ჩვენი საუბრის თემა ამჯერად პოლიტიკა კი არა, ვაჟა ფშაველა და მისი შემოქმედებაა
- რამდენიმე დღეში ერის და ბუნების მესაიდუმლეს საუკუნენახევარი უსრულდება. ერის ბედზე მოტირალი მთაკაცი ერთ ლექსში ამბობს: “მაგრამ, გაიგებთ, ერთხელაც, ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა”. ვაჟამ სიცოცხლეშივე დაამტკიცა, რომ ღმერთთან ყველაზე ახლოს იდგა... თურმე, ბუმბერაზი გოლიათებიც ილევიან და ვაჟაც სამშობლოს, ადამიანებისა და ბუნების სიყვარულით დაილია. “ვაჟა და მისი შემოქმედება ყოველთვის ჩემი სულიერი საზრდო იყო და ის რომ არა, ვერ ჩამოვყალიბდებოდი «გამოუსწორებელ ქართველად”, - ამაყად მეუბნება ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ირაკლი წერეთელი, რომელიც ყველა ქართველს 14 ივლისს, მთაწმინდაზე, ვაჟა ფშაველას საფლავთან პოეტის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად ეპატიჟება.
ბატონო ირაკლი, რატომ აიღეთ თქვენ თავზე ვაჟა ფშაველას იუბილეს აღნიშვნა, მთავრობა და მწერალთა კავშირი არ გვყავს?
- ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პოეტსა და გენიოს ვაჟა ფშაველას 14 ივლისს დაბადებიდან 150 წელი უსრულდება. თავისი შემოქმედებითი ღირებულებებით ვაჟა ზოგადსაკაცობრიო და საერთო ადამიანური მოვლენაა, მისი შემოქმედებითი მიღწევები ფასდაუდებელი და აუწონელია. ვაჟა ფშაველას სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ გამორჩეული ნიჭის პატრონი კი არა, დიდი სულის ადამიანიც იყო. საქართველოს ნიჭიერი პოეტები ჰყავს, მაგრამ ვაჟას სულის მსგავსი - არავინ. ვაჟა იყო ეროვნული გმირი, მეომარი კაცი და, მართლაც, ულამაზესი მოვლენა დაწყებული თავისი გარეგნობით, დამთავრებული იდეურ-მსოფლმხედველობრივი და სულიერი მოცემულობებით. ძალზე სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც დიდი ხანია, უკანონოდ ვაცხადებ, ამ ბუმბერაზის 150 წლისთავს ოფიციალურად არ აღნიშნავს. ყველა ქართველი ვალდებულია, ვაჟა ფშაველას დაბადების დღეს, თანაც ასეთ მრგვალ და საიუბილეო თარიღზე, ავიდეს მთაწმინდაზე და პატივი მიაგოს უდიდესი მგოსნისა და ქართველის წმინდა და ნათელ ხსოვნას. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ შევიკრიბოთ და ავიდეთ მთაწმინდაზე. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს არ გვაქვს ფინანსური საშუალება, რომ მატერიალური თვალსაზრისით, ღირსეული პატივი მივაგოთ ჩვენს სასიქადულო და უსაყვარლეს პოეტს. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ანუ მას, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, წლის ბოლომდე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩაატაროს გრანდიოზული შემოქმედებითი საღამო პირადპირი ტრანსლაციით. ჩვენ, ასევე, გამოვედით ინიციატივით, რომ კეთილი, ინებოს დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ და გამოსცეს ვაჟა ფშაველას გენიალურ თხზულებათა სრულტომეული სახელმწიფო დაფინანსებითა და მრავალრიცხოვანი ტირაჟით. ასევე, ვაჟას უკვდავი სახელის პატივსაცემად, საქართველოს ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს მისი სახელი ეწოდოს.
ვის წარუდგინეთ ეს საინტერესო ინიციატივები, ბატონო ირაკლი?
- ინიციატივები წარვუდგინეთ კათალიკოს-პატრიარქსა და საპატრიარქოს, პარლამენტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიას, თეატრალურ უნივერსიტეტს... ახლა კი, თქვენი გაზეთის საშუალებით გვინდა, ხმა მივაწვდინოთ ყველა ქართველს, რომ 14 ივლისს, 12 საათზე მობრძანდნენ მთაწმინდის პანთეონში. ვაჟასადმი დამოკიდებულებით გამოჩნდება, ვინ არის ჭეშმარიტი ქართველი და ვინ - მედროვე და მატრაბაზი.
ვაჟა ფშაველა ყველა დროში აქტუალურია და ამიტომაცაა გენიოსი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებაში და თქვენზე, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა?
- რა თქმა უნდა. თავის დროზე რომ არ წამეკითხა ვაჟას უკვდავი ნაწარმოებები - ლექსები, პოემები და წერილები, რომლებიც ყველა დროის საპროგრამო დოკუმენტია ყველა კეთილგონიერი პოლიტიკოსისთვის, რომ არ ვზიარებოდი ილიას, აკაკის, ბარათაშვილის, გალაკტიონის, გამსახურდიასა და გურამიშვილის (რუსთაველი კონკურსგარეშეა) უკვდავ შემოქმედებას და ეს არ ყოფილიყო ჩემი სულიერი საზრდო, შეიძლება, ფიზიკურად ისეთივე ვყოფილიყავი, როგორიც ახლა ვარ, მაგრამ ვერც სულიერად, ვერც პოლიტიკურად, ვერც ინტელექტუალურად და ვერც ჩემი ჰეროიკული საბრძოლო შემართებით ვერ ვიქნებოდი ასეთი “გამოუსწორებელი ქართველი!” სრულიად სამართლიანად განაწყენებული ვარ დღევანდელ ქართველობაზე, რადგან მათი უმრავლესობა ძალიან მცონარა და სამარცხვინო ცხოვრებით ცხოვრობს. თუ არ ვტოვებ საქართველოს და უკანასკნელ მოლეკულამდე ვრჩები თხემით-ტერფამდე გამოუსწორებელ ქართველად, ეს ვაჟა ფშაველასა და სხვა დიდი ქართველების - ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის დამსახურება.
თქვენი აზრით, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა უმრავლესობისთვის რატომაა უცხო ვაჟას სიტყვები - “რაც უნდა ჭირი მომკერძონ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა, მცნებას ვერ შემაცვლევინებ, მოზღვავებულის ავითა!”
- არ ვიცი, რატომ არ იზიარებენ ვაჟა ფშაველას ამ სიტყვებს დღევანდელი პოლიტიკოსები. ალბათ, იმიტომ, რომ დღევანდელი პოლიტიკა ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ გადააქცია ფიგურულ სრიალად და ბალეტად. ერთ-ერთი ძალა და ფაქტორი, რომელმაც თავიდანვე შემაძულა ყოველგვარი ბალეტი და ფიგურული სრიალი პოლიტიკაში, სწორედ ვაჟა ფშაველა იყო. მას არ ვედრები, მაგრამ ვერაფრით შევეკვრები ჩემთვის მიუღებელ ძალებს - დაწყებული ოკუპანტებიდან, დამთავრებული - ხელისუფლებით, ვინაიდან ყოველთვის თვალწინ მიდგას ვაჟას დიდი ისტორიული პიროვნება და მისი ულამაზესი პორტრეტი, როგორც სულიერი, ისე ხორციელი გაგებით და მისი უკვდავი შემოქმედება.
ზოგიერთები შორს დგანან ვაჟასგან, მისი მცნებებისგან. სამაგიეროდ, ახლოს დგანან ვინმე კაკალაშვილთან, როგორც სამაგალითო პოეტთან...
- კარგად მახსოვს, პარლამენტში სააკაშვილმა კაკალაშვილის - მეფქვილეობა-მეპურეობის მაგნატის - ლექსები რომ წაიკითხა. იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტმა მოიცალა კაკალაშვილის პოეზიისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვაჟას პოეზიისთვისაც მოიცლის, თორემ უხერხული იქნება. სამწუხაროდ, ასეთები, მართლაც, შორს დგანან ვაჟასგან და ჭეშმარიტი საქართველოსგან იმიტომ, რომ შეუძლებელია, ახლოს იდგე საქართველოსთან და შორს იდგე ვაჟასგან. ჩვენი დიდი კორიფეები საქართველოსგან განყენებულად არ მოიხსენიება და თუ ეს სახელები მოსცილდა, ის საქართველო, მართლაც, იქნება ღმერთისგან დასაქცევი.
სანამ საქართველო ვაჟას და სხვა დიადი სახელების გარშემო არ გაერთიანდება, მანამდე არაფერი გვეშველება. უნდა გაბრწყინდეს ის საქართველო და ის ერი, რომელიც იმ სიდიადის მატარებელია, რომლის ერთ-ერთი უბრწყინვალესი გამოვლინება ქართველი ერის მრავალათასწლოვან ისტორიაში უდავოდ არის ვაჟა ფშაველა. ისე, მარტივი ფსიქოლოგიური ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანებს ძირითადად ის ახსოვთ და აწუხებთ, რაც მათ სულსა და ბუნებაშია და, როგორც ჩანს, ყველას სულში არაა ვაჟა. რაც მთავარია, კათოლიკოს-პატრიარქს 24 და 27 ივნისს ჩავაბარე ორი მიმართვა, როგორც საქართველოს ქრისტიანული მრევლის მწყემსმთავარმა, მოუწოდოს სრულიად საქართველოს, მოვიდეს იუბილეზე, პატრიარქიც მობრძანდეს და ჩაატაროს შეკრება.
ჩვენ ვართ შეკრების მხოლოდ ინიციატორები, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ირაკლი წერეთლის ღონისძიება, ეს იქნება ქართული მწერლობის და საქართველოს ეროვნული მოძრაობის ერთობლივი ინიციატივა. ყველა ქართველი, ვინც იქ მოვა, იქნება ჩვენი არა სტუმარი, არამედ, - მასპინძელი და ჩვენი სასიქადული მოკავშირე. რა ვქნა, ფული არ მაქვს, თორემ სიამოვნებით გადავიხდიდით ბანკეტს. ისე, ყველა ქართველმა ერთი 30 ლარი მაინც რომ დადოს, გემრიელ სუფრასაც გავშლიდით, ძალიან მოუხდებოდა ვაჟა ფშაველას და ჩვენს შეკრებას. მიხეილ სააკაშვილი რაღაც სისულელეებში ხარჯავს ფულს და რა უჭირს, იკისროს 10 000-კაციანი სუფრა, გაწიე-გამოწიე, მაქსიმუმ, 300 ათასი ლარი დაუჯდეს, რა პრობლემაა? თუმცა, ვერავის ვერაფერს დავაძალებთ.
“მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო, კაცი, ბეჩავის მჩაგრავი, სად გაგონილა გმირიო” - თქვენი აზრით, დღეს ვისზე იტყოდა ამას ვაჟა, ვის მიესადაგება ასეთი შეფასება?
- ვაჟა ფშაველამ ეს ლექსი მაშინ დაწერა, როცა დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ იყო დაბადებული და თუ ვინმეს მიესადაგება ეს სიტყვები, აუცილებლად საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ვინაიდან ჩვენი უვარგისი ხელისუფლებაც, ასე თუ ისე, საქართველოს ნაწილია, მაინცდამაინც ვაჟას ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის, თუნდაც სამართლიანი ქილიკის ასპარეზად. გაძლევთ პიორობას, რომ ის მემორიალური შეკრება, რომელიც დიდი ვაჟას სახელს ეძღვნება, მარტო პოეტურად არ ჩაივლის.
მიუხედავად იმისა, რომ სემნტიმენტები გასდევს ვაჟას შემოქმედებას, ყოველ ქმნილებას ოპტიმიზმით ასრულებს: „გულო არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო კლდედ იდექ სალადა, რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა, თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვერადა!“ როგორი გადამდებია, არა, ეს განწყობა, რომელიც დღეს ყველა ჩვენგანს სჭირდება...
- ვაჟა იმხელა მასშტაბის გენიოსია, რომ როცა აპათიაში ჩავარდნილმა ალენ დელონმა, უნიჭიერესმა და ულამაზესმა ფრანგმა მსახიობმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, სრულიად შემთხვევით, თავის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი, ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ვაჟას ლექსები წაიკითხა, რის შემდეგაც კაცმა სუიციდი გადაიფიქრა და პატივისცემით განეწყო ამ ადამიანის მიმართ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ამ წელიწადს ალენ დელონიც მოვიწვიოთ საქართველოში ვაჟას საპატივცემულოდ. თუ მსახიობი მართლა ჩამოვა, იგი იქნება ჩემი სტუმარი და მას ჩემს გაურემონტებელ ბინაში გავათევიებ ღამეს.
მშვენიერია და “სტუმარ-მასპინძელსაც” წაუკითხავთ, ალბათ, არა?
- რატომაც არა! ყველაზე კარგი იქნება, მას ვაჟა ფშაველას სახლში თუ გავათევიებთ ღამეს. ჩვენი ეროვნული სირცხვილია: 54 წლის ასაკში ეს ბუმბერაზი ისე გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობით, რომ საკუთარ სახლში ხის იატაკის დაგება ვერ მოსწრო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქართველებს, პატივი სცენ ვაჟას და მის იდეალებს, თორემ აი, იმ მიწას დავაყრი მათ თავზე, რომელ მიწასაც ვაჟამ ვერ გადააფარა ხის იატაკი. ჩვენ, ქართველებმა შეიძლება, მეტ-ნაკლებად რაღაც მნიშვნელოვან, თუნდაც სახელმწიფოებრივი საკითხის გარშემო ვიდაოთ, ვიკამათოთ, ვიჩხუბოთ, მაგრამ საქართველოს ისტორიულ სინამდვილეში არსებობს პრიორიტეტული იდეალები. ვაჟა ფშაველა უდავო და საყოველთაო ეროვნული სიდიადის გამომხატველი უეჭველი პრიორიტეტია. 14 ივლისს არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეც და ვინც გაფრთხილებული მყავს და არ მოვა, მათ სხვადასხვა დროს მე თვითონ ვეახლები.
როგორ ეახლებით?
- ვეახლები ისე, როგორც ეახლებიან ერისკაცები და მამულიშვილები მოღალატეებს. ვაჟას დაბადების დღეს, ყველა ჯანმრთელი ადამიანი იქ უნდა იყოს. მართალია, პანთეონამდე აღმართია, მაგრამ ბოლო-ბოლო, მარტო თბილისში დადის 100 ათასი ჯიპი და არ ეკადრებათ იმ ქართველებს, კეთილი ინებონ და, 150 წელში ერთხელ ეახლონ ვაჟა ფშაველას?
პრეზიდენტი გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ეახლა პოეტ მუხრან მაჭავარიანს მშობლიურ სოფელში. ჩავთვალოთ, რომ იგი პოეტების და პოეზიის დიდი ქომაგია,..
- ძალიან კარგი ქნა, რომ ეახლა. მუხრან მაჭავარიანი რომ განისვენებს მთაწმინდაზე, ამის პირველი ინიციატორი მე გახლდით, მაგრამ მოდით, პირდაპირ გეტყვით, რა - ნურავის ეწყინება და, ვაჟა სულ სხვა სიდიადეა. დიდი სიყვარულით ვეფერები და გულში ვიხუტებ მუხრანსაც, ოთარ ჭილაძესაც, მაგრამ თუ მუხრანს სცემ პატივს, ვაჟას პატივისცემა ასმაგად გვმართებს. ვაჟა ვაჟაა! საქართველოს კაპირულაციის აქტზე ხელისმომწერი პრეზიდენტი თუ მთაწმინდაზე არ ამოვა, ამაზე გული არ დამწყდება, მაგრამ ვინც მოვა, ხელს არავის ვკრავ. ამასწინათ გავიგე, რობერტ სტურუას უთქვამს, რომ რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი» სრული იდიოტიზმიაო. არ მინდა, ეს დავიჯერო. მინდა, მჯეროდეს, რომ სტურუამ იხუმრა, თუმცა ამაზე არც ხუმრობაა მიზანშეწონილი.
ბატონო ირაკლი, “და გაიღება, ერთხელც იქნება, ბეჩავთათვისაც სამოთხის კარი”. რას იტყვით, მალე გაიღება სამოთხის კარი ბეჩავთათვის, თუ მათთვის უკვე ღიაა?
- სამოთხის კარი მუდმივად ღიაა მათთვის, ვინც ამას იმსახურებს. კაცობრიობის მთელი უბედურება ისაა, რომ ყველასათვის გაღებულ სამოთხის კარში კაცობრიობის დიდ ნაწილს არ უნდა შესვლა თავისი ტუტუცური ნების გამო. ღვთაებრივი სათნოების, კაცთმოყვარეობის განუზომელი სიდიადე იმაშია, რომ სამოთხის კარს არავის უკეტავენ, ის ყველასათვის ღიაა, უბრალოდ, ჩვენ, სულით, ზნეობითა და გონებით დაცემულ ადამიანებს, ჩვენი ვნებებისა და უკუღმართობათა გამო, არ გვინდა სამოთხეში შესვლა.
ამ გამოთქმის პარალელურად, იმაზეც გავამახვილებ ყურადღებას და იმის იმედიც მაქვს, რომ “ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა”. ეს პროცესი დაწყებულია და როცა ლუხუმი და მისთანები «შავდგებით» ლაშარის გორზე, ვაი, მრავალის და მრავალის ბრალი საქართველოში!
ამასწინათ, ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, მოხარული ვარ, ვაჟას სახელის უკვდავსაყოფად რომ იბრძვიო. ცოტა ნასვამი ვიყავი და ვუთხარი, ვაჟას სახელს კი არ სჭირდება უკვდავყოფა, ვაჟას უკვდავი სახელის შეხსენება სჭირდება ქართველებს და სრულიად საქართველოს-მეთქი. ვაჟა დიდი ხანია, ყველასგან დამოუკიდებლადაა უკვდავყოფილი და ამაღლებული.