რაკი კონსტიტუციითაა განსაზღვრული, იმთავითვე აშკარად ჩანდა, რომ პარლამენტის ქუთაისურ სამყოფელს პატარძლის ბედი არ ასცდებოდა (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ბედში“, ცხადია, ოდენ სხდომის ჩატარება იგულისხმება). არ ასცდებოდა და არც ასცდა, იმის მიუხედავადაც, რომ იმ შენობაში მომუშავე თანამშრომლებს წვიმაც აწუხებდათ და ტკაცა-ტკუცის უჩვეულო ხმებსაც უჩიოდნენ (მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისელებმა უკვე შეარქვეს პარლამენტის შენობას „უცხოპლანეტელთა ხომალდი“, ვფიქრობ, ტკაცა-ტკუცი, დიახაც რომ, ორგანულად ამშვენებს მიზანსცენას). უფრო მეტიც, გასული კვირის მიწურულს შეშფოთების ტალღა შენობაში დატრიალებულმა გაზის სუნმაც გაამძაფრა, თუმცა მშენებლებმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაამშვიდეს: შიდა ვენტილაციის მოწესრიგებისას, აი, ამ ვენტილაციამ გაზის სუნი დააყენაო. მათივე განმარტებით, ეს მხოლოდ სუნი იყო და გაზის გაჟონვასთან კავშირი არ ჰქონდა.
აქვს თუ არ აქვს, მაგალითად, ნაუმრავლესოელი და კვლავაც ხალხის რჩეული დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანას მხარს არ დაუჭერს. არდაჭერის ლოგიკა კი შემდეგნაირია: „ჩვენი მიზანია, საქართველოში პროვინციალიზმი დასრულდეს და ყველა რეგიონი განვითარდეს. არ დავუშვებთ იმას, რომ ეს ისტორიული პროცესი უკან დაბრუნდეს“.
შესაძლოა, იმიტომ, რომ ხალხს რჩეულად არასდროს ავურჩევივარ, ბუნებრივია, რომ ჩემი „იწრო“, დედაკაცური გონება უძლურია, ჩასწვდეს ღრმა არსს იმისას, თუ რატომ ნიშნავს 67 000 კვადრატულკილომეტრიან ქვეყანაში (ცნობისთვის: ამ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ანუ, იმაზე გაცილებით ნაკლებზე ვართ განფენილნი) რეგრესს პარლამენტის დედაქალაქში არსებობა, თუმცა, თუ რჩეულის ლოგიკით ვიმსჯელებთ (ჩვენი მიზანია, პროვინციალიზმი დასრულდეს და ყველა რეგიონი განვითარდესო) და, ზედაც დავამატებთ, რომ პროვინციალიზმის დასასრულად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქუთაისში პარლამენტის შენობის აგებას განიხილავს, ჩნდება ეჭვი, რომ ბ-ნ დარჩიაშვილს თანაგუნდელებთან ერთად განმაპროგრესირებულთა მანტიაც მოურგია!
ანუ, მითხარი, სად არის შენი პარლამენტი და გეტყვი, რამდენად პროგრესული ხარო!