პრემიერ-მინისტრი სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე გამოსულ გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებსა და მათ ადვოკატებს შეხვდა. როგორც გაირკვა, საუბარი იყო გამოძიების ახალ გარემოებებზე და დაზარალებულებმა პირობა მიიღეს, რომ პრემიერის პირადი კონტროლის ქვეშ გაგრძელდება საგამოძიებო პროცესი, გამოიკვეთება და დაისჯება ყველა დამნაშავე. რას ნიშნავს ხელისუფლების უმაღლესი პირის დაპირება ობიექტურ გამოძიებაზე, არის თუ არა საგანგაშო მდგომარეობა სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობის თვალსაზრისით, ამ თემაზე ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე გვესაუბრება.
ამ სამწუხარო შემთხვევებმა ისიც ხომ არ დაგვანახა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არც თუ გამართულად მუშაობენ და სულ ცოტა, რევოლუციური მოტივებით გაჯერებული აქციებია საჭირო იმისათვის, რომ პროკურატურამ საქმე ობიექტურად გამოიძიოს?
- სახელმწიფო ინსტიტუციები რომ აუწყობელია, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რატომღაც, ჩვენში მიღებულია, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ზოგადად მსჯელობენ და არ ითვალისწინებენ ადამიანურ ფაქტორს. ადამიანები ამუშავებენ ამ ინსტიტუციებს და მათ პრინციპულობაზე, პატიოსნებასა და კომპეტენციაზეა დამოკიდებული დიდწილად, ამ უწყებების ეფექტურობა და წარმატებულობა. იმ ინსტიტუციებში, რომელზეც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, ანუ, ძალოვან უწყებებში, ადამიანები მუშაობენ, რომლებმაც, როგორც ჩანს, არ თუ ვერ შეძლეს ან არ მოისურვეს კონკრეტული გახმაურებული საქმეების ჯეროვნად გამოძიება, ეს იქნება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლრელობები, პანკისის სპეცოპერაცია თუ სხვა საქმეები.
თუკი ამ საქმეებთან დაკავშირებით იქნებოდა დასჯილი ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული, არ დარჩერბოდა კითხვის ნიშნები და ე.წ. თეთრი ლაქები. რადგანაც დარჩა, ეს უკვე არის პრობლემა. როგორც ჩანს, ამ სტრუქტურებში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თუკი ეს ვინმეს ინტერესში შედის, შესაძლებელია, კანონსაც აუარონ გვერდი, საქმეც გააყალბონ, მტკიცებულებები გააქრონ და ა.შ. ეს ყველაფერი კომპლექსში აჩენს იმ უსამართლობის განცდას, რომელიც რაც არ უნდა მალო, არ დაიმალება და ადრე თუ გვიან გამოდის სააშკარაოზე და იწვევს საზოგადოების პროტესტს.
ისედაც ძალზე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თუმცა ყოფილი ხელისუფლება ცდილობს, სხვა ჭრილში გადაიყვანოს ეს ყველაფერი - პრემიერის გადადგომა მოითხოვეს, ხან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ და ა.შ. როგორ ფიქრობთ გამოუვა „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი მოთხოვნების კონკრეტულ ტრაგედიაზე მიბმა და ხალხის მიმხრობა?
- ყველა ხელისუფლებას ჰყავს ჩასაფრებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, ხელისუფლების შეცდომები მის სასარგებლოდ გამოიყენოს. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა უსამართლობები, მაშინდელი ოპოზიციაც ცდილობდა, გამოეყენებინა კონკრეტული შემთხვევები ხელისუფლების პოზიციების შესარყევად. ზუსტად იგივე ხდება დღესაც, ოპოზიცია ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს.
გასაგებია, რომ წინა პლანზე არის ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც გააჩნია რესურსი, რომ ხალხი გამოიყვანოს გარეთ და ტექნიკურად მოახერხოს საპროტერსტო აქციების ორგანიზება. ისიც გასაგებია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა იმ მძიმე მემკვიდრეობის გამო, რაც მათ შლეიფივით მიჰყვებათ, მაგრამ ფაქტია, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მაქსიმალური პოლიტიკური დივიდენდები ამოიღონ შექმნილი სიტუაციიდან.
რაც შეეხება მათ შანსებს, ამ ეტაპზე ამას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზეც. თუ მათ გააგრძელეს შეცდომების დაშვება, უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემენ ოპოზიციას, მხარდამჭერების რიცხვი გაზარდონ.
ეს რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სამართლიანობის მოთხოვნით დაზარალებულებს გვრდში სხვა, უფრო სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალა დადგომოდა, შესაძლოა, შედეგი განსხვავებულიც ყოფილიყო. გამოადგება ხელისუფლებას ეს ყველაფერი გაკვეთილად, რომ სერიოზულად მიხედოს შექმნილ პრობლემებს? თუ დიდია ალბათობა, რომ როგორც უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, მხოლოდ პრობლემის გადაგორებაზე იმუშავოს?
- იქნება თუ არა გაკვეთილი, ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან ის ადამიანები, რომლებიც არიან უმაღლეს ხელისუფლებაში, ვფიქრობ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ სიტუაციის სიმძიმეს და შესაძლოა, ზოგიერთი მართლაც ფიქრობს, რომ ამ პრობლემასაც გადააგორებენ. ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან გაცხადებულ მზაობას, მოახდინოს სამართალდამცველი და მართლმსაჯულების სისტემების სერიოზული რეფორმა, რეალურად გამოავლინოს ის ხალხი, რომლებიც შესაძლოა, ხელს უწყობდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ფაქტების გაყალბებას, მტკიცებულებების გადამალვას - სიტყვიერი დაპირება კი გვაქვს, მაგრამ რამდენად გადაიზრდება კონკრეტულ საქმეში, ეს უნდა დავინახოთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიების მიერ წამოწყებული საპროტესტო აქცია თანდათან ჩაიფერფლება საზოგადოებრივი მხარდაჭერის არარსებობის გამო და მერე ხელისუფლება სავარაუდოდ, ამ ამბავსაც გადააგორებს, რაც სამწუხარო ფაქტი იქნება, რადგან ფაქტობრივად, სისტემა დარჩება ხელუხლებელი.
არა მხოლოდ სამართალდამცველი სტრუქტურების, არამედ სხვა სფეროს პრობლემებიც გამოკვეთა ამ შემთხვევამ - იგივე განათლების სისტემის, რადგან გამოჩნდა, რომ ბულინგი სკოლებში გავრცელებული მოვლენაა...
- ხელისუფლება და მისი შესაბამისი სტრუქტურები მუდმივად უნდა იყვნენ ჩართული ამ პრობლემების გამოვლენაში და ადეკვატური რეაგირება მოხდეს მსგავს ფაქტებზე. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოტივი ხომ სწორედ ბულინგი იყო? როდესაც სკოლის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ამის აღკვეთას, აქ უკვე დგება ის პრობლემა, რომელსაც უნდა მიხედოს განათლების სიტემამ, სახელმწიფომ. არსებობს მანდატურის სამსახური, რომელიც სწორედ ამის გამოსავლენდ არის საჭირო - მშობლები, პედაგოგები მუდმივად უნდა ჩააყენონ საქმის კურსში და ა.შ. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და არ ხდება რეაგირება. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ პრობლემას ვერ მოევლო და ის დღემდე აქტუალურია.
თუ ერთმა შემთხვევამ გამოკვეთა რამდენიმე სფერო, სადაც სერიოზული პრობლემებია, ჩნდება კითხვა რას აკეთებს ხელისუფლება, რითია დაკავებული, როცა ყველგან კვლავ სერიოზული ხარვეზებია? არის საზოგადოების ხელში ის ბერკერტი, რომ ხელისუფლებას მოსთხოვოს საკუთარი ფუნქციის უკეთ შესრულება?
- საზოგადოებამ ხელისუფლება უნდა აიძულოს ამის გაკეთება, სწორედ ისე, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში, როდესაც გამოხატავს პროტესტს და ხელისუფლებებს მის ვალდებულებებს ახსენებს. თუ ხელისუფლება ვერ პასუხობს ამას ადეკვატურად, ამისთვის არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ყველა დემოკრატიულ საზოგადოებაში ასე ხდება - როდესაც ხელისუფლება კარგავს საზოგადოების ნდობის ვოტუმს, ის მიდის. თუმცა ჩვენთან ის პრობლემაა, რომ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს კიდეც, იმისი გარანტია არ გვქვს, ახალი ხელისუფლება წარმატებით გაართმევს თავს ამ საქმეებს.
ასპარეზზე უნდა ჩანდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს იმაში, რომ თუ მოვა ხელისუფლებაში, ყველაფერს დაალაგებს და ამას გააკეთებს საზოგადოებასთან ერთად, კონკრეტული, დროში გაწერილი რეალისტური გეგმის მიხედვით. ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრობლემას ხელისუფლების ცვლილება ვერ აგვარებს. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თუ მართლაც გაკვეთილად გამოადგება ამ ხელისუფლებას ის, რაც მოხდა და თავისი მოქმედებით საზოგადოებაში საკუთარი ნდობის ამაღლებაზე იმუშავებს.
მხოლოდ ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, ერთ თემასაც შევეხები - ხორავას ქუჩის შემთხვევამ ისიც დაგვანახა, რომ ასობით მოწმემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩემთვის გაურკვეველი და გაუგებარი მიზეზების გამო. გამოძიებამ ვერავინ დაავალდებულა კანონით, რომ ეთანამშრომლა მასთან. როგორც ჩანს, დგება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საკითხიც. ასევე, ხომ არ არის საჭირო პროკურატურაში ზედამხედველობის მექანიზმი გასაძლიერებელი, რომ გარეშე პირებმა ვერ შეძლონ გამოძიებაზე ზემოქმედება? სწორედ ამიტომ იქნებოდა კარგი დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნა, რომელიც არ იქნებოდა დამძიმებული უწყებრივი ხუნდებით და ა.შ.
ანუ როგორც უკვე ვთქვი, კონკრეტული ცვლილებებია იმისათვის სჭირო, რომ ხელისუფლებამ ხალხს აჩვენოს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ შემოიფარგლება, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
კიდევ ერთი პრობლემაა საზოგადოებასთან კომუნიკაცია - ვუსმენდი პრემიერ კვირიკაშვილის გამოსვლას რუსთაველზე გამართული აქციების ფონზე, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოეხადა საზოგადოებისთვის, ხელისუფლების არაეფექტური ქმედების გამო, მთავარი აქცენტი გააკეთა, იმაზე რომ თურმე, ჯერ მისი გადადგომის დრო არ მოსულა - ეს არ არის საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის ენა.
თუ ხელისუფლებას არ შეუძლია, ხალხს მის ენაზე ელაპარაკოს, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს მაღალი ნდობა. თუმცა, ისიც უნდა აღნიშნოს, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ამ ხელისუფლების პირობებში საზოგადოებასთან კომუნიკაცია გაცილებით გაუმჯობესებულია.
წარმოიდგინეთ, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რომ მომხდარიყო მსგავსი ფაქტი, ვინმე გამოვიდოდა და ხალხს შეხვდებოდა? კანცელარიაში მიიწვევდა და მოუსმენდა? - რაღაც ნაბიჯი არის გადადგმული წინ, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს კიდევ უფრო ადამიანური სახე. თორემ პროგრესი თვალსაჩინოა და ამისი არშემჩნევა არ იქნება სწორი. თან, გვახსოვს, რა მეთოდებითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება მიტინგების დროს...
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაკი წინა ხელისუფლებას ჰქონდა შავი ლაქები, ამიტომ, ამ ხელისუფლებას ბევრი რამ ეპატიება...
- ამას არავინ ამბობს, მაგრამ დროა საჭირო იმისათვის, რომ პოლიტიკაში მოვიდეს ახალი თაობა, ახალი აზროვნებით და განსხვავებული მენტალიტეტით, იმისათვის, რომ მართვის სხვანაირი სტილი შემოიტანოს. თუმცა, ბოლო ექვს წელიწადში ამ ხელისუფლებასაც უნდა გაეკეთებინა გარკვეული დასკვნები თუნდაც, მისი წინამორბედების გამოცდილებიდან გამომდინარე.