„სხვა ქვეყნის ჩარევა შიდა პროცესებში შესაძლებელი ხდება, მთავრობის უპასუხისმგებლო და უაზრო მოქმედებებით“

„სხვა ქვეყნის ჩარევა შიდა პროცესებში შესაძლებელი ხდება, მთავრობის უპასუხისმგებლო და უაზრო მოქმედებებით“

ხორავას ქუჩაზე გარდაცვილი მოზარდების ოჯახების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აქციების მუხტი დროებით შემცირდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ 10 ივნისისთვის ემზადება და იმუქრება, რომ სისტემას ჩამოშლის, მთავრობას გადააყენებს და ა.შ. რა ბერკეტები გააჩნია ჯერ კიდევ მთავარ ოპოზიციურ ძალას და რამდენად შორსმიმავალი გეგმები შეიძლება ამოძრავებდეს. რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რამდენად დიდია მისი შანსები, ჩვეული პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდეს, ამ თემებზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

დავუშვათ, „ნაციონალურმა მოძრაობამმიაღწია მიზანს და შექმნა ქვეყანაში ქაოსური მდგომარეობა, რა შეიძლება იყოს მათი მორიგი გეგმა - ლოგიკურად, რაღაც სტრატეგია უნდა გააჩნდეთ...

- არავინ იცის, რა იხარშება მათ გონებაში, მაგრამ მოვლენების ლოგიკიდან გამომდინარე, გარკვეული ვარაუდების გამოთქმა შეიძლება - საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 2012 წლიდან შემცირებისკენ მიდის. ბოლო პერიოდში მათთვის ის საფრთხეც გაჩნდა, რომ შესაძლოა, პირველი ოპოზიციური ძალის საპატიო ადგილი დაკარგონ და „ევროპული საქართველო“ აღმოჩნდეს მთავარი ოპოზიციონერი.

ამ ფონზე ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა არის რევოლუცია ამ სიტყვის ვულგარული გაგებით - როცა ქვეყანაში იწყება დესტაბილიზაცია, მოიშლება სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფოს თავის დაცვის უნარი აღარ აქვს, მცირე შეიარაღებული ჯგუფებით რომელიმე პოლიტიკური ძალა ხელში იღებს ძალაუფლებას - ასე მოხდა რევოლუცია 1917 წელს რუსეთში.

საარჩევნო პროცესზე გასვლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარაება ნაციონალებს ხელს არ აძლევს, მათ დესტაბილიზაცია სჭირდებათ ამ ტიპის მიზნის განსახორციელებლად, თუკი ლაპარაკი არის ჩამოყალიბებულ მიზანზე. თუ ეს მიზანი ჩამოყალიბებული არ არის და ნაციონალები მოქმედებენ მხოლოდ ემოციით, არა გეგმით, არამედ მიზნით, რომ ამ ხელისუფლებას და ივანიშვილს რაც შეიძლება მეტი ავნონ - მაშინ ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის.

ბოლოს ნაციონალების აქციაზე გამოჩნდნენ გურამ დონაძე, როლანდ ახალაია, ვანო ზოდელავა - ის ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხალხში პოპულარულები არ არიან - ეს რაიმე განაცხადი შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პარტიის მხრიდან თუ ესეც ჩეულებრივ დამთხვევად შეიძლება ჩაითვალოს? ან ხალხის გაღიზიანების მცდელობად? - ხელჩართული ჩხუბი ბევრ რამეში შეიძლება გადაიზარდოს...

- თუ მათი ლიდერი სააკაშვილი თვლის, რომ „თბილისური გაზაფხული“ მოვიდა, ანუ რევოლუცია მოხდება, მაშინ მას დასჭირდება ბევრი ადამიანი ქუჩაში და ეტყობა, ისე გაუჭირდა, რომ ძველი გვარდია გამოუშვა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ყველა მიხვდება, რომ ამ სახეებით ისევ მის საწინააღმდეგოდ განაწყობს საზოგადოებას.

არსებობს აქციების მთავარი მიზეზი - ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდების საქმის ძიებამ არ დააკმაყოფილა დაზარალებული მხარე. ის ცდილობს პოლიტიკოსების გამოყენებით ხელისუფლებაზე ზეწოლას თუ პირიქით, პოლიტიკური ძალა იყენებს მათ ტრაგედიას, როგორც არაერთხელ ითქვა? - ფაქტია, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა მოხდა, თუმცა ასეთ შეხვედრას ვერ მიაღწიეს დაზარალებულებმა იქამდე, ვიდრენაციონალური მოძრაობაპროვოკაციებით თუ სხვა მეთოდებით არ შეეცადა უფრო სერიოზული პროტესტის აგორებას...

- ნაციონალები რომ დაზარალებულებს იყენებენ, ეს ცხადია, მაგრამ დაზარალებულები თვლიან თუ არა, რომ ნაციონალები მათთვის შედეგის მომტანი ძალაა, ეს მართლაც საინტერესოა. თუ დავაკვირდებით, თამაში სხვადასხვა ინტერესებით მიდის, როდესაც სარალიძე კვირიკაშვილის დაპირებაზე ლაპარაკობდა, ნაციონალები აქცენტს აკეთებდნენ - სისტემა უნდა დაინგრესო. ანუ, შესაძლოა, სარალიძის ხელითაც სურთ მთავრობის გადადგომის მოთხოვნების დაყენება.

თუ სარალიძეს ხელისუფლება მოთხოვნებს დაუკმაყოფილებს, მეეჭვება, რომ მან მოახერხოს შემდეგ ნაციონალებისგან თავის დაღწევა. მე არ ვიცი, ნაციონალების გავლენის მექანიზმი სარალიძეზე რითია განპირობებული, მარტო იმით რომ დახმარებას შეპირდნენ? - საეჭვოა, მარტო ეგ იყოს - ნაციონალებმა რკინის ხელით იციან ხოლმე ჩაბღაუჭება, თუ გადაწყვიტეს, რომ ეს მათ სჭირდებათ და ასეთ საჭირო ადამიანზე, როგორიც ახლა მათთვის სარალიძეა, როგორ ფიქრობთ, არ ექნებათ გავლენის მექანიზმი მოფიქრებული და მომარაგებული?! - ყოველ შემთხვევაში, იმის გამორიცხვა, რომ სარალიძე მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს, ძნელია, იმ ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება, ხელისუფლებას, ის დაპირდა ობიექტურ გამოძიებას და ხარვეზების გამოვლენას - იურისტები იმასაც ამბობენ, რომ ერთი, ნორმალური გამომძიებელი შედეგს თავისუფლად დადებდა, რადგან მოზარდების საქმე არ მიეკუთვნება განსაკუთრებით რთული დანაშაულების კატეგორიას. რა შეიძლება ითქვას მაჩალიკაშვილების შემთხვევაზე, სადაც გაცილებით რთულად იყო საქმე? შეეცდება ხელისუფლება ობიექტური სურათი დადოს?

- ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებაც ძნელი სათქმელია, რას გეგმავს. ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, უნდა შეეცადოს დაპირების შესრულებას. ხელისუფლება უნდა დააკვირდეს, რომ მხოლოდ ნაციონალები არ არიან უკმაყოფილო ამ კონკრეტული საქმეების მსვლელობით, იმდენი ხალხი სწორედ იმიტომ შეგროვდა პირველ დღეებში, იქამდე, ვიდრე ნაციონალები გამოიკვეთებოდნენ პროცესის წარმმართველებად, რომ უკმაყოფილება საკმაოდ მაღალი ხარისხის იყო. ეს უკმაყოფილება არსად არ წასულა და ის გამოწვეული იყო იმით, რომ გაუგებრობებით არის სავსე როგორც ერთი, ისე - მეორე და კიდევ სხვა, მრავალი საქმე. გაუგებრობებით, რომელიც ვერ გაირკვა, არის ბოროტი განზრახვით შექმნილი თუ არაკვალიფიციურობით გამოწვეული.

თუმცა საინტერესოა ერთი მომენტი - იმ დროს, როდესაც გარეთ გადმოიღვარა უკმაყოფილების მუხტი, მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა მეტროს გაჩერებამ - მსგავსი რამ იშვიათად თუ ხდება ხოლმე...

- ადრეც იყვნენ მეტროს მემანქანეები გაფიცული, მაგრამ ეს გაფიცვა საკმაოდ საეჭვოდ დაემთხვა პროცესს. ამიტომ ჩნდება კითხვა, ესეც ხომ არ იყო მომზადებული „ნაციონალური მოძრაობის“ სამზარეულოში, რადგან ძალიან ბევრი ფიგურა პროფკავშირული მოძრაობისა, პოლიტიკურად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული.

კიდევ ერთი პროცესი იმსახურებს ყურადღებას - მოვლენათა ჯაჭვი დაიწყო სირიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტური ზონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით - ცხადია, ეს რუსეთის გავლენით მოხდა. სირიამ, რომელიც დიდი ხანია, რუსეთზეა ჩამოკიდებული, ეს აღიარება გააკეთა მას შემდეგ, რაც ნატოს მიმართულებით რამდენიმე საკმაოდ სერიოზული და რეალური ნაბიჯი გადაიდგა. ასე რომ, რუსეთმა რეაქცია მისცა ნატო-საქართველოს დაახლოებაზე.

ნაციონალებზე და სააკაშვილზე დიდი ხანია, ეჭვია, რომ რუსეთის ინტერესებზე და რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამენ - უკრაინაშიც ასეთივე შეფასება მოხდა მისი მოღვაწეობის. თუ ამ ვერსიით შევხედავთ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ეს საპროტესტო გამწვავებებიც სათავეს იღებდეს მეზობელი სახელმწიფოდან. მაგრამ ეს ხაზი არაფრით არ ამცირებს და არ ამსუბუქებს იმ შეცდომებს, რაც აქვს ხელისუფლებას დაშვებული. როდესაც მწვავდება სიტუაცია, უნდა იცოდე, რომ შენს ნაკლს და შეცდომებს აუცილებლად გამოიყენებენ.

ჩვენ ვერსიებზე ვსაუბრობთ და თუკი არსებობს ამგვარი შანსი დაპირისპირებისა, რომ რუსეთი შიდა პროცესებში ჩაერთოს, გაათმაგებული უნდა იყოს იმაზე ზრუნვა, რომ არ იყოს პროტესტი ხელისუფლების მიმართ.

შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ გაჩენილი პროტესტი მოსახლეობაში, რევოლუციის მიზეზი გახდა, ისე, როგორც გერმანიამ რევოლუცია მოაწყო რუსეთში 1917 წელს იმის მეშვეობით, რომ შეცდომებს უშვებდა ჯერ მეფის რუსეთი და შემდეგ, დროებითი მთავრობა.

როგორც წესი, სხვა ქვეყნის ჩარევა შიდა პროცესებში შესაძლებელი ხდება თვითონ შიდა პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურების, ანუ მთავრობის უპასუხისმგებლო და უაზრო მოქმედებებით.

ამ ეტაპზე მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, რამდენად სერიოზული რამ აბარია მას - ქვეყანა!

ამ კონკრეტულმა შემთხვევებმა გამოკვეთა პრობლემები მრავალი მიმართულებით - არ გვაქვს გამართული სამართალდსამცველი სტრუქტურები, პრობლემებია განათლების სტრუქტურებში, ისივე როგორც გამოჩნდა საკანონმდებლო ხარვეზები და .. გამოდის, რომ საკმაოდ უიმედო მდგომარეობაში ვყოფილვართ?

- ამ სირთულეებს უნდა უმკლავდებოდე ეფექტური მართვით, მაგრამ თვითონ მართვაა რთულ მდგომარეობაში. თანაც, მთელი უბედურება იმაშია, რომ „ქართული ოცნების“ იქით სხვა გზაც არ გვაქვს. ერთი ალტერნატიული ძალა ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და ისიც როგორ იქცევა, ყველა ვხედავთ - სახე გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ისეთი, რომ უკვე შეუძლებელი ხდება ასეთ პარტიასთან ურთიერთობა. დანარჩენ პარტიებზე საერთოდ ლაპარაკი აღარ არის.

სხვა გზა არ არის - ისევ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოუაროს ქვეყანას - ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა. სადაც კონკურენციაა, იქ კონკურენციის მეთოდებით მართავ, აქ კი ამის საშუალებაც არ არის.

კონსტიტუციაა გაუმართავი - მუხლები შესაბამისობაში კი მოიყვანეს, როგორც ამბობენ, მაგრამ შეიძლებოდა კონკურენციის არარსებობის პირობებში საპარლამენტო მართვაზე გადასვლა? ამერიკას კონკურენციის ხარისხი რომ დაბალი ჰქონდა, სულ ორი პარტია ჰყავდა - საპრეზიდენტო მოდელი აირჩია, სადაც მთავრობა ყალიბდება საკანონმდებლო ორგანოსგან დამოუკიდებლად. პრეზიდენტი ქმნის მთავრობას და შემდეგ მუდმივად მიმდინარეობს სახელისუფლებო შტოების მხრიდან ერთმანეთის კონტროლი - ანუ დაბალანსებულია.

ჩვენს შემთხვევაში კი მივიღებთ მოდელს, როდესაც ერთი პარტია გააკეთებს ყველაფერს - მთავრობასაც ის დააკომპლექტებს, პარლამენტსაც და მის გარეშე ვერაფერი გაკეთდება - ამისკენ წაგვიყვანა კონსტიტუციამ.

არ არის ალტერნატიული ძალა და ხელისუფლებაც ვერ უმკლავდება გამოწვევებს - ასეთ შემთხვევაში რა ხდება ხოლმე? ჩავიძირებით?

- არ ჩავიძირებით, გვატივტივებენ, ვჭირდებით სხვა ქვეყნებს - შეგვინარჩუნებენ, მოგვექცევიან როგორც წარმატებულებს, თავზე ხელს გადაგვისვამენ. შიგნით კი გვექნება პრობლემები და გვეცოდენება, რომ პრობლემები გვაქვს.

ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებამ ის ფაქტორიც მოხსნა, რომ თვითონ უმრავლესობაში გაჩენილიყო კონკურენტული ძალები...

- ივანიშვილმაც, როგორც ამ კონსტიტუციის მსხვერპლმა გადადგა ასეთი ნაბიჯი, შეიძლება ასეც ითქვას. რაკი ერთი პარტიის ხელშია ყველაფერი, როგორც ჩანს, მიხვდა ივანიშვილი, რომ თუ არ მოუარა ამ ერთ პარტიას და არ გახადა ეფექტური, ქვეყანა მიდის დაღმართისკენ. ასე რომ, რეალურად ისევ ამაშია ხსნა - კაცმა არ იცის, რა შედეგს გამოიღებს დაგეგმილი ცვლილებები, მაგრამ ეს ისევ ხელოვნური განვითარებაა, ანუ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, მის გამოცდილებაზე, პოლიტიკურ ალღოზე, ინტელექტზე ეწყობა ქვეყნის გადარჩენა. ეს არ არის ტიპური, მექანიზმი და სისტემა უნდა არსებობდეს ისეთი, რომელიც ევოლუციას და წინსვლას განაპირობებს.

ამიტომ, არ შეიძლებოდა ამ პირობებში საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა, სწორედ ამ ჩიხში შევედით და ამან დააბრუნა პოლიტიკაში ივანიშვილი - მაგრამ თუ ივანიშვილი, როგორც რეფორმების გამტარებელი აღარ გამოდგა მაშინ რა ვქნათ?! სწორედ ასეთი პროცესების შემდეგ ხდება ხოლმე მმართველ გუნდში ოპოზიციის გაჩენა და ჩვენთან ძირითადად, ასეთი გამოცდილება არსებობს. გარეთაც შეიძლება, ალტერნატიული ძალა გაჩნდეს, თუმცა საეჭვოა, ახლა მსგავსი რამ მოხდეს, რადგან არც პოლიტიკური ძალები და არც საზოგადოება არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მზადაა ხელში აიღოს პასუხისმგებლობა. თუმცა არც მმართველი პარტია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მის შიგნით გადამწყვეტი ცვლილებები შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში.

ძლიერი ფიგურები არსებობს ხელისუფლებაში, მაგრამ მოახერხებენ თუ არა ამ ფიგურების დროულად ამოქმედებას, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

რამდენად დაამშვიდებს სიტუაციას მთავარი პროკურორის არჩევნები? ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს ის, რომ ვნებათაღელვა ჩაცხრეს? რეფორმატორი ფიგურებიდან ამორჩევა წამგებიანი სვლა იქნება?

- ამბობენ, რომ მაინც და მაინც ოპოზიციის წარმომადგენელი იყოსო, მაგრამ არ გვაქვს ოპოზიციასთან თანაცხოვრების ის კულტურა, რომ ეფექტური ხელმძღვანელი მივიღოთ. ხომ ვნახეთ, ერთი უკმაყოფილებაც კი, ოპოზიციურმა პარტიებმა სცადეს, გამოეყენებინათ ქვეყნის გადასატრიალებლად.

ძალიან დიდი რისკია - არა იმიტომ, რომ ის ცუდი იქნება ან კარგი, არამედ სუბიექტური დამოკიდებულება, პოლიტიკური მოტივაცია, რომ ხელი შეუშალოს ამ ხელისუფლებას, გაუცნობიერებლადაც იმოქმედებს მის გადაწყვეტილებებზე. ვფიქრობ, ასეთი ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს,

მით უმეტეს, რომ ოპოზიციურ ძალებში არ არის ის ხალხი, რომელიც სტრუქტურებშია ნამუშევარი. ყოველთვის პოლიტიკურ ორიენტაციას ვაქცევთ ყურადღებას და პროფესიონალურ გამოცდილებას არ ვაკვირდებით. შოთაძის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს იყო.

ნაკლებად სარისკო იქნება ხელისუფლებიდან შეარჩიო, პრინციპული, პატიოსანი პროფესიონალი, რომელმაც უკვე გამოავლინა პრაქტიკაში ეს თვისებები (კახიშვილი ასეთად მეგულება) ვიდრე მოიყვანო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ კერძო პრაქტიკა ჰქონია და ჩასვა ამ უზარმაზარ სისტემაში, რომელსაც ან სისტემა შეიწირავს, ან რაღაც სხვა მოხდება.

იმასაც ვნახავთ, რომ აღნიშნული ინციდენტების შემდეგ ოპოზიციუერი პარტიების ისედაც დაბალი რეიტინგები კიდევ უფრო ქვევით იქნება წასული. ამდენად, ოპოზიციაზე სერიოზულად ლაპარაკი, როგორც ქვეყნისთვის რაიმე ფასეულობის მომცემ, პროფესიულ ან პოლიტიკურ ძალაზე, ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უაზრობაა.

ამ ფონზე უნდა ვეცადოთ, რომ თუკი მმართველ პარტიაში ქმედითი ფიგურები გვეგულება, აქცენტი გადავიტანოთ, რომ ისინი დაინიშნონ, არაქმედითები კი მოიხსნან. ერთადერთი გზა რჩება და ეს არის რეფორმირება მმართველი პარტიის შიგნით.