"16 წლის შემდეგ ოჩამჩირეში შევიპარე"

საკუთარი ქალაქიდან 16 წლის წინათ გამოდევნილი, 25 წლის სოფიკო გოგოხია წარმოშობით ოჩამჩირელია. ბავშვის თვალით აღქმული, ხსოვნაში ჩარჩენილი სამკვიდრო დიდხანს უხმობდა თავისკენ სოფოს... გადაულახავ ბარიერთან შეჭიდება და ოცნების ასრულება კი ამ ზაფხულს შეძლო; თავისი პატარა გოგონათი ოჩამჩირეში შეიპარა და საკუთარ სახლს... მხოლოდ ჭიშკრიდან შეხედა: "მინდოდა, ღობეზე გადავმხტარიყავი და შუაგულ ეზოში, კოინდარზე მიწას ჩაკრულს მეყვირა: - ჩემია ეს სახლი-მეთქი!"

სოფიკო გოგოხია: - ოჩამჩირის პირველი საშუალო სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც აფხაზეთი დაგვატოვებინეს. პატარა ვიყავი და დანაკარგს ვერ აღვიქვამდი. ერთადერთი, რასაც ვგრძნობდი, ეს შიში იყო. ცამეტი თვის შიშისა და კანკალის შემდეგ უკან დარჩა ჩემი კოპწია, მზიანი ქალაქი, ლურჯი ზღვითა და მოალერსე ტალღებით. კერიიდან აყრილებმა ხიზნური ცხოვრება დავიწყეთ, რომელიც ომზე არანაკლებ მძიმე ასატანი იყო: ჯერ დედულეთი (წალენჯიხის რაიონი, სოფელი ლია), შემდეგ როსტოვი და ბოლოს - თბილისი. გლდანის მასივში ერთოთახიანი ბინა ვიყიდეთ, საკუთარი ჭერი გაგვიჩნდა და ამან ცოტათი წელში გაგვმართა.  გაკვეთილებზე თანატოლების პორტრეტებს ვხატავდი. ხატვა შემდეგ პროფესიად ავირჩიე. ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე. როდესაც მივხვდი, რაც დავკარგე, ზღვისა და მეხსიერებაში ჩარჩენილი ჩემი სახლის დახატვა დავაპირე, მაგრამ არაფერი გამომივიდა!..

ოჩამჩირიდან გამოდევნის შემდეგ ყველგან მის მსგავს ქალაქს დავეძებ. კენჭიც რომ ვნახო, ზღვის კენჭის მსგავსი, ბავშვობის მოგონებებს ამიშლის და ჩემს ლამაზ ქალაქში მაბრუნებს. ჩემს თაობას დაკარგულ თაობად მივიჩნევ, დაჩაგრულნი და ფრთებშეკვეცილნი ვართ მე და ჩემი თანატოლები. გლდანში, უშიშროების საერთო საცხოვრებლის ერთ პაწაწინა ოთახში ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან, ირაკლი კიკალიშვილთან და ხუთი წლის თეკლასთან ერთად. ასე მგონია, აფხაზეთში რომ ვცხოვრობდე, უკეთესად გავშლიდი ფრთებს, ბევრს ვიმუშავებდი და წარმატებებიც მექნებოდა. დაფანტულ-დათითოებულებს მომთაბარეობის წეს-ჩვევები ჩამოგვიყალიბდა: დავხეტიალებთ, საცხოვრებელ ადგილს ვიცვლით, ვეძებთ დაფანტულ ახლობლებს, მეზობლებს, თანატოლებს. 16 წლის წინ მიმოფანტულმა თანაკლასელებმა ინტერნეტით მოვძებნეთ ერთმანეთი. მათ შორის ზოგი რუსია, ქართულად ვერც წერს და ვერც ლაპარაკობს, მაგრამ მათი ცხოვრების ძირითადი მიზანი - აფხაზეთში დაბრუნებაა. მაგრამ მაინც... ძალიან შორია აფხაზეთამდე!

სწორედ ამ ბარიერად აღმართულ სიშორეს შევეჭიდე ამ ზაფხულს და ჩემი პატარა გოგონათი ოჩამჩირეში შევიპარე. როგორც კი პირობითი "საზღვარი" გადავლახე, შიში უმალ გაქრა, ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილი ჩემი ქალაქი, სამწუხაროდ, არ ჰგავდა დღევანდელ ოჩამჩირეს. დღევანდელი  - დამწვარ-გადაბუგული სახლებისაგან შემდგარი ნაქალაქარია, რომელიც თითქმის დაცლილა. ტყედ ქცეული ნასახლარებისგან უკვე კედლებიც აღარ ჩანს. ყველაზე მძიმე და ტკივილიანი საკუთარ სახლთან შეხვედრა აღმოჩნდა. ჭიშკარი ჯაჭვით იყო ახვეული. ღობეს დაყრდნობილი დიდხანს ვიდექი და თვალს ვერ ვაშორებდი სახლს, რომელსაც უკვე ხავსი ჰქონდა მოდებული და თითქოს დაბერებულიყო... როგორც მითხრეს, აფხაზმა აბშილავამ ჩემი სახლი ვიღაც რუსს მიჰყიდა, ამიტომ  შიგ შესვლა ამიკრძალეს, - ეს სახლი შენ აღარ გეკუთვნისო. თანმხლები აფხაზი ჩემს უსაფრთხოებაზე ხელს აიღებდა, თუკი ჭიშკარს ძალით შევაღებდი, მეზობლები მილიციაში დარეკავდნენ და "საზღვრის" უკანონოდ გადალახვისთვის დამაპატიმრებდნენ. სურვილი მომეძალა, ღობეზე გადავმხტარიყავი და შუაგულ ეზოში, კოინდარზე პირდაღმა დაცემულს მეყვირა: - ჩემია ეს სახლი, ეს მიწა და მთლიანად აფხაზეთიც-მეთქი, მაგრამ...

საღამოს აფხაზის ოჯახში სამძიმარზეც მივედით. პროტესტი იმით გამოვხატე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, თეკლასთან ქართულად ლაპარაკი არ შემიწყვეტია. ყველას უკვირდა, მაგრამ ვერაფერს მეუბნებოდნენ და "შეძულებულ" ენას კარგა ხანს ისმენდნენ. ვნახე წარმოუდგენელი სიღატაკე, სევდიანი, მოღუშული სახეები, ომით დაჩაჩანაკებული აფხაზი მოხუცები; ვნახე ხისგან გამოჩორკნილი ავტომატით მოთამაშე ბავშვები. უცვლელი თითქოს მხოლოდ ზღვა იყო! როგორც მითხრეს, დამსვენებლები საკურორტო სეზონში, ოჩამჩირეში არ ჩამოდიან, რადგან ნანგრევების გვერდით ჯერ კიდევ ომი დგას. ზღვა მშვიდი, მაგრამ მოწყენილი მეჩვენა. მას ადამიანის ხმა, ბავშვების ჟრიამული ენატრება, ანუ ის, რაც ომმა წაართვა.

გვიანობამდე დავყავით ოჩამჩირეში. ორ მეზობელ თანატოლთან გულწრფელად ვისაუბრე. მათ ჩვენ ნამდვილად ვენატრებით, ენატრებათ ომამდელი, მშვიდობიანი ოჩამჩირე, რომელიც თვითონაც დაკარგეს! არ უნდათ გაპარტახებულ ქალაქში ცხოვრება, რომლის გარშემო დღეს ტურები ყმუიან. არადა, ოჩამჩირე ხომ ერთ დროს შავიზღვისპირეთში გამორჩეულ, კოპწია ქალაქს წარმოადგენდა, იქ მცხოვრები ტრადიციული, მრავალეროვანი მოსახლეობით, ყველანი ერთად ვცხოვრობდით, სანამ "მესამე" არ ჩადგა ჩვენ შორის...

გულდამძიმებული მივადექი ილორის ტაძარს და უფალს შეწევნა ვთხოვე. ეკლესია მოსკოვში მცხოვრები ილორელი ქართველის გამოგზავნილი თანხით შეუკეთებიათ. ვნახე უძველესი ქართული წარწერები და ტაძრის შიგნით ნატყვიარი ადგილები, რომელზეც ფარდა ჩამოუფარებიათ, - მღვდელმსახურები მალავენ კაცთა ავად ნამოქმედარს. საკურთხეველში იყო დაბრძანებული მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი, რომლის ნახვის უფლება, მრევლს არა აქვს. ორი მოძმე ხალხის ტრაგედიის გამო წუხს და მდინარებს, ალბათ, ღვთისმშობელი!..

აფხაზეთიდან ისე გადმოვედით ენგურს გაღმა, სიტყვა ვერ დავძარი. ფესვებს მოწყვეტილი სხვა კუთხეში ფესვს ვერ გაიდგამ. ჩემი მშობლიური კუთხე აფხაზეთია და ჩემთვის სამშობლოც იქიდან იწყება.