„წარმომადგენლობითი დემოკრატია ჩიხში შედის“

„წარმომადგენლობითი დემოკრატია ჩიხში შედის“

ანალიტიკოსს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პარტიები თამაშგარე მდგომარეობაში არიან და ძალიან ნაკლებ გავლენას ახდენენ იმ რეალურ პროცესზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. მისი თქმით, სწორედ ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

როდესაც ვსაუბრობთ კვლევის შედეგების სანდოობაზე, კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს რომ შევადაროთ, აშკარა ხდება, რომ ეს რეიტინგები მთლად შესაბამისობაში არ არის იმ რეალობასთან, რაც არჩევნებზე საზოგადოებამ ხმის მიცემით დააფიქსირა. IRI-ის კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პოლიტიკური ინსტრუმენტი ნაციონალური მოძრაობის ხელში?

დავით ზარდიაშვილი: IRI-ის კვლევების მიმართ სკეპტიკური განწყობა მაქვს. შეიძლება ამას შეგნებულად აკეთებენ, შეიძლება ასეთი მეთოდოლოგია აქვთ. ჩამოყალიბებულია გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ კვლევებს ატარებს. თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ჩამოყალიბდა რაღაცა კლიენტელა, რომლებიც ამ კვლევებს ატარებდნენ. ამიტომ, ნაკლებად მაქვს ნდობა ამ კვლევების მიმართ.

საქართველოში ნდობის მაღალი რეიტინგით არ სარგებლობენ სოციოლოგიური ორგანიზაციები. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სოციოლოგიური კვლევის მიმართ არ არსებობს ნდობა? ყოველი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ჩნებდა კითხვავინ არის ის კონტიგენტი, ვისაც ეკითხებიან...

– აბსოლუტურად გეთანხმებით. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს კვლევა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეთა შორის კეთდება. აბსოლუტურად გაუებარია და, რა თქმა უნდა, რეალობისგან შორს არის IRI-ის ეს კვლევა. წარმოუდგენელია, რომ დავით ბაქრაძეს ჰქონდეს ყველაზე დიდი რეიტინგი, ეს ძალიან უცნაურიც იქნებოდა. ყველა არჩევნებმა, რომელიც 2012 წლიდან გაიმართა საქართველოში, აჩვენა, რომ ამხელა რეიტინგი მთლიან ოპოზიციას არ აქვს.

IRI–ის და NDI–ის კვლევა ყოველთვის ხდება დავის საგანი, მაგრამ რეალუარდ გვაქვს სურათი, როდესაც ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული შეიქნმას ობიექტური კვლევითი ცენტრი. როდესაც იგივე IRI ამბობს, რომ დავით ბაქრაძე საზოგადოების 53% ნდობით სარგებლობს და მოქმედი პრემიერი 41%–ით, ამით რას ამბობს კვლევითი ორგანიზაცია და როგორ ფიქრობთ, ამ მეთოდებით ცდილობს გავლენას საზოგადოებრივ აზრზე?

- ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც ამერიკის რესპუბლიკური ინტიტუტია, პირდაპირ ვერ დავაბრალებ, რომ ასეთი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები აქვს უცხო სახელმწიფოში. გეთანხმებით, რომ კვლევებს უნდა ატარებდნენ სოციოლოგები. თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში, როდესაც IRI-იმ და NDI-იმ კვლევები დაიწყო მთელი ეს სოციოლოგიური ორგანიზაციები გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ კლიენტელა, იგივე, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი გამყალბებელი ლევან თარხნიშვილი და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები ატარებდნენ ამ კვლევებს. ახლაც გრძელდება ეს ტენდენცია. გასაგებია, რომ მათი კვლევების მიმართ არის სკეპტიციზმი, მაგრამ პოზიტიური გარადტეხა არ მომხდარა იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენტები არ გამოუჩნდა. მითხარით ერთი ქართული ორგანიზაცია, ან არაქართული, რომელიც რეგულარულად ატარებს ასეთ კვლებებს და რომლის მიმართ რაღაცა ნდობა იქნებოდა.

სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტისხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ IRI- კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართული პოლიტიკური ლანდშაფტი და სივრცე რაღაცნაირად დახავსდა, დაჭაობდა...

- შეიძლება ასეც არის. მაგრამ უფრო მე მგონია, რომ არის რაღაცა კონტიგენტი, რომელთა შორითაც ხდება ასეთი გამოკვლევები. არა მგონია, რომ ეს იყოს შერჩევითი პრინციპით ჩატარებული კვლევა და რეპრეზენტაციულობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს, იმიტომ, რომ შეგედი არის აბსოლუტურად არალოგიკური. არაფერში არ ჯდება ბაქრაძის პიროვნული რეიტინგი, იმთავითვე ჩანს, რომ კვლევა არის არაობიექტური. იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები სრულიად საპირისპიროს ამბობს.

იაგო კაჭკაჭიშვილმა შეიძლება მოუძებნა ამას სოციოლოგიური ახსნა. ვფიქრობ, რომ წარმოამდგენლობითმა დემოკრატიამ დრო მოჭამა, იმიტომ, რომ პარტიების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ყველა პარტიას და მათ შორის მმართველ პარტიას ძალიან დაბალი აქვს ნდობის რეიტინგი, ეს ფაქტია და ამას არ უნდა დიდი კვლევა, ეს პირდაპირი მოცემულობა არის.

რატომ ხდება ეს? - იმიტომ, რომ სხვა სოციალური ვითარება არ არის ქვეყანაში. ეს პარტიები აღარ გამოხატავენ მსხვილი სოციალური ჯგუფების ინტერესებს. ესენი არიან საკუთარი ინტერესების გამომხატველები, პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული ჯგუფები. ხალხის დიდი მასები რჩებიან გამოხატვის გარეშე. ეს პარტიები და დეპუტატები განა ხალხის წარმომადგენლები არიან - პირიქით არის.

მმართველი პარტიის რეიტინგი ეცემა და ამას ყოველი არჩევნები ადასტურებს. კლებადი რეიტინგი რამდენად მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს ხელისუფლებისთვის?

- გეთანხმებით, რომ მმართველი გუნდი კარგავს რეიტინგს. მაგრამ რამდენჯერმე მეტი ჰყავს მას ამომრჩეველი და რასაკვირველია უახლოეს არჩევნებსაც მოიგებს. მე არ ველოდები, რომ მმართველ პარტიას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები კარგავენ რეიტინგს, რეიტინგების ვარდნაში ინტენსიურად კარგავს ხმას ნაციონალური ოპოზიცია, ვიდრე მმართველი პარტია.

მმართველი პარტია ინარჩუნებს პოზიციებს. ჯერ ერთი იმის გამო, რომ მისი კლიენტელა უფრო ძლიერი და გავლენიანია. უფრო მეტი ადამიანი არის მოლოდინში, რომ მმართველი პარტიისგან უფრო მეტ ხეირს ნახავს, ვიდრე ოპოზიციისგან. აქედან გამომდინარე, მას ყოველთვის მეტი ჰყავს ამომრჩეველი. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ დასკვნად, რომ ეს წარმომადგენლობითი დემოკრატია შედის ჩიხში.

პარტიები აღარ გამოხატავენ მსხვილი სოციალური ჯგუფების ინტერესებს, რადგან ამის სოციალური ბაზისი აღარ არის. პარტიებისთვის და ქვეყნისთვის გამოსავალი არის მეტი მონაწილეობითი დემოკრატია, ან მმართველობითი გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების პირდაპირ ჩართვა, ეს არის გამოსავალი. დაახლობით ისეთი სისტემების დანერგვა მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაში, როგორიც არის იგივე სოციალური ქსელები, პროცესი უნდა წავიდეს აქეთკენ. ეს სააკაშვილმაც კი იგრძნო. როდესაც ხუთეულებზე სისულელეები ილაპარაკა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ თქვა, რაც სწორია. თქვა, რომ პარტიული პოლიტიკის დრო დამთავრდა და თქვა, რომ საჭიროა მეტი მონაწილეობა, გასაგებია, მერე სისულელეები ილაპარაკა, მაგრამ ის, რომ პარტიულობანა დამთავრდა, ეს ფაქტია, აღარ მუშაობს.

ერთია რას ამბობს კვლევა, მაგრამ ფაქტია, რომ რეიტინგი ეცემა. რამდენად ჯანსაღია უმრავლესობის შეფასება, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სურათი უნდა მიიღოს როგორც რეალობა, იქედან გამომდინარე, რომ მათი რეიტინგი ეცემა?

- გეთანხმებით და გასაგებია, რომ ეს კვლევა ვერ იქნება რეპრეზენტატიული, სინამდვილეში ეს ობიექტურ რეალობას ვერ ასახავს, მაგრამ ამ არაობიექტურ კვლევაზეც რომ მმართველ პარტიაში არადეკვატური რეაქციაა, ესეც ფაქტია. ის ფიქრობს, რომ უკონკურენტოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის ასე. ამიტომ ის რეალობაც უნდა შეაფასოს, რომ ის კარგავს ამ რეიტინგს და კარგავს ძალიან ინტენსიურად. ნახეთ რა ვითარება არის – პოლიტიკური პარტიების მიმართ საყოველთაო ნიჰილიზმია. არავინ არც ერთ პარტიას აღარ ენდობა. ვინაიდან ალტერნატივა არ არის, ამ ურეიტინგო პარტიებში ისევ მმართველი პარტია იგებს, რომელსაც მეტი გავლენა და რესურსი აქვს.

ეს ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისია?

- რა თქმა უნდა და ეს არის არა მარტო პარტიული სისტემის, არამედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისის ნიშანი. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ აქედან. რაც მეტი ხალხი ჩაერთვება ამ პარტიებში, ამის შედეგად გაიზრდება პარტიების რეიტინგი. ეს სააკაშვილმაც მიანიშნა და სწორედ თქვა, მაგრამ მეთოდის გზა, რაც მან აირჩია, რევოლუციური გადატრიალებისთვის მოსახლეობის დარაზმვა, ეს აბსურდია.

მაგრამ ის, რომ მეტი მონაწილეობითობა უნდა იყოს, პარტიები უნდა ეცადონ, რომ პირდაპირი მნიშვნელობის დემოკრატიის ფორმები გამოიყენონ, ამის საშუალება ტექნოლოგიურად არსებობს. უნდა ეცადონ, რომ გავლენა მოიპოვონ სოციალურ ქსელებში. ვნახოთ სოციალურ ქსელებში რომელ პარტიას აქვს მეტი გავლენა. იოლად აღმოაჩენთ, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს გავლენა, ნულია მათი გავლენა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პარტიები თამაშგარე მდგომარეობაში არიან და ძალიან ნაკლებ გავლენას ახდენენ იმ რეალურ პროცესზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარებს. სწორედ ეს არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი. ეს არა მარტო საქართველოშია, არამედ ყველგან ასეა, რადგან სხვა ეპოქაა.