას?

- რა თქმა უნდა. ცუდ სიტყვას ვიხმარ ახლა, მაგრამ არაფერი სხვა არ მახსენდება - ეს არის ქართული ეკლესიის გაბითურება, მისი პარტნიორების წინაშე. სწორედ ამაზე მისცა ეკლესიამ რეაქცია. ხელისუფლებამ არა უშუალოდ ეკლესიას დაარტყა ამ შემთხვევაში, არამედ მას პარტნიორების წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა. თუნდაც, დავუშვათ, სომხური ეკლესიის წინაშე. სწორედ ესაა მისთვის გულსატკენი.

 

ჯერ კანონი არ იყო მიღებული და საქართველოში პრსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა, ცნობილმა ანტიქართველმა, სომეხმა დეპუტატმა, შირაქ  ტოროსიანმა უკვე განაცხადა, ეს ჩვენი გამარჯვებაა და ჯავახეთშიც ცალკე უნდა გაიხსნას სომხური ეპარქიაო. კიდევ რას უნდა ველოდოთ მათგან?

- რა თქმა უნდა, როდესაც კეთდება ის, რაც მას სურდა, ამას გამარჯვებად ჩათვლის და შემდგომ ნაბიჯებსაც გადადგამს. სავსებით ბუნებრივია, რაც უფრო ადვილად მიიღებს რაღაცას, მით უფრო მეტს მოითხოვს შემდგომში.

 

რადგან საპატრიარქოში ვერ შეთანხმდნენ, ცვლილებები მეორე და მესამე   მუხლების გარეშე მიიღეს. სხდომის დროს, მეოთხე მუხლის ჩასწორებაზეც იყო დაპირება. მაშ, რაღა კანონი მიიღეს?

- მაინც მგონია, რომ ჯერ ეს რაუნდი არ არის დასრულებული. ნიშანდობლივია, რომ ისეთმა პარტიებმა, როგორებიცაა ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები,  მემარჯვენეები და სხვები, მოუწოდეს პრეზიდენტს მას ვეტო დაადოს. თუ სააკაშვილი ამ მოწოდებას ყურადღებით მოეპყრობა და ასე მოიქცევა, ამ შემთხვევაში, ეს მისთვისაა სასარგებლო. ასე რომ, მე მგონი, ჯერ პროცესი დასრულებული არ არის, სანამ სააკაშვილის ნაბიჯი არ იქნება გაცხადებული.

 

როგორ ფიქრობთ, გამოიყენებს სააკაშვილი ვეტოს უფლებას?

- მე მგონი, ასეთი ნაბიჯი მის ინტერესებში უნდა იყოს.

 

ინტერესები ერთია, მაგრამ თუ ვეტო არ გამოიყენა, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს? გადაყლაპავს კიდევ ერთხელ ღირსების შელახვას?

- საზოგადოებამ 26 მაისს პიროვნული ღირსების შელახვა აიტანა, ახლობლის უსამართლოდ მოკვდინებაც აიტანა, ისეთი ეკონომიკური „რეფორმა“, როგორიც დენის ნაგვით დათვლაა, იმასაც იტანს. ასე რომ, ჯერჯერობით, ყველაფერს იტანს. რელიგიური გრძნობის შელახვას აიტანს თუ არა საზოგადოება, ვნახოთ. ძნელია, ამ წინაპირობებით იმის თქმა, რომ საზოგადოება საპატრიარქოს ინტერესს დაიცავს. თუ რაიმე უნდა დაიცვას ამ საზოგადოებამ, ეს ეკლესიაა, რადგან ყველა გამოკითხვაში ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. თუ მართლა ასეა, მაშინ უნდა დაიცვას. თუ არ დაიცავს, გამოდის, რომ საზოგადოებაში ამ საკითხშიც სიყალბეა.

 

ანუ ხელისუფლება ახალ ცდას ატარებს საზოგადოებაზე?

- უნდა, რომ ზღვარი დაადგინოს, რა შეუძლია.

 

არ ეშინია, ცხვარი რომ გაცხარდეს?

- მაშინ, იმის საზღვარს დაადგენს, როდის ცხარდება ცხვარი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ცხვარს დიდად გაცხარება არ ეტყობა.