„ქვეყანაში მეფობს პოლიტიკური ძალა, ის არის ყველგან, ყველა სტრუქტურაში, ხოლო მისი ლიდერი დუმს, როდესაც ქუჩებში უკვე ცეცხლის ალი ჩანს...“

„ქვეყანაში მეფობს პოლიტიკური ძალა, ის არის ყველგან, ყველა სტრუქტურაში, ხოლო მისი ლიდერი დუმს, როდესაც ქუჩებში უკვე ცეცხლის ალი ჩანს...“

პოლიტიკური პარტიების გაერთიანებულ აქციაზე შეიძლება ითქვას, ოფიციალურად დადასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევების შეწებების მცდელობა. გამომსვლელთა განცხადებებიდან ჩანდა, რომ გადაწყვეტილი აქვთ ხორავას ქუჩაზე დაღუპული მოზარდის მამის ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გადადგომა მოსთხოვონ - რა შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუკი პროცესს ააგორებს; რა აძლევს რწმენის საფუძველს, რომ ბოლომდე მიიყვანს ტალღას და ვადამდელი საპარლამენმტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში არჩევნებს მოიგებს; რა თამაშს თამაშობს ეს პოლიტიკური ძალა და რეალურად, ვის წისქვილზე ასხამს წყალს - ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ყოფილი ნაციონალი, გიორგი ვაშაძე მასშტაბურ აქციასანონსებს, თუკი პრემიერი მის მოთხოვნებს არ შეასრულებს. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ „შვილობილიპარტიები შესაძლებელია, ისევ ფერად რევოლუციას გეგმავდნენ?

- ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს, არცთუ უზარმაზარ ქვეყანაში დარეგისტრირებულია 240 პოლიტიკური პარტია, როგორ გგონიათ, რანაირი ერთობა შეიძლება შედგეს, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი მათგანის ხელმძღვანელთა მიერ უკვე დაანონსებულია საკუთარი ინტერესების შესახებ? ასე თუ ისე, ფაქტია, რომ ვერ განსხვავდა მიდგომები აქციებში მონაწილე ადამიანთა წარმოდგენებში. მხოლოდ სამი დღე გვეყო საკუთარი თავის დასარწმუნებლად, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესი იყო და არა პოლიტიკური - ბოლოს გამოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა.

რაც უნდა მოხდეს, და რასაკვირველია, ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით, მოწმენი გავხდებით, თუ როგორ დაესევიან ერთმანეთს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გუშინდლამდე თავმდაბლად ბრძანებდნენ, რომ არ მონაწილეობდნენ აქციის დაბადებასა და ზრდაში.

ხელისუფლება რომ შეიცვალა, მაშინვე ქვეყნდებოდა ნაციონალების რევოლუციური სცენარები, თუმცა მოგვიანებით ეს ყველაფერი შეწყდა, თუ არ გავითვალისწინებთ სააკაშვილის ბოლო მოწოდებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ამ ხელისუფლების წასვლა უნდა მიაყოლონ. ვიცით, რომ ნაციონალებს ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი, მაგრამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ამომრჩელის მიმხრობის შანსი აქვთ მათ? თავიანთი შიდა კვლევები მაინც რეალურ სურათს ხომ უჩვენებს და რას შეიძლება ეპოტინებოდნენ?

- მინიმალური შესაძლებლობაა, რომ საქართველოს მოსახლეობას წარსულში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს. რაც არ უნდა ეცადონ პროვოკატორები, რომ დღევანდელი ხელისუფლება ჩამოიქცეს, სწორედ მათი აქტიურობის გამო მოხდება გზააბნეული „მეოცნებეების“ მხარდაჭერა.

რომ არა ის ძალა, რომელიც ამოტივტივდა ასეთი აქციების მამა-მარჩენლად, საზოგადოება ერთსულოვანი იქნებოდა, განრიდებოდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ რაკი სულსწრაფი ვაიპოლიტიკოსების ოცნება გამჟღავნდა, თუ ჭკვიანურად მოიქცევიან, ისევ, ცხადია, გამყარდება, სწორედ „მეოცნებეთა“ ამომრჩევლის პოზიცია. ასეთი არჩევნები იქნება კიდევ ერთი სილა ყოფილი ხელისუფლების მიმართ.

ვა-ბანკზე რატომ მიდიან, საკუთრი თავის დასამარება სურთ?

- რევოლუციას სხვა წინაპირობები აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას სწორედ რევოლუციური მუხტი აწყობს - ნუ დაგვაბნევს, ის რაც დღეს ხდება და ნუ დავივიწყებთ, რომ გვყავს მეზობელი, ვისაც ყველაზე მეტად აწყობს ივლისის ნატოს სამიტამდე საქართველო წარმოჩინდეს ველურ ქვეყნად ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. კრემლი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ამ სამიტზე საქართველომ კრახი განიცადოს.

გასულ წლებში ძალიან ბევრს საუბრობდნენ, იმ ეჭვების შესახებ, რომნაციონალური მოძრაობისმიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მოგება ყოველთვის მიჰქონდა რუსეთს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებებით ქვეყნის ლიდერებს არა მხოლოდ მტრობა, პიროვნული მიუღებლობაც ჰქონდათ ერთმანეთის - დეტალებს არ გავიხსენებ, როდის, რა და როგორ წაგვართვა ამ წლებში რუსეთმა, მაგრამ თვლით, რომ მსგავსი ეჭვები დღესაც აქტუალურია?

- მოწმენი ვართ, რომ ბატონ სააკაშვილს უბრუნდება ძალა და ხედვა, რითაც მიმზიდველი იყო ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის - მისი უკანასკნელი გზავნილები საკმაოდ ნიჭიერად და არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ ის არ არის პროცესების დამკვირვებელი და მაღალი რანგის საქმიანობისთვის არის მზად.

საინტერესო ფოტო შემოგვთავაზა თუ დააკვირდით - „საქართველოს გაზაფხული“, სადაც ოსტატურად მიაბა რუსთაველზე მიმდინარე პროცესები ცოტა ხნის წინ ერევანში მიმდინარე პროცესს. თუმცა ინგლისური წარწერის არასწორი თარგმანი იყო შემოთავაზებული, რადგან საუბარი იყო „კავკასიის გაზაფხულზე“ - სრულიად ღიად არის დადასტურებული სურვილი, თბილისშიც განვითარდეს ერევნის მოვლენები.

ასე რომ, დროა, ხელისუფლება კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს - რა არის მათი რეალური ოცნება - საქართველო თუ - სავარძელი. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ფაქტობრივად, დამუნჯებული პარლამემნტი უნდა ეცადოს, განსხვავებით მათი პარტიის ახალი თავმჯდომარისგან, იყოს გულღია და სწორად განჭვრიტოს საკუთარი მომავალი - უნდა გააგრძელოს თუ არა მოღვაწეობა იმ მიმართულებით, რამაც ჩვენი საზოგადოების და ახალგაზრდობის პროტესტი გამოიწვია.

არაერთხელ მითქვამს, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაიმარჯვებს, თუ არასოდეს ეცდება, საჯარო თვითკრიტიკის რეჟიმში არსებობას. ახლა დაგვიანებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რაღაც შეიცვალოს, მაგრამ უბერდურებაა, როცა მთავრობა იქნება ეს, პარლამენტი თუ მართლმსაჯულების სისტემა, ელოდებიან გზავნილს ჩვენი მამა მარჩენალისგან.

ამიტომაც არ არის სხარტი პასუხი, ამიტომაც დუმს უმრავლესობა, და თუ გზავნილს არ მიიღებს, ალბათ, არჩევს, ასე დუმილში დაასრულოს თავისი პოლიტიკური კარიერა, ვიდრე გადაინაცვლოს სივრცეში, სადაც რეალურად გაირჩევა ვინ სად, როდის და რა დააშავა.

ძალიან ბევრს საუბრობდნენ, რომ კოაბიტაციამ მოიტანა ის შედეგი, რაც გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურებში - არ ვამბობ, რომ ამ ნიშნით, მაგრამ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით საკადრო პოლიტიკის გატარება თუნდაც ამ ეტაპზე, რამდენად ეფექტიანი იქნებოდა?

- ჯერ საკუთარი თავი იმაში უნდა დავარწმუნოთ, ხომ არ გვატყუებს ხელისუფლება - ამისთვის კარგი კატალიზატორი იქნებოდა, მმართველი პარტიის ლიდერს ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო, ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, მით უმეტეს, ნატოს სამიტის წინ ეს ქვეყანას წაადგებოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მოვიმკათ ის, რაც დავთესეთ - იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ ჩვენი ქვეყნის პროგრესული მომავლის მშენებლები, არ აღმოვჩნდეთ რუსული გავლენების ტყვეობაში.

ხელისუფლებაში პრორუსული ძალის არსებობაზე საუბრობთ?

- არა მხოლოდ ხელისუფლებაში, ე.წ. რუსული რბილი ძალა ჩვენს ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში არ არის. სამწუხაროდ, საკმარისზე მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ და რეალობაც ასეთია, რომ უამრავი ადამიანი ჩვენი მოქალაქეების სახით, მზად არის, პირადი კეთილდღეობისთვის ქვეყნის მომავალი დაამახინჯოს. ადრე თუ გვიან, ეს ყველაფერი მისხალ-მისხალ მოიძებნება, მაგრამ მანამდე არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო გამწვავდეს ჩვენს საზოგადოებაში დაპირისპირება და არა მხოლოდ სიტყვით.

არსებობს რუსული რბილი ძალის მიერ თბილისის ქუჩებში პროვოკაციის საფრთხე?

- სურვილიც აქვთ, - რესურსიც, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ამ რესურსს მონატრებული ათასობით მოქალაქე გვყავს. ამიტომ, მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა ვიყოთ ყველა იმ პროცესში ჩართვისგან, რომელიც ჩვენს მტერს აძლევს ხელს.

ვიხილე რა, რამდენჯერმე რუსულ სატელევიზიო არხებზე მსჯელობა პოლიტიკოსების მხრიდან, რომ „არ გვინდა ომი, რადგან შეგვიძლია, საქართველო ვიყიდოთ“, სამწუხაროდ ამ პროცესს უკვე ღიად ვაკვირდებით.

თქვენ ამბობთ, რომ რუსული კვალი იკითხება ყველა ქაოსურ სიტუაციაში, რომელიც კი ბოლო დროს შექმნილა საქართველოში?

- კრემლი ცაიტნოტშია - როგორმე ივლისამდე უნდა მიიღოს მისთვის სასურველი ფინალი, ვიდრე შედგება ნატოს სამიტი.

თუ ივანიშვილი გამოვა და ღიად დააფიქსირებს ჩრდილო-ატლანტიკურ კურსს, ეს რას მოგვიტანს?

- ნდობას გაზრდის, ერთიანობის განცდას შექმნის. ნახეთ, დღევანდელი უკმაყოფილების სცენარიც საკმაოდ საინტერესოა - ახალი არაფერი ყოფილა, სრულიად ბუნებრივი გაცხარება დაზარალებული ოჯახისა, მაგრამ ეს შეიძლება, გადაიზარდოს დიდ უკმაყოფილებაში ხელისუფლების მიმართ, თუკი მმართველი პარტიის ლიდერი დუმილს არ დაარღვევს.

წარმოიდგინეთ, ქვეყანაში მეფობს პოლიტიკური ძალა, ის არის ყველგან, ყველა სტრუქტურაში - ხოლო მისი ლიდერი დუმს, მაშინ, როდესაც ქუჩებში უკვე ცეცხლის ალი ჩანს...